მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო ფონდში არსებული თანხა 1.42 მილიარდ ლარს აჭარბებს

6092b1fee4e63
შოთა ტყეშელაშვილი
05.05.21 19:40
735
საპენსიო სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.42 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც დარიცხული სარგებელი 148.8 მილიონი ლარია. საპენსიო ფონდში ამჟამად 1,145,808 მოქალაქის საპენსიო დანაზოგი არის აკუმულირებული. ამასთან, ყოველთვიურად საპენსიო სქემის მონაწილეთა რაოდენობა 11,000-ზე მეტად იზრდება.

2020 წლიდან მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესი დაიწყო. ეს აქტივები ამჟამად სრულად ეროვნულ ვალუტაში არის განთავსებული. კერძოდ, 1.42 მილიარდი ლარის 62% ინვესტირებულია ქართული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში, 38% კი ქართული ბანკების ვადიან დეპოზიტებში არის განთავსებული. ამასთან, საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიით უკვე 800-მდე ადამიანმა ისარგებლა.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმიდან ირკვევა. მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ BMG-ის საპენსიო სააგენტოს დირექტორი გიორგი დანელია ესაუბრა, რომლის განცხადებითაც, ეს ცვლილებება ძირითადად პროცედურულ და ტექნიკურ ნაწილებს შეეხება და დაგროვებითი პენსიის სისტემაში შინაარსობრივად არაფერი იცვლება.

გიორგი დანელიას თქმით, მომზადებული კანონპროექტი არაერთი ასოციაციის, მათ შორის ბუღალტერთა ასოციაციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.

“ეს პაკეტი ძირითადად ეხება ტექნიკურ ცვლილებებს. ასევე დამაზუსტებელი ხასიათის ცვლილებებს. საპენსიო სააგენტო უკვე 2 წელია ფუნქციონირებს. ეს პერიოდი ჩვენ გამოვიყენეთ, რათა დაგვეხვეწა სერვისები, რომლითაც ჩვენი ბენეფიციარები სარებლობენ. ამასთანავე, ჩვენ საკმაოდ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა ბიზნესასოციაციასთან, მაგალითად, ახლახანს გვქონდა შეხვედრები ბუღალტერთა კავშირთან და მათგან საკმაოდ საინტერესო რეკომენდაციები მოვისიმინეთ თუ როგორ შეიძლება ჩვენი პროცესების საოპერაციო ნაწილის უფრო დახვეწა. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ტექნიკური ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს საქმიანობაში და ეს უნდა ავსახოთ ასევე კანონმდებლობაში, რომლითაც რეგულირდება ჩვენი საქმიანობა და სწორედ ამას ისახავს ეს ცვლილებები მიზნად. 

კანონის ყველა ის ნაწილი, რომელიც ეხება რისკის მართვას და საინვესტიციო პოლიტიკას რჩება უცვლელი,” - განაცხადა გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში გიორგი დანელიამ.