მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევას კორონავირუსი უშლის ხელს

5e904031d3a7f
თელარა გელანტია
10.04.20 13:43
1043
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის საბოლოო ეტაპი კორონავირუსის გამო შეფერხდა.

ასე უპაუხა მინისტრმა bm.ge-ის შესაბამის კითხვას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

Bm.ge: როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ დატოვა ვადაზე ადრე პოსტი. რამდენიმე კვირის წინ საინვესტიციო საბჭოს წევრმა დავით წიკლაურმაც დატოვა საბჭო. როგორც საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, არ გიჩნდებათ გარკვეული კითხვები - რა ხდება საპენსიო სააგენტოში? ასევე, როდის შეარჩევთ საპენსიო სააგენტოს ახალ დირექტორს, რადგან როგორც ვიცით, 120 კანდიდატის განაცხადი იყო შესული.

„საპენსიო სააგენტო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიში. არსებობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (იგულისხმება გიორგი ჭიჭინაძე), რომელიც სრულყოფილად ახორციელებს თავის ფუნქციებს.

რაც შეეხება საინვესტიციო საბჭოს ყოფილ წევრს დავით წიკლაურს, ის არის კარგი პროფესიონალი და საკმაოდ დადებითი წვლილი შეიტანა საპენსიო სააგენტოს მუშაობაში და საპენსიო რეფორმის განხორციელებაში. მისი პროფესიონალიზმის დასტურია ის, რომ საკამოდ მაღალ თანამდებობაზე გადავიდა ერთ-ერთ კომერციული ბანკში და მინდა, წარმატება ვუსურვო.

ასევე გეტყვით, რომ ამ რამდენიმე ხნის წინ საპენსიო სააგენტოს საინვესტციო საბჭოსთან შეთანხმებით, რომელშიც შედიან მაღალი რანგის უცხოელი პროფესიონალები, დაინიშნა მთავარი საინვესტიციო ოფიცერი (გოგა მელიქიძე); ეს თანამდებობა მანამდე იყო ვაკანტური და ახლა საკმაოდ კარგი პროფესონალია იქ დანიშნული და მუშაობს.

რაც შეეხება საპენსიო სააგენტოს დირექტორის დანიშვნას, კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა. კვლავ მაღალი იყო ინტერესი. ბევრი განაცხადი შეირჩა. შემდეგი ეტაპი დაკავშირებულია გასაუბრებსთან, რაც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პირობებში არის რთული და არაა მიზანშეწონილი, რადგან ადამიანებს უნდა შევხვდეთ, უნდა მოვუსმინოთ და სჯობს, ეს გავაკეთოთ, მას შემდეგ, რაც ეპიდემია გადაივლის“.

შეგახსენებთ: ლევან სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა, ოფიციალური ვერსიით,  საკუთარ განცხადების საფუძველზე მიმდინარე წლის იანვარში დატოვა და საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა. კერძო სექტორში, კერძოდ, "ლიბერთი ბანკში" ფინანსური დირექტორის პოზიციაზე გადავიდა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ყოფილი წევრი დავით წიკლაური.

რომელ შვიდ ბანკში არის განთავსებული მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები?