მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტო ურჩი გადამხდელი კომპანიების დაჯარიმებას გეგმავს

633ace2da4254
შოთა ტყეშელაშვილი
03.10.22 15:52
1384
ის დამსაქმებლები, რომლებიც არასრულად უხდიან დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს, მაგრამ საპენსიო ფონდში არ რიცხავენ, შესაძლოა, დაჯარიმდნენ. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საპენსიო ფონდმა ამ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა. გიორგი დანელიას განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ ამ კომპანიებში დასაქმებულები პენსიისთვის სრულფასოვნად დაზოგვას შეძლებენ, რადგანაც ამჟამად ასეთი კომპანიების მიერ გადახდილ თანხებს საპროცენტო სარგებელი არ ერიცხება.

“აქტივები, რომლებსაც არ ერიცხება პროცენტი, არის ის თანხები, რომლებსაც დამსაქმებელი ჩვენს ნომინალურ ანგარიშებზე რიცხავს, მაგრამ დეკლარაციებს არ ავსებს, ანუ თვითონვე არ უთითებს ვისი ფული არის ეს.

შესაბამისად, ამ ფულს ჩვენ ვერ განვკარგავთ იმიტომ, რომ არ ვიცით სქემის რომელი მონაწილის საკუთრებაა, ეს არ არის იდენტიფიცირებული, ამიტომ ასეთი თანხები ჩვენს ანგარიშზე გროვდება. ჩვენ მომზადებული გვაქვს კანონში ცვლილებების პაკეტი, რომლის სამუშაო ვერსიაზე მუშაობაც წინა კვირაში დასრულდა შესაბამის სამინისტროებთან ერთად და ერთ-ერთი პუნქტი, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ სქემის მონაწილეებმა იყო, რომ ამ თანხაზე დაგვერიცხა საპროცენტო სარგებელი და ის საპროცენტო სარგებელი გამოგვეყენებინა დაფინანსების წყაროდ, თუმცა იურიდიულად საკმაოდ რთულია და კაზუსს იწვევს, ამიტომ ვერ ხერხდება ამის გამოყენება, ასე რომ, ეს თანხა კვლავ დარჩება.

თუმცა, რომ შემოვა ეს კანონი პარლამენტში თქვენც გაეცნობით და ნახავთ, რომ არის ინიციატივა, რომ შემოვიღოთ დაჯარიმების მექანიზმი, ანუ ის დამსაქმებლები, რომლებიც არასრულად უხდიან თავის დასაქმებულებს საპენსიო შენატანს, ან უქვითავენ დასაქმებულს ან ჩვენთან არ რიცხავენ და ასეთი საკმაოდ ბევრი ორგანიზაციაა და მათთვის პრევენციის მიზნით ჯარიმის პატარა ოდენობა განისაზღვროს“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.

სხდომაზე საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარეს არ გაუკეთებია განმარტება რამდენ ათას დასაქმებულზე იმოქმედებს ეს ცვლილება.

ამჟამად სახელმწიფო საპენსიო ფონდში განთავსებულია 2.66 მილიარდი ლარი, რაც 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს წარმოადგენ.