03.თებერვალი .2020 12:45

საპენსიო სააგენტოს დირექტორობა 120 ადამიანს სურს

views 1469
უკან

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსიაზე სულ 120 განცხადება შევიდა. პრეტენდენტების ვინაობა კონფიდენციალურია. განცხადებების მიღების ვადა  31 იანვარს ამოიწურა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10,000-დან 15,000 ლარამდეა. 

აღნიშნული პოსტი ვაკანტური მას შედეგ გახდა, რაც ლევან სურგულაძემ თანამდებობა თავისი ნებით დატოვა.

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან: ა) განაცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) გასაუბრება.

კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს დირექტორის აპარატი. კონკურსში გამარჯვებულია კანდიდატი, რომელიც მიიღებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

კონკურსის დასრულებისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები.
სამეთვალყურეო საბჭო დირექტორის თანამდებობაზე ნიშნავს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის დანიშვნაზე და კონკურსს აცხადებს განმეორებით.

ცნობისთვის: სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის მიზნით. დირექტორი საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში არ მონაწილეობს და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

გარდა ამისა, საპენსიო სააგენტოს დირექტორის უშუალო მოვალეობებს შორის შედის:

საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციონალური ჩამოყალიბების პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;

დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის და საპენსიო სააგენტოს დებულების შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება;

საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წესების (შინაგანაწესის) შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად;

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების რეგისტრირების, მართვისა და ადმინისტრირების წესების შემუშავება და წარდგენა სამეთვალყურეო საბჭოსთვის დასამტკიცებლად და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა