მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ექს-წევრი დავით წიკლაური "ლიბერთიში" გადავიდა

5e8dff08127bf
თელარა გელანტია
08.04.20 20:38
1611
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ყოფილი წევრი „ლიბერთი ბანკის“ გუნდს შეუერთდა. დავით წიკლაური „ლიბერთიში“ ფინანსური დირექტორის პოზიციას დაიკავებს. ის ფლობს MBA-ს ხარისხს London Business School-იდან (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი). 

დავით წიკლაურმა საპენსიო სააგენტო 1 აპრილს დატოვა.

bm.ge-ისთან ინტერვიუში სახელმწიფო საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ყოფილმა წევრმა თანამდებობის დატოვების შესახებ ისაუბრა და მაშინ გვითხრა, რომ ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებდა. წიკლაური აღნიშნავდა, რომ მას კანონის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს წევრობის პარალელურად, სხვა თანამდებობის დაკავება არ ეკრძალება, თუმცა ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კითხვების თავიდან არიდების მიზნით, საჭიროდ ჩათვალა ამ გადაწყვეტილების მიღება.

„მე, იქ, სადაც მივდივარ, პარალელურად საინვესტიცო საბჭოს ბორდში ყოფნა არ მეკრძალება და რომ გაიგებთ, სადაც მივდივარ, თქვენც მიხვდებით, მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი აურზაური ტყდება ხოლმე, თუნდაც იივე დეპოზიტებზე რაც მოხდა, არიქა დაიკარგა ჩვენი ფულიო... რომ არ მოხდეს მსგავი რაღაცეები სამომავლოდ, ამას ჰქვია პოტენციური ინტერესთა კონფლიქტისგან თავის არიდება, ზუსტად მაგიტომაც მივდივარ…”, - ამბობდა ის.

აღსანიშნავია, რომ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედების მიუხედავად, მთელი გასული წლის განმავლობაში სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი არ ჰყოლია, 2020 წლის თებერვალში კი, სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ამ თანამდებობაზე ერთი თვის ვადით დავით წიკლაური დაამტკიცა, რომელმაც საპენსიო სააგენტოს აქტივების ინვესტირების პროცესი დაიწყო. შედეგად, 575 მილიონი ლარი ქართული კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განთავსდა.

საპენსიო სააგენტოდან bm.ge-ის მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საპენსიო აქტივები ვადიან დეპოზიტებსა და სადეპოზიტო სერტიფიკატებში შვიდ ბანკში გადანაწილდა, მათ შორისაა „ლიბერთი ბანკი“. დანაზოგები ინვესტირდა, ასევე, „თიბისი ბანკში“, „საქართველოს ბანკში“, „ბანკ ქართუში“, „ვითიბი ბანკში“, „ბაზის ბანკსა” და „ტერა ბანკში“, თუმცა რომელ ბანკში რამდენი მლნ განთავსდა, სააგენტო არ ასაჯაროებს.