მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპენსიო გასაცემლები ბევრ ადამიანს ეხება, სატენდერო პირობების საჯარო განხილვა აუცილებლად უნდა შედგეს“ - ირაკლი ერაძე

617013f509f89
ინგა მურუსიძე
20.10.21 18:07
875
ფინანსისტ ირაკლი ერაძის ინფორმაციით, საპენსიო გასაცემლებზე ახალი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება დასრულდა და ახლა მნიშვნელოვანია, მისი გასაჯაროება და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად განხილვების გამართვა.

აღსანიშნია, რომ იგივე მოწოდებით „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაც“ გამოდის. ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილ მიმართვაში ორგანიზაცია დოკუმენტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
საქმე ის არის, დოკუმენტი, რომელზეც ფინანსისტები საუბრობენ, სპეციალურმა უწყებათშორისმა კომისიამ მოამზადა, რომელმაც მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. ახალი სატენდერო პირობების შესახებ ინფორმაცია ან რა მოდელზე მუშაობს კომისია, ჯერჯერობით, დაინტერესებული წრეებისთვის უცნობია.

„როგორც ვიცი, დოკუმენტი უკვე მზად არის, ხოლო საჯაროობას რაც შეეხება, ეს აუცილებელია მსგავსი დოკუმენტების შემთხვევაში. ეს ბევრად ნაკლებ საშუალებას მისცემს პოლიტიკოსებს, რომ მსგავს საკითხებზე მანიპულაციებით ისაუბროს. ვფიქრობ, ახლა გასაჯაროება აუცილებელია, თუმცა იმაში, რომ კომისიამ დამოუკიდებლად იმუშავა, პრობლემას ვერ ვხედავ. ალბათ სჯობს, თავიდანვე მის შედგენაში ყველა მხარე იყოს ჩართული, მაგრამ ეს აუცილებელია საბოლოო შედეგის დადგომამდე“, - განაცხადა ირაკლი ერაძემ bm.ge-სთან საუბარში და სატენდერო დოკუმენტაციის გასაჯაროების იმედი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

„ეს დოკუმენტი ძალიან ბევრ ადამიანს ეხება, პენსიონერებს, საფინანსო სექტორს და იმედი მაქვს, მისი საჯაროდ განხილვა მოხდება. ვფიქრობ, სატენდერო დოკუმენტაცია განსხვავებული და არსებულ რეალობას მორგებული იქნება“, - აღნიშნა ფინანსისტმა.

შეგახსენებთ: 2022 წლის ბოლოს საპენსიო გასაცემლის მიმართულებით სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის.