მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტომ "თიბისი ლიზინგის" მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში განახორციელა ინვესტიცია

642c268ba75b4
BM.GE
04.04.23 17:29
870
საქართველოს საპენსიო სააგენტომ "თიბისი ლიზინგის" მიერ გამოშვებულ 80-მილიონიან ობლიგაციებში განახორციელა ინვესტიცია - ამის შესახებ BMG-სთან საუბარში საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააგენტოს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 8 მილიონ ლარს, ანუ ამ ობლიგაციის მთლიანი მოცულობის 10%-ს შეადგენს. 

ობლიგაციის ვადიანობა 3 წელს შეადგენს, ხოლო მისი განაკვეთი თბილისის ბანკთაშორის განაკვეთს პლუს 3 პროცენტია. 

"თიბისი ლიზინგის საკრედიტო რეიტინგი ყველაზე მაღალია საქართველოში მოქმედ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის და საერთაშორისო საკრედიტო სააგენტო Fitch-ის მიერ, BB- სტაბილური პერსპექტივითაა განსაზღვრული,"- ნათქვამია თიბისი ლიზინგის მიერ ემისიის დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

2022 წლის დეკემბერში საპენსიო სააგენტომ 3.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა კომპანია "ნიკორას" მიერ გამოშვებულ 35-მილიონიან ობლიგაციებშიც, რაც ფონდის მიერ ქართულ კორპორატიულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების პირველი შემთხვევა იყო. 

2023 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობა 3.2 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი - 60% ქართული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ჩადებული. პორტფელის 16% სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებშია განთავსებული, 12% საერთაშორისო კომპანიების აქციებში, 5% უცხოურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, 4.5% კი ბანკების სარგებლიან ანგარიშებზე დევს. 

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოში 1.2 მილიონი ადამიანის საპენსიო შენატანები არის დაცული.