27.მარტი .2020 12:37

საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჭყონიას პასუხობს - "რეფორმის დაკნინებას ვერ შევეგუებით"

საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჭყონიას პასუხობს -
views 1374
უკან

ნებისმიერი 2%-იანი მერკანტილური მოტივაციიდან გამომდინარე, საპენსიო რეფორმის დაკნინებას ვერასოდეს შევეგუებით, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან სურგულაძე facebook-ში თავის გვერდზე წერს.

სურგულაძე გამოეხმაურა საპენსიო ფონდში შენატანების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენ თემურ ჭყონიას მოსაზრებას, რომელიც მან Bm.ge-სთან ინტერვიუში გააჟღერა. ჭყონია რეფორმას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საპენსიო ფონდში ფულის შეტანა უნდა შეჩერდეს.

„დიახ, საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი მიზანი, "კეთილი სიბერის შექმნაა". ამ რეფორმას სხვა უმნიშვნელოვანესი მიზანიც აქვს, რომელიც ასევე სრულად გადაფარავს ამ "კორონავირუსის" და ყველა სხვა ვირუსის ჟამიანობას, თუნდაც ავბედითს - საუბარია ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების კეთილდღეობაზე და არა მარტო სიბერეში. თუ "კორონავირუსის გამო შეიძლება ვერ მოვესწროთ კეთილ სიბერეს" და ამ რეფორმის სხვა სიკეთეებს - ჩვენი შვილები, მათი შვილები, შვილთაშვილები და თაოებები - მოესწრებიან და დააფასებენ.

ჩვენ კი მშვიდად ვიქნებით, რომ ჩვენს ყოფას აზრი ჰქონდა - რომ თუნდაც ერთი, თანაც საყრდენი, აგური დავდეთ... "საპენსიო ფონდის მთელი მუღამი და დანიშნულება" არ არის მხოლოდ ის "რომ შეგროვდეს რაღაც ფული, რომელიც იმუშავებს შენი შენატანის მერე გასაორმაგებლად და გასასამმაგებლად".

ინფორმაციისთვის, ყველას პირადი შენატანი მომენტალურად ოთხმაგდება (დაახლოებით) და შემდგომ, გაოთხმაგებულს ერიცხება კარგი სარგებელი. "შენ თვითონ შეიტანო და უყურო" - ვერ არის არგუმენტი - შეიტანთ და ან გაოთხმაგდება 10-15 წელიწადში (თუ კარგად დათვლით) ან არა.... გვესმის, რომ ძალიან ბევრს, მათ შორის დამსახურებულ და პატივცემულ ბიზნესმენებსაც არ აქვთ სრული ინფორმაცია ამ უპრეცედენტო და ძალიან საჭირო რეფორმის სიკეთეების შესახებ.

გვესმის, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხარვეზია საპენსიო სააგენტოს მუშაობაში - ეს შევძელით მხოლოდ 1 წელიწადში. გვესმის ასევე, რომ არის მნიშვნელოვანი მიმდინარე ხარვეზები. მიუხედავად ამისა, ეს რეფორმა თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების კუთვნილებაა (!) და, ნებისმიერი 2%-იანი მერკანტილური მოტივაციიდან გამომდინარე ან/და რაოდენ პატივცემული ადამიანის აზრიც არ უნდა იყოს, რეფორმის ნებისმიერი ფორმით ხელყოფას ან/და დაკნინებას ვერასოდეს შევეგუებით“, - აცხადებს სურგულაძე.