მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო პასუხისმგებლობის დაზღვევას ყიდულობს - რისგან იზღვევენ თავს?

5fe1be0a37aea
სალომე მეცხვარიშვილი
22.12.20 16:40
1124
საპენსიო სააგენტო საინვესტიციო საბჭოს წევრების პასუხისმგებლობის დაზღვევას ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 4 დეკემბერს გამოცხადდა და მისი ღირებულება 230 ათას ლარს შეადგენს.

სახელმწიფო ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა და  საპენსიო სააგენტოს ერთადერთი შეთავაზება კომპანია “ალდაგისგან” აქვს, რომელიც საინვესტიციო საბჭოს 4 წევრის პასუხისმგებლობის დაზღვევას საპენსიო სააგენტოს 217 ათას ლარად სთავაზობს.

კომპანია “ალდაგის” ინფორმაციით, დირექტორთა და ხელმძღვანელ პირთა (D&O) პასუხისმგებლობის დაზღვევა ფარავს დირექტორების და ხელმძღვანელი პირების (ამ შემთხვევაში საინვესტიციო საბჭოს წევრების) პასუხისმგებლობას, რომელიც დადგება, თუ ამ პირთა მხრიდან, ხელმძღვანელობითი მოვალეობების შესრულებისას,  ფინანსურად არამართლზომიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

“დაზღვევის ამ სახეობის მნიშვნელობა წლიდან წლამდე იზრდება და არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიებისათვის, მისი შეძენა სავალდებულოცაა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კომპანია, ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი, პასუხს აგებს კომპანიის სახელით მოქმედი ხელმძღვანელი პირების საქმიანობაზე, ხოლო დირექტორები/ხელმძღვანელი პირები კომპანიის წინაშე. ამ მოცემულობის გათვალისწინებით - იზრდება იმ სადაზღვევო ინსტრუმენტების მნიშვნელობაც, რომლებიც კომპანიას ფინანსური რისკებისგან დაიცავს. ერთი მხრივ, ეს პროდუქტი არის ხელმძღვანელთა დაზღვევა ფინანსური რისკებისგან და მეორე მხრივ, თავად კომპანიისთვის ის წარმოადგენს რისკის მართვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტსა და ერთგვარ ფინანსურ უზრუნველყოფას.

როგორც ზემოთ აღინიშნა, პროდუქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება აქციებსა და ფასიან ქაღალდებში განთავსების თაობაზე, შესაბამისად, ეს დაზღვევა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს იმ მოქალაქეების ინტერესების დაცვას, რომლებსაც თანხა საპენსიო ფონდში შეაქვთ”, - განუცხადეს bm.ge-ს ალდაგში.


რა ევალება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს?

საინვესტიციო საბჭოს წევრები პოლიტიკის დონეზე განსაზღვრავენ, სად უნდა ინვესტირდეს საპენსიო ფონდში მოსახლეობის მიერ შეგროვებული თანხები, რომელიც 21 დეკემბრისთვის მილიარდ 155 მილიონ ლარს შეადგენდა. საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხების ინვესტიციის პროცესს სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი წარმართავს, მას კი ზედამხედველობას საინვესტიციო საბჭო უწევს. მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უკვე მიღებულია, ამჟამად დაგროვებით საპენსიო სისტემაში მობლიზებული თანხების დიდი ნაწილი კვლავ საბანკო დეპოზიტებზეა განთავსებული.

ვინ არიან საინვესტიციო საბჭოს წევრები?

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრები პარლამენტმა 2019 წლის ივნისში დაამტკიცა. დღეისთვის საბჭო 4 წევრისგან შედგება, ესენი არიან: ოლივიე რუსო (საბჭოს თავმდჯომარე), ტიმო ვიჰერკენტა, ჟან-ფრედერიკ პოლსენი და მაიკლ რიდლი.

უფრო მეტი ინფორმაცია bm.ge-ს საპენსიო სააგენტოსგან აქვს გამოთხოვილი, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულები ფონდში ყოველთვიურად რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას ემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2%. 40 წლამდე პირებისთვის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი. დღეისთვის, სქემაში მილიონ 102 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული.