მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს დირექტორობის კონკურსში 120 განაცხადიდან უმრავლესობა არ აკმაყოფილებდა მოთხოვნას – განმარტება

5f354d3bf3a1f
თამთა ჯიჯავაძე
13.08.20 22:01
1032
საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე გამოცხადებულ პირველ კონკურსზე მიღებული 120 განაცხადიდან უმრავლესობა არ აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ მოთხოვნას, კერძოდ საფინანსო ინსტიტუტებში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიან გამოცდილებას, – ამის შესახებ bm.ge-ს საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა. პირველად კონკურსი იანვარში იყო გამოცხადებული, თუმცა, საბჭომ კანდიდატურა ვერ შეარჩია.

„გასაუბრება გაიმართა 4 კანდიდატთან და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ მიზეზის გამო, რომ პირველ კონკურსზე სამეთვალყურეო საბჭომ ვერ შეარჩია საჭირო კანდიდატი, კანონმდებლობის სრული დაცვით 10 აგვისტოს გამოცხადდა ახალი კონკურსი”, – განაცხადეს სააგენტოში.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ვაკანსია მეორედ გამოცხადდა – ხელფასი 15 000 ლარამდეა.

საპენსიო სააგენტოს ცნობით, „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დირექტორის შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დირექტორს თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან.

კანონის თანახმადვე, საკონკურსო განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს სულ მცირე 2 საინფორმაციო არხის მეშვეობით, არანაკლებ 10 კალენდარული დღის განმავლობაში. საპენსიო სააგენტოს დირექტორად შესაძლებელია დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნესსამართლის დარგში და უნდა ჰქონდეს ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება. საპენსიო სააგენტოს დირექტორად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად.

სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან: ა) განაცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) გასაუბრება. კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს დირექტორის აპარატი.

კონკურსში გამარჯვებულია კანდიდატი, რომელიც მიიღებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. კონკურსის დასრულებისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები.

„სამეთვალყურეო საბჭო დირექტორის თანამდებობაზე ნიშნავს საუკეთესო კანდიდატს, ან უარს აცხადებს კანდიდატის დანიშვნაზე და კონკურსს აცხადებს განმეორებით“, – განაცხადეს სააგენტოში.