მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის ვინაობა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი

5e54c38f3d2b7
ელენე გოგბერაშვილი
25.02.20 13:00
1245
საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორის ვინაობა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კატერინე მიქაბაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განაცხადა.

როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე სულ 120 განცხადება შევიდა. კანდიდატთა დოკუმენტაცია უკვე გადაეგზავნა სამეთვალყურეო საბჭოს, რომელშიც ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე შედიან.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვარაუდობს, რომ ბორდი საპენსიო სააგენტოს დირექტორს მაქსიმუმ მომავალ კვირაში შეარჩევს.

„საინვესტიციო ბორდის მიერ წარმოდგენილია კანდიდატურა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს ბორდმა და დაამტკიცოს. ჩატარდა კონკურსი და მიდინარეობს კანდიდატებზე ინფორმაციის გადარჩევა. ალბათ უახლოეს მომავალში ამ კონკურსის შედეგიც ცნობილი იქნება. მე ვვარაუდობ, რომ ამ კვირაში ან შემდეგ კვირაში“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორი 5 წლის ვადით ინიშნება. მისი ანაზღაურება 10 000-დან 15 000 ლარამდეა.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობა ოფიციალურად 16 იანვარს დატოვა. გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მან გასული წლის დეკემბერში მიიღო, შესაბამისად, მისი სურვილი სამეთვალყურეო საბჭომ დააკმაყოფილა.