მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო დანაზოგებს ძალიან კომპეტენტური ადამიანები მართავენ – სააგენტოს დირექტორი

61d9872d2527c
ანუკა ჯოხაძე
08.01.22 17:00
5060
საპენსიო სააგენტოს დირექტორი დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ნდობის ხარისხს ასახელებს. როგორც გიორგი დანელია bm.ge–სთან აცხადებს, რეალურად მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები კომპეტენტური ადამიანების ხელშია. 

“ნდობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოცულობითი გამოწვევაა, რომელიც საპენსიო სააგენტოს უდგას წინ. რამდენიმე კომპონენტს გამოვყოფდი: პირველი ეს არის ჩვენი სტრუქტურა. ხშირად ისმის ხოლმე კითხვა –  როგორ შეიძლება, სახელწმიფომ ეფექტურად მოახდინოს ინვესტირება. ამიტომ არსებობს ჩვენთან 2 საბჭო: ერთი სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც არის ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები და ასევე ამ საბჭოში შედის საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე. ასევე არსებობს მეორე საბჭო, იგივე საინვესტიციო ბორდი, რომელიც შედგება უცხოელი მოქმედი პროფესიონალებისგან, რომლებსაც კონკრეტულად საპენსიო ფონდების და რეფორმების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვთ. მაგალითად ოლივიე რუსო, რომელიც არის საფრანგეთის საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

ძალიან მკაფიოდ არის გამიჯნული საინვესტიციო პასუხისმგებლობა და მართვა, რაც უკვე სამეთვალყურეო საბჭოს ნაწილია. ეს არის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც უნდა შექმნას ნდობა ბენეფიციარებისა ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ მათ ფულს მართავენ ძალიან კომპეტენტური ადამიანები”-აცხადებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემა ამოქმედდა. დღეს სახელმწიფო საპენსიო სისტემაში 1.2 მილიონი მოქალაქეა ჩართული. ამ დროისთვის კი საპენსიო ფონდში თითქმის 2 მლრდ ლარია დაგროვილი. მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების 100% დღეს ლარშია ნომინირებული. ამასთან, თანხის უდიდესი ნაწილი ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებშია განთავსებული.