20.აგვისტო .2019 14:00

საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება

views 160
უკან

ფულადი ჯილდოს მისაღებად, რომელსაც საპენსიო ასაკს მიღწეულ პედაგოგებს სახელმწიფო სთავაზობს, განაცხადების მიღების პირველი ეტაპი დღეს 24:00 საათზე სრულდება.

პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს: მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24:00 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიიღებენ ოქტომბრის დასაწყისში,  ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხოციელდება.

შეგახსენებთ: განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევნის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ.

ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

2019 წლის განმავლობაში, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

• თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
• თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა აცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
• თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი - ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ განაცხადოს 2019 წლის ბოლომდე.
• სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.
• ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე - დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა