მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსია მეორედ გამოცხადდა – ხელფასი 15 000 ლარამდეა

5f33c0a714b26
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 14:27
3535
საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა. შესაბამისი ვაკანსია hr.gov.ge-ზე გამოქვეყნდა. როგორც ვაკანსიის აღწერიდან ირკვევა, სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

დირექტორობის კანდიდატს ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ასევე, სასურველია კანდიდატს გააჩნდეს აქტივების მართვის გამოცდილება ან/და საპენსიო სქემების პრინციპების ცოდნა. გარდა ამისა, სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

ამასთან, ვაკანსიის განაცხადის მიხედვით, კანდიდატს მინიმალური განათლება ბაკალავრის ხარისხი უნდა ჰქონდეს და ინგლისური უნდა იცოდეს C2 დონეზე.

კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით. დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. საპენსიო აქტივების მართვასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო საბჭო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გასული წლის დეკემბერში ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია იანვარშიც გამოცხადდა, რა დროსაც სულ 120 განცხადება შევიდა. თუმცა, როგორც ჩანს, სასურველი კანდიდატი ამ დრომდე ვერ შეირჩა.