მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთს ბაზარი უნდა არეგულირებდეს, ზედმეტი ჩარევის გარეშე“

620621a131c3b
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.22 13:00
649
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის შეფასებით, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთს ბაზარი ზედმეტი ჩარევის გარეშე უნდა არეგულირებდეს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში, საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი კეპულაძის თქმით, მათი არასამთავრობო ორგანიზაცია საპენსიო სესხების საკითხზე შემდგარი კომისიის სხდომას პირველად ესწრება, ამიტომ მან არ იცის, საპროცენტო სესხის შემცირების რა მოდელებს განიხილავს მთავრობა. თუმცა „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ ცალსახად აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ საპენსიო სესხების სუბსიდირებას მხარს არ უჭერს.

„მე არ ვიცი ზუსტად რა მოდელებს განიხილავს მთავრობა საპენსიო სესხის შემცირებასთან დაკავშირებით. ზოგადად ეს მთავრობის პირდაპირი პრეროგატივა არც არის, ჩემი აზრით, საპროცენტო განაკვეთს სესხებზე უნდა არეგულირებდეს ბაზარი. კომერციული ბანკები ეროვნული ბანკისგან საკმაოდ მკაცრად რეგულირდებიან. ჩვენ სამოქალაქო კოდექსში გვაქვს ეფექტური პროცენტის ზედა ზღვარი 50%, შესაბამისად, ძალიან საინტერესოა, თუ რა შეთავაზებები იქნება, რაზეც ინფორმაცია შეხვედრის შემდეგ მექნება.

რაც შეეხება სუბსიდირების ნაწილს, მე პირადად ყველანაირი სუბსიდირების წინააღმდეგი ვარ - დაწყებული ყურძნის და ღვინის სუბსიდირებიდან, დასრულებული სესხების სუბსიდირებით. არც ის მომწონს, იპოთეკურ სესხებში პროცენტს ჩვენი გადასახადებიდან რომ აფინანსებენ და არც საპენსიო სესხების სუბსიდირებას ვემხრობი. პირველად ვესწრები სხდომას და არც ვიცი, ეს საკითხი განიხილება თუ არა. ზოგადად ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ იძლევიან დაპირებებს და ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომხმარებლების ინტერესები დაცული იყოს. საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, რაც შეეხება ეს უნდა იყოს საბაზრო განაკვეთი და ზედმეტი ჩარევა არც ერთი მხრიდან არ უნდა მოხდეს“, - განმარტა კეპულაძემ.

მისი თქმით, საპენსიო სესხების სისტემაში სხვა ბანკების ჩართვის საკითხში პრობლემას წარმოადგენს სხვა ბანკების ინფრასტრუქტურული მოუმზადებლობა.

„პრობლემა ის არის, რომ სხვა კომერციულ ბანკებს იმის ინფრასტრუქტურაც არ აქვთ, რომ ყველა პენსიონერს დროულად მისცენ სესხი, რადგან ძალიან ბევრი მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს და ამისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო“, - აღნიშნა „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ.