08.მაისი .2020 19:10

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ რიგით მერვე სხდომა გამართა

views 501
უკან

სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ 14 აპრილს რიგით მერვე სხდომა გამართა, ამის შესახებ სააგენტომ ოფიციალური განცხადება დღეს გამოაქვეყნა. დღესვე საჯარო გახდა ამ სხდომის დღის წესრიგიც. სხდომის ოქმის მიხედვით, შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა და მასზე საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს. 


"სხდომას საინვესტიციო საბჭოს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, ასევე საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ახლად დანიშნული უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. შესაბამისი საკითხების განხილვისას სხდომას ასევე ესწრებოდნენ უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე, მთავარი რისკის ოფიცერი და ტექნიკური დახმარების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციების, წარმომადგენლები, რომლების აქტიურ დახმარებას და კონსულტაციებს უწევენ საპენსიო სააგენტოს.

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ სხდომის მონაწილეებს წარუდგინა ანგარიში საპენსიო სააგენტოში მიმდინარე პროცესების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, სააგენტომ საწყის ეტაპზევე შეიმუშავა ბიზნესს უწყვეტობის რამდენიმე ეტაპიანი გეგმა და მარტივად გაუმკლავდა COVID-19 პანდემიის გამოწვევას, შესაბამისად საპენსიო სააგენტოს ყველა პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში. გრძელდება საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის გაუმჯობესება. გიორგი ჭიჭინაძემ დამსწრეებს აგრეთვე გააცნო მიმდინარე სტატისტიკა მონაწილეების, შენატანების და სქემაში ჩართული კომპანიების შესახებ. საინვესტიციო საბჭომ მოიწონა ანგარიში და იმედი გამოთქვა, რომ აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.

სხდომაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის განხილვას. საინვესტიციო სამსახურმა საბჭოს შესთავაზა დოკუმენტის პირველად ვერსიაში შესატანი ცვლილებები, ეროვნული ბანკის კომენტარების გათვალისწინებით. გადაწყდა, რომ უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და მისი მოადგილე, მთავარი რისკის ოფიცრის დახმარებით, შეიმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტის განახლებულ ვერსიას და საინვესტიციო საბჭოსთან გავლის შემდეგ წარუდგენენ ეროვნულ ბანკს.

უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა და მისმა მოადგილემ საბჭოს აგრეთვე წარუდგინეს ანგარიში საინვესტიციო პოზიციის შედეგების შესახებ და გააცნეს საბჭოს მათი ხედვები სამომავლო საინვესტიციო სტრატეგიაზე, რაც მონაწილეთა ინტერესებს და კეთილსაიმედო პრინციპების დაცვას ეფუძნება, საინვესტიციო და ლიკვიდურობის მიზნების გათვალისწინებით. საინვესტიციო საბჭომ მოიწონა ანგარიში და აღნიშნა, რომ მომავალში დიდი ყურადღება დაეთმობა აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავებას.

სხდომაზე იმსჯელეს სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის საკითხზე. საბჭომ აღნიშნა წინსვლა პროცესში და ხაზი გაუსვა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას, რის გამოც გადაწყდა ერთ-ერთ კანდიდატთან მემორანდუმის გაფორმება, რაც საფუძველი გახდება თანამშრომლობის კონკრეტულ პირობებზე შეთანხმების პროცესის სწრაფად წარმართვისთვის.

სხდომაზე აგრეთვე იმსჯელეს სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მიმდინარე ეკონომიკური გარემოს გამოწვევები, და საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურა.

საინვესტიციო საბჭოს მორიგი სხდომა 22-24 ივნისის პერიოდისთვის ჩაინიშნა. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია უფრო ადრე, მაისში გაიმართოს შედარებით მოკლე სხდომა მიმდინარე საკითხების გადასაწყვეტად.

საინვესტიციო საბჭოს მე-8 სხდომის ოქმი საპენსიო სააგენტოს საიტზე გამოქვეყნდა", - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, ამ სისტემაში სულ 63,881 კომპანია და 1,003,162 დასაქმებული არის ჩართული. ამასთან სისტემა 165,713-მა პირმა დატოვა (ადამიანები, ვინც რეფორმის ამოქმედების დროს უკვე იყვნენ 40 წლის). 


ჯამურად, საპენსიო სააგენტოს ფონდის ზომა 731 მილიონ ლარს შეადგენს და ყოველთვიურად ის დამატებით 45-50 მილიონი ლარით ივსება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა