მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტომ $100 მილიონზე მეტი უცხოურ აქციებსა და ობლიგაციებში ჩადო

629f1487877cf
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.22 13:42
3646
საქართველოს საპენსიო სააგენტომ უცხოურ აქტივებში ინვესტიციები გაზარდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამ აქტივების წილი მთლიანი პორტფელის 13%-ს უკვე გადაცდა. შესაბამისად, ამჟამად ყველა მოქალაქის საპენსიო დანაზოგის ნაწილი უცხოურ საფონდო ბირჟასა და ობლიგაციებშია ინვესტირებული.

7 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს მართვაშია მოქალაქეთა 2.4 მილიარდი ლარის საპენსიო დანაზოგები. ამ თანხიდან 9% ინვესტირებულია “უცხოურ კორპორატიულ აქციებში” 4.34% კი - უცხოურ სამთავრობო ფასიან ქაღალდებში. ჯამურად, აქციებში ინვესტირებული თანხის მოცულობაა 216 მილიონი ლარი ანუ $72.7 მილიონი, ობლიგაციებში ჩადებული თანხა კი 104 მილიონი ანუ $35 მილიონი დოლარია. სულ ეს თანხა $107.6 მილიონი ანუ 320 მილიონი ლარია, რაც საპენსიო დანაზოგების პორტფელის 13.4%-ია.

გლობალური ინვესტიციის ფარგლებში თანხის დაბანდება MSCI World Index-ში მოხდა. საპენსიო სააგენტო ტრანზაქციებს JP Morgan Chase-ის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც საერთაშორისო ინვესტიციების მიმართულებით საპენსიო სააგენტოს მთავარი ბროკერ-დილერია. 

მოქალაქეთა 2.4-მილიარდიანი საპენსიო დანაზოგები ასე ნაწილდება:

• ქართული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატები - პორტფელის 62%, 1.48 მილიარდი ლარი;
• ქართული ბანკების სარგებლიანი ანგარიშები (დეპოზიტები) - პორტფელის 17.7%, 423.7 მილიონი ლარი;
• უცხოური კორპორატიული აქციები - პორტფელის 9%, 216 მილიონი ლარი;
• უცხოური სამთავრობო ობლიგაციები - პორტფელის 4.3%, 104 მილიონი ლარი;
• ქართული ბანკების სარგებლიანი ანგარიშები უცხოურ ვალუტაში - პორტფელის 2.9%, 69 მილიონი ლარი;
• საქართველოს სახაზინო ვალდებულებები - პორტფელის 2%, 48 მილიონი ლარი;
• ქართული ბანკების ვადიანი დეპოზიტები - პორტფელის 1.2%, 28.7 მილიონი ლარი.