09.ოქტომბერი .2019 13:05

საპენსიო სქემა 42 ათასზე მეტმა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულმა დატოვა

views 687
უკან

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 7 ოქტომბრისთვის დაგროვებით საპენსიო სქემაში სულ 899 113 პირი გაწევრიანდა, მაშინ როცა 2019 წლის 1 სექტემბრისთვის, კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებით სარგებლობა 329,388 მონაწილეს შეეძლო. ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მიერ დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის სადეპუტატო კითხვის საპასუხო წერილშია ნათქვამი. დეპუტატი, 1 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში ჩართულთა სტატისტიკით დაინტერესდა. 

დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა გაწევრიანებისა და სქემიდან გასვლის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ბოლო ორი თვის მონაცემებით, სქემიდან გასვლაზე მომართვიანობა 10-ჯერ და მეტით შემცირდა.

"2019 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ყოველდღიურად წევრიანდება საშუალოდ 615 ადამიანით მეტი, ვიდრე სქემიდან გადის. 2019 წლის 7 ოქტომბრის მდგომარეობით, სულ საპენსიო სქემის დატოვების უფლება აქვთ ან ჰქონდათ ჯამურად 335,691 მონაწილეს, საიდანაც 298,037 მონაწილეს ეს უფლება გაუუქმდა, კანონით გათვალისწინებული 2-თვიანი ვადის ამოწურვის გამო (მოიცავს სქემიდან გასულებს და სქემაში დარჩენილებს)", - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის სადეპუტატო კითხვის საპასუხო წერილში.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებული იყო 876 029 ადამიანი. ამავე პერიოდის მონაცემებით, საპენსიო სქემა დატოვა 159,312 მონაწილემ, საიდანაც სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 42 020, ხოლო კერძო სექტორში 117,292.