09.დეკემბერი .2021 16:50

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში ცვლილებებია

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში ცვლილებებია
views 7710
უკან

სახელმწიფო საპენსიო სააგენტომ განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინა. დოკუმენტი მოსახლოების მიერ საპენსიო შენატანების ინვესტირების პროცესს განსაზღვრავს და ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებს თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ფინანსური ინსტრუმენტი, რათა მასში მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ინვესტირება იყოს შესაძლებელი.

განახლებულ ვერსიაში ცვლილებები ძირითადად "ბენჩმარკულ პორტფელს" შეეხო. ეს პორტფელი არის შემუშავებული იმისთვის, რათა საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ამონაგები შედარდეს ბენჩმარკულ მაჩვენებლებს, რომელთან შედარებისასაც ჩანს თუ რამდენად ეფექტიანად ახდენს ფონდი მოქალაქეთა აქტივების ინვესტირებას. საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ საინვესტიციო პოლიტიკის გადახედვა ყოველწლიურად მოხდება. 

"საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი გადაიხედა და განახლდა კანონით განსაზღვრული წესით, რომელიც ყოველწლიურ გადახედვას მოითხოვს. საინვესტიციო საბჭომ ჩაატარა აქტივების განთავსების სტრატეგიის ყოველწლიური ანალიზი და შედეგები ასახა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში. მთავარი ცვილება ეხება ბენჩმარკ პორტფელს: გაიზარდა უცხოური აქციების წილი 15%-დან 20%-მდე, ხოლო სახაზინო ობლიგაციების წილი შემცირდა 25%-დან 20%-მდე. დაზუსტდა და დაკორექტირდა აგრეთვე განთავსების ზოგიერთი ლიმიტი,"- განმარტავენ სააგენტოში. 

საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ძირითადი ნაწილი სხვადასხვა რისკიანობის აქტივების აღწერას ეხება. კანონის თანახმად, მას შემდეგ, რაც სისტემის ამოქმედებიდან 5 წელი გავა, მოქალაქეებს საპენსიო სისტემასთან მიმართებით არჩევანის გაკეთების უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა. კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობები იქნება), აქედან გამომდინარე, განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელი და რისკის დონე.

2023 წლამდე საპენსიო სისტემაში არსებული ყველა დანაზოგი ავტომატურად დაბალრისკიან პორტფელში არის ნომინირებული. სამივე რისკიანობის დონე ითვალისწინებს უცხოურ ვალუტაში ნომინირებულ აქტივებში ინვესტირების შესაძლებლობას. კერძოდ კი, საინვესტიციო დოკუმენტით რისკიანობის დონეები ასეთია:

ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი (სულ მცირე 5- წლიანი საინვესტიციო ჰორიზონტით):

● ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) - ლიმიტი 75%-მდე;
● სასესხო ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 100%-მდე;
● წილობრივი ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 20%-მდე;
● უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები - ლიმიტი 20%-მდე.

საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი (საინვესტიციო ჰორიზონტი ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელზე მეტი)

● ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) - ლიმიტი 50%-მდე;
● სასესხო ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 75%-მდე;
● წილობრივი ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 20%-დან 40%-მდე;
● სხვა აქტივები - 10%-მდე;
● უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები - 40%-მდე.

მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი (საინვესტიციო ჰორიზონტი საშუალორისკიან პორტფელზე მეტი)

● ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები) - ლიმიტი 25%-მდე;
● სასესხო ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 50%-მდე;
● წილობრივი ფასიანი ქაღალდები - ლიმიტი 40%-დან 60%-მდე;
● სხვა აქტუვები - 10%-მდე;
● უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები - 60%-მდე.

ამ დროისთვის სახელმწიფო საპენსიო სისტემაში 1.2 მილიონი მოქალაქე არის ჩართული. 9 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში უკვე 1.9 მილიარდი ლარი არის დაგროვილი. მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების 100% დღეს ლარში არის ნომინირებული. ამასთან თანხის უდიდესი ნაწილი ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის განთავსებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა