04.მარტი .2020 20:18

საპენსიო სააგენტო საინვესტიციო პოლიტიკის „გარდამავალ“ დოკუმენტზე განმარტებას აკეთებს

views 455
უკან

საპენსიო სააგენტოში ირწმუნებიან, რომ საპენსიო სააგენტოს ძირითადი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უკვე შემუშავებულია და კანონთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით გაგზავნილია საქართველოს ეროვნულ ბანკში.

საქმე იმაშია, რომ 2020 წლის 22 იანვარს, საქართველოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მალევე 2020 წლის თებერვალში, საპენსიო სააგენტომ 560 მილიონი ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში გადაიტანა.

თუმცა, როგორც ირკვევა, ეს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი მხოლოდ დროებითია და, სავარაუდოდ, ის მხოლოდ თანხის სადეპოზიტო სერტიფიკატებში გადატანისთვის დამტკიცდა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ თავად აღნიშნულ დოკუმენტში ძირითადად საუბარი სწორედ სადეპოზიტო სერტიფიკატებზეა.

აღნიშნულს bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად საპენსიო სააგენტოშიც ადასტურებენ.

„საინვესტიციო პროცესების დაჩქარების და საპენსიო აქტივებზე რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, საინვესტიციო საბჭომ, 2020 წლის იანვარში დაამტკიცა გარდამავალი ხასიათის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი მხოლოდ ფულადი სახსრებისთვის და მასთან გათანაბრებული ფინანსური ინსტრუმენტებისთვის.

აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომი იყო დამტკიცების დღიდან. დოკუმენტი განსაზღვრავს ინვესტიციების პროცესის მართვის ჩარჩო სტრუქტურას და რაოდენობრივ ლიმიტებს, რომელთა მიხედვითაც უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ახორციელებს ინვესტიციებს ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებში”, - აცხადებენ სააგენტოში.

ამასთანავე, ირკვევა, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს 2020 წლის 22 იანვრის სხდომაზე იმსჯელეს საბჭოს წევრის, დავით წიკლაურის ერთი თვის ვადით, მთავარ საინვესტიციო ოფიცრად დანიშვნის შესახებ, ხოლო 2020 წლის 24 იანვარს კი გაიმართა საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელსაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე ესწრებოდნენ.

ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დავით წიკლაური 2020 წლის 3 თებერვლიდან 3 მარტამდე ვადით დაინიშნა მთავარი საინვესტიციო ოფცირის მოვალეობის შემსრულებლად, რაც იმას ნიშნავს, რომუკვე დღეს - 4 მარტსწიკლაური საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას არ ასრულებს.

Bm.ge დაინტერესდა, რატომ ვერ შეირჩა ამ პერიოდის განმავლობაში საინვესტიციო ოფიცერი, სად და რამდენჯერ გამოცხადდა ოფიცრის შესარჩევი კონკურსი და ა.შ. ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს საპენსიო სააგენტოსგან ველოდებით.