მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდის მოცულობა რამდენიმე მილიონით შემცირდა - რატომ?

5ffc69cddbb32
შოთა ტყეშელაშვილი
11.01.21 19:13
4677
თუკი სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე შეამოწმებთ, ნახავთ, რომ სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირდა. 2020 წლის 31 დეკემბერს საპენსიო ფონდის ზომა 1,178,000,000 ლარი იყო, 1 იანვარს კი ფონდის მოცულობა 1,164,600,000 ლარამდე შემცირდა, რაც 13.4-მილიონიან შემცირებას წარმოადგენს.

დღეის მდგომარეობით კი საპენსიო ფონდის ზომა 1,173,000,000 ლარს შეადგენს, რაც მართალია პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით მეტია, თუმცა მაინც ნაკლებია იმაზე, რაც 2020 წლის 31 დეკემბერს იყო.

BMG-იმ საკითხის განმარტებისთვის საპენსიო სააგენტოს მიმართა, რომლის პრესსამსახურშიც გვითხრეს, რომ საპენსიო ფონდის მოცულობის შემცირება მათ მიერ 2020 წლის ბოლოს ფონდის ფინანსური მაჩვენებლების გადაანგარიშებას უკავშირდება. კერძოდ კი IFRS საბუღალტრო მეთოდოლოგიით შეფასდა ფონდის აქტივები, მათ შორის მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული საპროცენტო სარეგებელი. კლება სწორედ დარიცხული სარგებლის განახლებულ შეფასებას უკავშირდება.

“2020 წლის ბოლოს საინვესტიციო საბჭომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე, საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით, დააზუსტა შენატანებზე დარიცხული სარგებლის შეფასების მეთოდოლოგია. შედეგად, თანხა ფონდში უცვლელად შენარჩუნდა, მოხდა მხოლოდ მისი ღირებულების დაზუსტება. ეს ინფორმაცია პროაქტიკულად, განცხადების სახით გამოქვეყნდა 31 დეკემბერს საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე pensions.ge-ზე და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით პერსონალურ მეილებზე დაეგზავნა მედიის წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ მხოლოდ დარიცხული სარგებლის ერთჯერადი დაზუსტება/კორექტირება არ ცვლის არც მოქალაქეების მიერ ინვესტიციებიდან სამომავლოდ მისაღებ სარგებელს და არც მათ შენატანებს საპენსიო ფონდში. ის მხოლოდ ემსახურება საინვესტიციო პერიოდის განმავლობაში ინვესტიციების მიმდინარე ღირებულების მაქსიმალური სიზუსტით შეფასებას საბუღალტრო მიზნებისთვის,”- ნათქვამია სააგენტოს განმარტებაში.

საპენსიო რეფორმის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგებს 100 მილიონ ლარამდე მოცულობის საპროცენტო სარგებელი დაერიცხა. საპენსიო სააგენტოს თანახმად, მოქალაქეთა დანაზოგებს საშუალოდ 10.9%-იანი სარგებელი ერიცხება.

საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვარში ამოქმედდა, მასში ჯამურად 1.1 მილიონი მოქალაქე არის ჩართული, რომელთა ყოველთვიური ხელფასის 6% (2% საშემოსავლო გადასახადიდან; 2% დასაქმებულისგან; 2% დამსაქმებლისგან) საპენსიო ფონდში ირიცხება.