12.აპრილი .2021 15:17

საპენსიო სესხების განაკვეთი 30%-ია, რაც საბაზრო განაკვეთია - „ლიბერთი ბანკის“ დირექტორი

საპენსიო სესხების განაკვეთი 30%-ია, რაც საბაზრო განაკვეთია - „ლიბერთი ბანკის“ დირექტორი
views 678
უკან

“ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი დღეს დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. პარლამენტში გამართულ მოსმენაზე საუბარი იყო ხანდაზმული მოქალაქეების მიერ ბანკიდან აღებული სესხების საპროცენტო განაკვეთების ზომაზე, რომელიც დეპუტატების გარკვეული ნაწილის შეფასებით, არაადეკვატურად მაღალია. 

“ლიბერთი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ დღეს ამ კრედიტების ეფექტური წლიური განაკვეთები საშუალოდ 30.65%-ს შეადგენს, რაც არც ძვირია და არც იაფი, არამედ “საბაზრო” განაკვეთია.

ვასილ ხოდელის თქმით, საშუალოდ საპენსიო სესხების მოცულობა 1000-დან 2000 ლარამდეა. ჩვეულებრივ საბანკო სისტემაში მსგავსი სესხების განაკვეთი 24%-დან 25%-მდეა, თუმცა ხანდაზმულთა შემთხვევაში კრედიტს ემატება სპეციალური დაზღვევის ღირებულებაც, რაც საპროცენტო განაკვეთში არის ასახული. ეს არის დაზღვევა იმისა, რომ ხანდაზმული კრედიტორის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ვალდებულების მომსახურება წყდება. ვასილ ხოდელის თქმით, თუკი 60 წლამდე მოსახლეობაში კრედიტორთა გარდაცვალების წილი არის 0.4%, 60 წელზე ხანდაზმულ მოსახლეობაში მათი სესხის დაფარვის პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების კოეფიციენტი არის 5.4%, რაც 60 წლამდე კრედიტორების გარდაცვალების წილს 14-ჯერ აღემატება, სწორედ ამის გამო ხანდაზმულთა სესხების განაკვეთი 30.65%-ია.

მაღალია თუ დაბალი განაკვეთი, ამას განსაზღვრავს ბაზარი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის საბაზრო განაკვეთი. ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთია 30.65% - ამაში შედის საკომისიოების ღირებულებაც, საშუალო ზომა ამ სესხების არის 1000-დან 2000 ლარამდე. დღეს ამ მოცულობის სესხებზე ყველა მომხმარებლისთვის ნომინალური საბაზრო განაკვეთი არის 24%-დან 25%-მდე.

ამ სესხის კომპონენტი არის დაზღვევა - დაზღვევა ნიშნავს იმას, რომ თუკი ადამიანი, რომელსაც ეს კრედიტი ჰქონდა აღებული, ღმერთმა დაიფაროს და ამ ცხოვრებიდან მიდის, ამ კრედიტის დაფარვის ვალდებულება მის მემკვიდრეებს არ აქვს.

ჩემი მონაცემით, გარდაცვალების კოეფიციენტი 60 წელს ზევით მოსახლეობაში არის 5.4%, 60 წელზე დაბლა სეგმენტში კი არის 0.4%. შესაბამისად, 14-ჯერ მეტია გარდაცვალების კოეფიციენტი 60+ ასაკში,” - განაცხადა ვასილ ხოდელმა.

საკითხის შესახებ პარლამენტში პარტია "მოქალაქეების" ინიციატივით გამართულ მოსმენაზე კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემაც. მისი თქმით, საპენსიო სესხები მთლიანი სამომხმარებლო სესხების მოცულობის, დაახლოებით, 1.1%-ია. სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში გატარებული საკანონმდებლო და რეგულაციური ცვლილებების შედეგად, ამ კატეგორიის სესხების განაკვეთები მცირდება.

“გადავხედოთ ე.წ. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთების დინამიკას:

2012-2013 წლებში იყო სესხები, რომლებიც 100%-დან 200%-მდე ეფექტური განაკვეთით გაიცემოდა;

2014 წელს სესხები გაიცემოდა 53%-იანი ეფექტური განაკვეთით, თუმცა გარკვეული სესხები - 80%-იანი ეფექტური განაკვეთის ფარგლებში;

2015 წელს საშუალოდ 50%-იანი ეფექტური განაკვეთით გაიცემოდა სესხები, რიგ შემთხვევებში 80%-ის ეფექტური განაკვეთით;

2016 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად იკლებს პორტფელზე საშუალო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; 2017 წლის ბოლოსთვის პორტფელზე საშუალოდ 49,6-დან 41,7%-მდე შემცირდა.

2018 წლის მაისიდან ბანკი იწყებს ისევ პროცენტის შემცირებას და 42 ეფექტურიდან 33 ეფექტურამდე მცირდება", - განმარტავს სებ-ის პრეზიდენტი.

ცნობისთვის: საქართველოში სოციალური გასაცმლების, მათ შორის შშმ პირების სოცდაუცველების და ასაკით პენსიონერების პენსიის გაცემა "ლიბერთი ბანკის" მიერ ხორციელდება, რაც ბანკსა და სახელმწიფოს შორის არსებული ხელშეკრულებით არის დარეგულირებული.