მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო გასაცემლების კონკურსში მონაწილეობა „ლიბერთი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს" სურთ – ვაშაძე

6206332b54f43
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.22 14:00
1049
საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტში კანონპროექტის ავტორები „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით, ცხადი გახდა, რომ სახელმწიფოს სესხის გაცემის ხარჯებს 15 მლნ ლარით ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს, ხოლო ახალ ტენდერში საპენსიო სესხის მაქსიმალურ განაკვეთად 26% განისაზღვრება. ახალი კონკურსი კი თავის მხრივ, თებერვლის ბოლოს უნდა გამოცხადდეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე ტენდერში მონაწილეობის სურვილს „ლიბერთი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ გამოთქვამენ. შეთანხმებული საკითხების გარდა, გიორგი ვაშაძემ მათ მიერ წარდგენილი ის საკითხიც დაასახელა, რომელზეც შეთახმება ვერ მოხერხდა.

„ჩვენ მივაღწიეთ და დავამტკიცეთ, რომ საპენსიო სესხის გაცილებით დაბალ პროცენტში გაცემა შესაძლებელი ყოფილა; მეორე - პენსიონერი პენსიის დარიგების ფულს აღარ გადაიხდის, ამის ფული უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ, ისევე როგორც ეს მთელ მსოფლიოში ხდება; მესამე - გამოცხადდება კონკურსი, სადაც მე ყველა ბანკს ვთხოვ, მიიღოს მასში მონაწილეობა და ვფიქრობ, სესხის პროცენტის მაქსიმუმი 26%-ია, მაგრამ ის კიდევ უფრო დაიწევს, რადგან კონკურენცია ამას შეძლებს.

რაზეც ვერ შევთანხმდით არის ის, რომ პენსიონერს საპენსიო ბანკის არჩევის თავისუფლება ჰქონოდა, რომ სურვილის შემთხვევაში სხვა ბანკში გადაეტანა პენსია. ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ვაშაძემ და დასძინა, რომ ძალიან მალე პენსიონერები სესხში 7-10%-ით ნაკლებს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, რომ "ლიბერთი ბანკსა" და სახელმწიფოს შორის დადებულ ხელშეკრულებას საპენსიო გასაცემლების დარიგებასთან დაკავშირებით ვადა გასდის, რის გამოც დღის წესრიგში დგას ახალი ტენდერის გამოცხადება.