მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდს "საქართველოს განვითარების ფონდი" დაერქმევა - ნათია თურნავა

61a49398b93e5
ინგა მურუსიძე
29.11.21 12:51
881
საქართველოს მთავრობა საპარტნიორო ფონდის რეფორმას იწყებს. განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას თქმით კი, უკვე დიდი ხანია რეფორმის სხვადასხვა მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა სწორედ საპარტნიორო ფონდთან ერთად და კანონპროექტიც მომზადებულია.

მინისტრის განცხადებითვე, კანონპროექტი ჯერ წარედგინება მთავრობას, ხოლო შემდეგ - პარლამენტს, რათა განიხილოს და დაამტკიცოს.

„კანონპროექტით, პირველ რიგში  ფონდის რებრენდინგი მოხდება და მას დაერქმევა „საქართველოს განვითარების ფონდი“. გარდა ამისა, იქნება სიახლეები ბევრი სხვა მიმართულებით. საპარტნიორო ფონდი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მიმართულებით, რომ ბიზნესს სჭირდება დაფინანსების სხვადასხვა დივერსიფიცირებული მექანიზმი და მათ შორის კაპიტალი, რომლის წყაროსაც წარმოადგენდა დღემდე საპარტნიორო ფონდი, თუმცა უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა შეიქმნას.

მიმდინარეობს მასშტაბური რეფორმა სახელმწიფო საწარმოების და ეს პირველ რიგში საპარტნიორო ფონდს შეეხება. შეიცვლება მენეჯმენტ-სტრუქტურები, იარსებებს დამოუკიდებელი, პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო. მთავრობის წევრების ნაცვლად იქნება დამოუკიდებელი პროფესიული ბორდი, ხოლო საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს დაევალება, რომ ფონდის ფინანსური აუდიტი და რესტრუქტურიზაციის გეგმა მომზადდეს, რომ საბოლოოდ, ის იყოს უფრო ძლიერი, თვითკმარი და მდგრადი ამ თვალსაზრისით. მოხდება პრაქტიკულად, ამ სტრუქტურის სრული განახლება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება იმას, რა იქნება რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყარო, როგორც ნათია თურნავას განმარტებიდან ირკვევა, ამ საკითხზე მთავრობა ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა.