მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის სამართლიანობის 2 ფაქტი - ვასილ ხოდელის განმარტება

607ae6181afe9
ვიქტორია მღებრიშვილი
18.04.21 00:00
1030
„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი საპენსიო არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე 30.6%-იანი განაკვეთის სამართლიანობას ორი ფაქტით ასაბუთებს.

ვასილ ხოდელი მიიჩნევს, რომ „ლიბერთი ბანკი“ არა პროდუქტზე, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ ბანკად უნდა გადაიქცეს. მომხმარებელთა შორის კი უფროსი თაობის წამომადგენლები - საპენსიო ასაკის პირებიც არიან.

ცნობისთვის, 12 აპრილს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უფროსი თაობის დაკრედიტების წლიური ეფექტური განაკვეთი 30.65%-ია, რაც „საბაზრო“ განაკვეთია.

Forbes Talks-ში სტუმრობისას კი გიორგი ისაკაძის მიერ დასმულ კითხვაზე - რა ხდის აღნიშნულ 30.65%-იან განაკვეთს საბაზრო განაკვეთად, ვასილ ხოდელმა ასე უპასუხა:

„ჩემთვის საბაზრო და სამართლიანი საპროცენტო განაკვეთი ერთი და იგივეა. ჩვენი გადმოსახედიდან, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მივედით პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე. იმიტომ რომ არსებობს აღქმა იმისა, რომ არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არ არის სამართლიანი და ამის მიზეზი შეიძლება ამ სეგმენტის მომსახურებაზე "ლიბერთის" გარკვეული ექსკლუზიური უფლება ყოფილიყო.

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ორი ფაქტი მივიტანეთ: პირველი - იმავე მომხმარებელს (საპენსიო ასაკობრივი ჯგუფი), რომელიც ჩვენთან სესხით სარგებლობს, სხვადასხვა ბანკში 4-ჯერ მეტი ვალდებულება გააჩნია და ეს დაახლოებით 1.5 მლრდ ლარზე მეტია;
მეორე - არაუზრუნველყოფილ, ლარში გაცემულ 1000-დან 2000 ლარამდე ფარგლებში მცირე სამომხმარებლო სესხზე, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ, ეფექტური წლიური განაკვეთი 30%-ზე ზემოთაა. შესაბამისად ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ეს ფაქტი ასეა, მაშინ სამართლიანობასა და საბაზროობასთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს“, - განმარტა ვასილ ხოდელმა.

„ლიბერთი ბანკის“ მმართველმა აღნიშნა, რომ ბანკის მენეჯმენტს აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა გასულ წელს, მმართველობაში მოსვლის პერიოდიდან უნდოდა, თუმცა პანდემიის გამო ამის საშუალება არ მიეცათ.

რაც შეეხება იმას, მართებულია თუ არა სუბსიდირების დაწესება, იმისთვის, რომ საპენსიო სესხებზე საპროცენტო ტვირთვი შემსუბუქდეს, „ლიბერთი ბანკის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს გემოვნების საკითხია და თუ საბანკო პროდუქტების სუბსიდირების გზით, ანუ არასაბაზრო პირობებით შეთავაზება მოხდება, ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა გადასახადების გადამხდელებმა, ანუ მოქალაქეებმაც უნდა მიიღონ.

„საკმაოდ სენსიტიური საკითხია და აქ უკვე გემოვნებაზე მიმდინარეობს ლაპარაკი. საზოგადოება თუ ვთანხმდებით, რომ სამართლიანი ფასი საბაზრო ფასია, მაშინ კითხვები არ არსებობს. მაგრამ თუ საზოგადოებამ, მთავრობამ ჩათვალა, რომ რაღაცა ტიპის პროდუქტზე, არ აქვს მნიშვნელობა, ეს კრედიტი იქნება თუ სხვა პროდუქტი, ნებისმიერი სეგმენტის მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათები უნდა იყოს დაწესებული, ანუ არასაბაზრო ფასში უნდა მოხდეს მიწოდება, ეს ცალკე გადაწყვეტილების საგანია, რომელზეც პირადად მე არ მინდა კომენტარის გაკეთება. სუბსიდირების საკითხი ზოგადად ისეთი თემაა, რომელიც რაღაც დოზით, მათ შორის გადასახადების გადამხდელებმა უნდა გადავწყვიტოთ და ამის შესაბამისი ფორმატი, დარწმუნებული ვარ, მოიძებნება. კონკურენციას რაც შეეხება, ეს სწორედ ის ძალაა, რომელიც საბანკო საქმისა და ზოგადად ბიზნესის მამოძრავებელია“, - განმარტა ბანკის მმართველმა.