მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო რეფორმის III სვეტი: რა შეღავათებს მიიღებთ კერძო ფონდებში ფულის დაზოგვით?

6348233bf0277
ელენე გოგბერაშვილი
13.10.22 22:30
968
ეკონომიკის სამინისტრომ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემების განვითარებისთვის ცვლილებები მოამზადა. „კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც უკვე განიხილა მთავრობამ, თავისუფლებას აძლევს დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს, ისევე როგორც სადაზღვევო კომპანიებს დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისათვის შექმნან კონკურენტუნარიანი საპენსიო პროდუქტი.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ჯერ პარლამენტში არ დარეგისტრირებულა, შესაბამისად დაინტერესებული მხარეების გარდა ჯერ ფართო საზოგადოებისთვის დოკუმენტი მხოლოდ პრინციპების დონეზე არის ცნობილი.

დღეს მესამე სვეტის პენსიების გავრცელება ქვეყანაში ძალიან დაბალია. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურში ამ დროისთვის 4 არასახელმწიფო საპენსიო სქემაა რეგისტრირებული, რომელთაგანაც 3 სქემის დამფუძნებელს წარმოადგენს სადაზღვევო ორგანიზაცია, ხოლო ერთი სქემა დაფუძნებულია არამზღვეველი იურიდიული პირის მიერ საკუთარი დასაქმებულებისათვის.




მიმდინარე წლის 6 თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ კერძო საპენსიო სქემებს 12 667 მონაწილე ჰყავთ. აქედან ყველაზე მეტი ხელშეკრულება "ჯიპიაი ჰოლდინგს" აქვს, თუმცა როგორც საპენსიო შენატანებით, ისე საინვესტიციო შემოსავლით პირველ ადგილზე "საქაერონავიგაციაა". მიმდინარე წლის 6 თვის მდგომარეობით, კერძო საპენსიო რეზერვები 30,5 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო ჯამურად ოთხივე საპენსიო სქემის საინვესტიციო შემოსავალი 1,3 მილიონ ლარს აღემატება.

დღეს ამ კერძო საპენსიო სქემებზე საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით კი მოქალაქეთა კერძო სქემებით დაინტერესების სტიმულირებისთვის სწორედ საგადასახადო სტიმულებია გათვალისწინებული. როგორც გავარკვიეთ, გარკვეული ზღვრების ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება როგორც დამსაქმებლის შენატანი, ისე გატანის დროს არ დაიბეგრება დასაქმებულის მიერ დაზოგილი თანხები.

„ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს საკანონმდებლო დონეზე რეგულირებას, თუ როგორი ტიპის აქტივებში შეიძლება მოხდეს ინვესტირება. კერძოდ საუბარია მაღალი რეპუტაციის მქონე კომერციულ ბანკებზე, ეს არის საჯარო შეთავაზებაზე დაშვებული ფასიანი ქაღალდები რეგულირებად ფინანსურ ბაზრებზე, ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო და ადგილობრივ მმართველობის ორგანოების მიერ გამოცემული ფინანსური ინსტიტუტები, რომელთა უკანაც გარანტორად სახელმწიფო დგას. როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთ სახელმწიფოებზეც არის საუბარი. სამომავლოდ კიდევ დამტკიცდება რა ტიპის ფინანსური ინსტრუმენტები შეიძლება იქნას გამოყენებული.

ვფიქრობთ, რომ საგადასახადო ნაწილი მოტივატორი იქნება თავად დამსაქმებლებისთვისაც, რადგან 6 000 ლარამდე წლის განმავლობაში საპენსიო შენატანი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, თუმცა აქ დაზუსტებას საჭიროებს რამდენად ეს შენატანი იქნება გათავისუფლებული დაგროვებითი საპენსიო შენატანისგან, რადგან ეს საკითხი ჯერჯერობით ღიაა და ამის პასუხი ცვლილებების ამ პაკეტში წარმოდგენილი არ არის.

გარდა ამისა თვითონ დასაქმებულებისთვის და თვითდასაქმებულებისთვისაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ შეუძლიათ დაბეგვრის გარეშე მიიღონ აკუმულირებული თანხის ერთჯერადი გატანის შემთხვევაში 25%, 75% კი წლის განმავლობაში 6 000 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს ნაწილი საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა და სიახლეა ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში“,-განმარტავს bm.ge-სთან თეონა კვიციანი, "ალდაგის" იურიდიული, ზარალების მართვის და სუბროგაციის დეპარტამენტის დირექტორი.

დღეს მოქმედი სახელმწიფო საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა და მონაწილეებს სქემიდან თანხის გამოტანა საპენსიო ასაკის მიღწევამდე და სხვა საგამონაკლისო წესების გარეშე აკრძალული აქვთ. ამ ე.წ მეორე სვეტის სქემისგან განსხვავებით, კერძო საპენსიო სქემაში (მესამე სვეტი) მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა ამ შემთხვევაშიც საპნესიო ასაკის მიღწევამდე და სხვა საგამონაკლისო შემთხვევების გარდა პირი საკუთარი დანაზოგის გამოტანას ვერ შეძლებს, თუმცა როგორც ეკონომიკის სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, ამ შემთხვევაშიც გარკვეული დაშვებები არსებობს.

„იმისთვის, რომ მე ვისარგებლო ბენეფიტებით საგადასახადოს ნაწილში, უნდა მივაღწიო ან საპენსიო ასაკს, ან უნდა დადგეს გარდაცვალება, შშმ პირის შემთხვევაშიც იგივე მოიაზრება და გარკვეული ცნებაც არის, რომ პენსიამდე 5 წლით ადრეც შეიძლება გაიტანო, ეს ყველა წესის მიხედვით. გატანისას სარგებლობ ასევე იმ ბენეფიტებით, რაც კანონით გაწერილია, თუმცა მეორე სვეტისგან განსხვავებით რადგან ეს ნებაყოფლობითია შეიძლება ამ ყველა წესის დარღვევითაც გავიტანო თანხა, თუმცაღა ამ შემთხვევაში ვკარგავ საგადასახადო ბენეფიტებს, რითაც ვსარგებლობდი“,-განმარტავს გიორგი გურგენიძე.

გიორგი გურგენიძემ ისიც გვითხრა, რომ თუ დღეს სავალდებულო საპენსიო სქემიდან დანაზოგის გადატანა პირს კერძო აქტივებში შეზღუდული აქვს, სამინისტრო მუშაობს ცვლილებებზე, 2025 წლიდან ეს შეზღუდვა მოიხსნას.

„კერძო ნებაყოფლობითი პენსია, რომელიც ამოქმედდება, ეს იქნება დამატებით დაგროვებითი პენსია, ანუ ყველა ის, ვინც დღეს დაგროვებით პენსიაში 2+2+2 პროცენტით კონტრიბუციებს ღებულობდა, მათ ეს შეუნარჩუნდება, გასვლის უფლება აქ არ არის, რომ აქ დაგროვილი საპენსიო აქტივები გადავიტანო სხვაზე, თუმცა მეორე სვეტის პენსიაში ვამუშავებთ, რომ დაახლოებით 2025 წლისთვის შესაძლებელი იყოს კერძო აქტივებში გადავიტანო ჩემი მეორე სვეტის პენსია. ანუ მეორე სვეტის დაგროვებით პენსიას თუ მართავს დღეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური, შესაძლებელი იქნება მივმართო ის დანაზოგები ან ნაწილი  კერძო აქტივების მმართველს“,-განმარტავს გურგენიძე.

არსანიშნია, რომ მას შემდეგ, რაც კერძო ნებაყოფლობით საპენსიო შენატანების შესახებ კანონს მიიღებენ, “მესამე სვეტის” პენსიის ბენეფიციარები საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღებენ როგორც სახელმწიფო საბაზისო პენსიას, ასევე სახელმწიფო დაგროვებით პენსიას და “მესამე სვეტის” ანუ კერძო-დაგროვებით პენსიას.