მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო პოლიტიკაზე განცხადებას ავრცელებს

5f02f17383868
BM.GE
06.07.20 15:46
1878
სახელმწიფიო საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო მოქალაქეთა მიერ დაზოგილი პენსიების ინვესტირების პროცესის შესახებ სპეციალურ განცხადებას აკეთებს. საბჭოს ინფორმაციით, ამჟამად საინვესტიციო პროცესის ფარგლებში თანხები მხოლოდ "ნაკლებად რისკიან" საინვესტიციო პორტფელში იდება. საბჭო აცხადებს, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, სისტემის ამოქმედებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში თანხმები მხოლოდ "ნაკლებრისკიან" პორტფელში ჩაიდება.

"საპენსიო სააგენტოში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა დანაზოგების ინვესტირება მიმდინარეობს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში. კანონი მოიაზრებს სამი ტიპის პორტფელში ინვესტიციებს: ნაკლებადრისკიან, საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებში. ამავდროულად, კანონი პირველი ხუთი წლის განმავლობაში უშვებს მხოლოდ ნაკლებადრისკიან პორტფელში ინვესტიციებს. ამჟამად საპენსიო დანაზოგები ინვესტირებულია ქართულ კომერციულ ბანკებში, მხოლოდ დაბალი რისკის მქონე ინსტრუმენტებში და ერიცხება ბაზარზე არსებული საუკეთესო შესაძლო სარგებელი. დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ, დღეის მდგომარეობით საპენსიო დანაზოგებს უკვე დარიცხული აქვს 60 მილიონ ლარამდე სარგებელი.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვრავს დამოუკიდებელი და პროფესიონალი წევრებით დაკომპლექტებული საინვესტიციო საბჭო, ხოლო საინვესტიციო საქმიანობას წარმართავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური. საინვესტიციო საბჭოს წევრები არიან ამ დარგის საერთაშორისოდ აღიარებული სპეციალისტები, რომლებიც წამყვან პოზიციებს იკავებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საპენსიო ფონდებში (ფინეთი, საფრანგეთი) და აქვთ უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტებში მუშაობის გამოცდილება. საპენსიო სააგენტოში ინვესტირების პროცესის ყველა ეტაპზე ხდება რისკების სიღრმისეული ანალიზი და რისკების მართვა შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს.

სრულყოფილი საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების შემდეგაც ინვესტიციები გაგრძელდება ისევ დაბალი რისკის მქონე პორტფელში, კაპიტალის ბაზრის ზოგიერთი დაბალრისკიანი ინსტრუმენტის გამოყენებით, „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. საპენსიო სააგენტოში არ განიხილება კერძო ინვესტიციები,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

საქართველოში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან 1 წლისა და 5 თვის შემდეგ, საპენსიო ფონდში მოქალაქეთა დანაზოგების ჯამურმა ოდენობამ 839 მილიონ ლარს ასცდა. სისტემის აქტიურ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონს შეადგენს, რაც მთლიანად საქართველოს მოსახლეობის 27%-ია.

სახელმწიფო საპენსიო სისტემა საკუთარი განცხადების საფუძველზე 165,713-მა ადამიანმა დატოვა. ეს კი ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 4.4%-ია.

კანონმდებლობის მიხედვით, სისტემიდან გასვლის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც რეფორმის ამოქმედების დროისთვის უკვე იყვნენ 40 წლის.

პროგრამაში მონაწილეობა სავალდებულოა იმ დასაქმებულებისთვის, რომელთა ასაკიც 40 წელზე ნაკლებია. შესაბამისად, ამ ადამიანების ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში მიიმართება.

იმის მიუხედავად, რომ საპენსიო აქტივების ინვესტირების პროცესი დაწყებულია, ჯერ-ჯერობით არ არის დამტკიცებული სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი.  არსებული მდგომარეობით, ამ დოკუმენტზე მუშაობა კვლავ გრძელდება და საპენსიო სააგენტო და ეროვნული ბანკი მისი საბოლოო ვერსიის მისაღებად მოლაპარაკებებს მართავენ.

მას შემდეგ, რაც კანონის ამოქმედებიდან 5 წელი გავა, მოქალაქეებს საპენსიო სისტემასთან მიმართებით კიდევ ერთი არჩევანის გაკეთების უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა. კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობები იქნება), აქედან გამომდინარე, განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელიც.

რა პრინციპით მიიღებენ მოქალაქეები დაზოგილ თანხებს:

კანონის მიხედვით, მოქალაქეეები თანხებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, საბაზისო პენსიასთან (დღეს 220 ლარი) ერთად მიიღებენ. თანხა მათ ერთიანად ან დადგენილი გრაფიკის მიხედვით გადაეცემათ. თუმცა, ერთიან გადახდასთან დაკავშირებით გარკვეული მინიმალური შეზღუდვაც იარსებებს, რადგან საპენსიო სააგენტო ადგენს (დაადგენს) იმ მინიმალური თანხის ოდენობას, რომლის მიღებაც ერთიანი გადახდით იქნება შესაძლებელი.

თუ მოქალაქე პენსიის დადგენილი გრაფიკით გატანას აირჩევს, საპენსიო სააგენტო მოქალაქის საპენსიო ასაკის მიღწევისას შეადგენს სპეციალურ კალენდარს, რომლითაც პენსიას გასცემს. დაზოგილი თანხა გაიყოფა საპენსიო ასაკში ყოფნის საშუალო მოსალოდნელ წლებზე.

ამასთანავე, სქემის მონაწილე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს საპენსიო ასაკის (კაცისთვის 65 წლის, ქალისთვის 60 წლის) მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თუ საპენსიო სისტემის მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს). საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდის არჩევის შემთხვევაში მისთვის გადასაცემი თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.