მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდში 1.1 მილიარდია - მიეცემათ თუ არა მოქალაქეებს დანაზოგის გატანის უფლება?

5fbfba9735ff1
თელარა გელანტია
26.11.20 18:35
6718
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივებმა 1.1 მილიარდ ლარს მიაღწია. საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, ეს თანხა 1 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენს. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, როცა მთავრობა 200 თუ 300 ლარიანი კომპენსაციით ეხმარება უმუშევრად დარჩენილებს, პერიოდულად ჩნდება კითხვა - ხომ არ მიეცემა მოქალაქეებს დანაზოგის გატანის უფლება?!

ბოლო დღეების განმავლობაში BMG-იმ მსგავსი შინაარსის არაერთი წერილი მიიღო - მოქალაქეები დანაზოგების გატანის შესაძლებლობას ითხოვენ, ამიტომ ამ თემაზე კითხვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას დავუსვით. ეს უკანასკნელი საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც არის.


“არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა“ - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა bm.ge-ის შეკითხვას. მისი თქმით, საპენსიო რეფორმა არის ბევრად გრძელვადიანი, ხოლო პანდემია შედარებით მოკლევადიანი პრობლემაა, ამიტომ covid-19-სგან გამოწვეული პრობლემების დასაძლევად მოქალაქეების მიერ საპენსიო სქემაში აკუმულირებული თანხები არ უნდა გაიხარჯოს.

“საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი საბაზისო რეფორმა; მას არ უნდა მივაყენოთ ჩრდილი და არ გავაკეთოთ მისი დისკრედიტაცია რა პრობლემაც არ უნდა უნდა დაგვიდგეს. ეს არ არის მოკლევადიანი პრობლემის გადასაწყვეტი საკითხი, ხოლო პანდემია შედარებით მოკლევადიანია. დავესესხებით ჯანმოს თავმჯდომარეს - “გვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე” - ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც მიიღებს ვაქცინას... რა თქმა უნდა, პრობლემა დიდია, თუმცა, არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა”, - აცხადებს ნათია თურნავა.

რაც შეეხება სოციალური დაცვის მინისტრის პოზიციას, bm.ge-ის კითხვაზე - ჰქონდა თუ არა ადგილი მთავრობაში საპენსიო სქემის გახსნაზე მსჯელობას, ეკატერინე ტიკარაძემ გვიპასუხა, რომ საპენსიო დანაზოგების გამოყენების საკითხი მთავრობამ ერთხელ განიხილა, მაგრამ მას შემდეგ, საკითხი მეორედ აღარ წამოჭრილა.

„ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არის ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი რეფორმა; აქედან გამომდინარე ამ ეტაპისთვის ეს საკითხი განსახილველად მეორედ აღარ დაგვიყენებია, თუმცა საინტერესოა და რადგან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, ამ საკითხს დავაყენებთ და ამ თემაზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ: საქართველოს სახელმწიფო საპენსიო ფონდში აკუმულირებული 1.1 მილიარდი ლარის 70.8% - ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 27.8% კი სარგებლიან ანგარიშებში არის განთავსებული.

მიმდინარე წლის ოქტომბერში საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. დოკუმენტი მოსახლეობის მიერ საპენსიო შენატანების ინვესტირების პროცესს განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ფინანსური ინსტრუმენტი, რათა მასში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება იყოს შესაძლებელი.