მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოს სპეციალური დეპოზიტარი სავარაუდოდ, “საქართველოს ბანკი” იქნება

603e08c6978dc
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.21 13:41
1645
საპენსიო სააგენტო სპეციალიზებულ დეპოზიტარად “საქართველოს ბანკს” მას შემდეგ აირჩევს, რაც ეროვნული ბანკი მხარეებს შორის შეთანხმების პირობების პროექტს მოიწონებს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ სპეციალიზირებული დეპოზიტარის შესარჩევ კონკურსში საუკეთესო განაცხადად “საქართველოს ბანკის” მიერ წარდგენილი შეთავაზება გასული წლის დეკემბერში დაასახელა. ამჟამად, ხელშეკრულების გაფორმების პროცესი ეროვნული ბანკის ჩართულობით მიმდინარეობს.

დეკემბერში საინვესტიციო საბჭომ საკუთარ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მათი გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ სააგენტო ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკებებს სწორედ “საქართველოს ბანკთან” აწარმოებს.

სპეციალიზირებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი საპენსიო სააგენტომ 2020 წლის იანვარში გამოაცხადა, მას შემდეგ კი, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის თარიღი არაერთხელ გადავადდა.

სპეციალიზებული დეპოზიტარის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ფინანსური ინსტიტუტი იბრძოდა:

● “Central Depository of Armenia OJSC”
● “ საქართველოს ბანკი”
● “ თიბისი ბანკი”

საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ კონკურსში მხოლოდ იმ მონაწილეთა განაცხადების განხილვა მოხდა, რომელთან საქართველოში საბანკო საქმიანობის ლიცენზია აქვთ, შესაბამისად, სომხეთის ცენტრალური დეპოზიტარის განაცხადის განხილვა არ მომხდარა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულები ფონდში ყოველთვიურად რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას ემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2%. 40 წლამდე პირებისთვის სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი. დღეისთვის, სქემაში 1.1 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული. საპენსიო ფონდის ზომა კი, 1.28 მილიარდ ლარს შეადგენს.

"სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევა წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფასიან ქაღალდებში ინვესტირების აუცილებელ წინაპირობას. სპეციალიზებული დეპოზიტარის ძირითადი მოვალეობები იქნება ფასიანი ქაღალდების დეპონირება, საფენსიო აქტივების რეგულარული აღრიცხვა და ანგარიშგება,"- ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე.