მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სისტემა თითქმის ყოველმა მესამემ დატოვა - სტატისტიკა და საქმიანობის შეჯამება

5e6768b06246d
ირაკლი მაკალათია
10.03.20 15:00
1705

2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო პროგრამა, რომელიც ცნობილია როგორც 2+2+2. სადაც; 2% - რომელსაც იხდის დასაქმებული; 2% - რომელსაც იხდის დამსაქმებელი, ხოლო 2% - რომელსაც იხდის სახელმწიფო, ოღონდ ამ შემთხვევაში: 24 000 ლარამდე წლიურ ხელფასს ან/და თვითდასაქმებიდან მიღებულ შემოსავალს სახელმწიფო ამატებს 2%-ს; 24 000 - 60 000 ლარამდე წლიურ ხელფასს სახელმწიფო ამატებს 1%-ს; 60 000 ლარს ზემოთ - წლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო არ დაამატებს თანხას.

პროგრამის მიხედვით ავტომატურად ჩაერთვნენ ის მოქალაქეები, რომელთაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის ჯერ არ ქონდა შესრულებული 40 წელი. პროგრამაში ასევე ჩაერთვნენ 40-დან 60 წლამდე დასაქმებული კაცები და 40-დან 55 წლამდე დასაქმებული ქალები, იმ განსხვავებით, რომ პროგრამაში 3 თვიანი სავალდებულო ყოფნის შემდეგ უფლება აქვთ დატოვონ სისტემა. თვითდასაქმებულებს, 60 წელზე უფროს მამაკაცებს და 55 წელზე უფროს ქალებს ნებაყოფლობით შეუძლიათ პროგრამაში გაწევრიანება.

საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა და ფონდში აკუმულირებული თანხა

2019 წლის ბოლოს საპენსიიო ფონდში სულ აკუმულირებული იყო 489,9 მილიონი ლარი, რომელზეც სარგებლის სახით ჯამურად დაირიცხა 16,9 მილიონი ლარი. ბოლო მონაცემებით, 9 მარტს ფონდში აკუმულირებული იყო 628 მილიონი ლარი, რომლის 100% გადანაწილებულია სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, ხალიკ ბანკ საქართველო, ლიბერთი, ვითიბი, ბაზისბანკი, სილქ როუდ ბანკი, პაშა ბანკი, ქართუ და ტერა ბანკი. გასული თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტომ საპენსიო ფონდიდან 575 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. 560 მილიონი ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსეს, ხოლო 15 მილიონი ლარი კი ვადიან დეპოზიტებზე.




2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული იყო 960 409 დასაქმებული.





დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის მაჩვენებლები

დაგროვებითი საპენსიო სქემიდან 2019 წლის ბოლოს სულ გასულია 164 096 დასაქმებული. მოგეხსენებათ პირველი 3 თვის განმავლობაში არ იყო შესაძლებელი საპენსიო სქემის დატოვება, რის გამოც, ამ თვეებში გასვლის მაჩვენებელი განულებულია. რაც შეეხება გასვლის კოეფიციენტს, ანუ ჯამურად აღრიცხულ დასაქმებულებში (სქემაში დარჩენილ დასაქმებულებს+სქემიდან გასულები) გასული დასაქმებულების წილი 14.6%-ს შეადგენდა.

გასვლის კოეფიციენტის სიდიდე გვიჩვენებს, თუ რამდენად არ სურს დასაქმებულებს სისტემაში დარჩენა. თუმცა მხოლოდ ამ მაჩვენებლით არ უნდა ვიმსჯელოთ, რადგან სქემაში დარჩენილ ყველა დასაქმებულს არ ჰქონდა უფლება საპენსიო სქემა დაეტოვებინა. ამიტომ, რეალურად რომ გავიგოთ გასვლის მაჩვენებელი, ამისათვის გასული დასაქმებულები უნდა გაიყოს იმ დასაქმებულებზე, ვისაც უფლება ჰქონდათ გასულიყვნენ სქემიდან. შესაბამისად ვიღებთ ასეთ სურათს, 2019 წლის ბოლოს სქემიდან გავიდა 164 096 ადამიანი, რომელთა ასაკი 40 წელს ზემოთაა, ანუ ის ადამიანები რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ გასულიყვნენ (ცხადია 40 წლამდე ასაკის დასაქმებულები სისტემიდან არ გასულა).

სქემაში გაწევრიანებული 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების რაოდენობამ შეადგინა 392 941, ანუ დასაქმებულები რომელთაც შეეძლოთ სქემის დატოვება. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანების ხვედრითმა წილმა, რომელთაც უფლება ჰქონდათ გასულიყვნენ სისტემიდან და გავიდნენ, შეადგინა 29,5%. (164 096/(164 096+392 941)*100). სისტემიდან გასვლის მაჩვენებელმა 29.5% შეადგინა ანუ სისტემა თითქმის ყოველმა მესამემ დატოვა, ვისაც ამის უფლება ჰქონდა.

საჯარო და კერძო სექტორების მიხედვით

2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მოქალაქეთა 76,8% კერძო სექტორშია დასაქმებული, ხოლო 23,2% საჯარო სექტორში. ასეთი თანაფარდობაც ლოგიკურია, რადგან კერძო სექტორში უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული ვიდრე საჯაროში, შესაბამისად კერძო სექტორიდანაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთო. დასაქმებულთა ასაკობრივი გადანაწილება თითქმის იდენტურია ორივე სექტორში.


რაც შეეხება გასვლის მაჩვენებელს, აქ რამდენიმე პრობლემა იკვეთება, ის თუ რამდენად იყო ყველა ინფორმირებული სქემიდან გასვლის შესახებ, სააგენტოს ვებ-გვერდის გარდა რამდენად სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღეს მოქალაქეებმა. ამასთან იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც სისტემის დატოვების უფლება გაუუქმდათ, რადგან დადგენილ ვადებში არ მიმართეს საგენტოს. პრობლემა იყო ის, რომ მოქალაქეებს გასვლის სურვილის შემთხვევაში სააგენტოსთვის უნდა მიემართათ განცხადებით და არა ელექტრონულად, რაც რასაკვირველია დამატებით დროისა და ენერგიის ხარჯვას მოითხოვდა.

საჯარო სექტორიდან გასვლის მაჩვენებელმა 30% შეადგინა, ხოლო კერძო სექტორიდან 29% (40 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეები, რომელთაც გასვლის უფლება ჰქონდათ).

ნებაყოფლობით გაწევრიანებულთა სტატისტიკა

გასვლის მაჩვენებლებთან ერთად საინტერესოა, რომ სისტემას ყავს ნებაყოფლობით გაწევრიანებული მოქალაქეები. 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით ნებაყოფლობით სულ 167 051 დასაქმებული გაწევრიანდა, რაც სისტემაში გაწევრიანებულთა 17,4%-ს შეადგენს. მოქალაქეებმა ნებაყოფლობით გაწევრიანება სისტემის ამოქმედების პირველივე თვიდან დაიწყეს.