27.ნოემბერი .2019 20:00

„საქაერონავიგაციის“ თანამშრომელი EUROCONTROL-ის ორ მნიშვნელოვან პოზიციას ჩაიბარებს

views 183
უკან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის” შემოსავლების აღრიცხვისა და კონტროლის განყოფილების უფროსი თეონა ერქომაიშვილი 2019 წლის 27 ნოემბრიდან ევროპის სააერნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციის ორ მნიშვნელოვან პოზიციას გადმოიბარებს - EUROCONTROL-ის მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა გაფართოებული კომიტეტის 113-ე სხდომაზე თეონა ერქომაიშვილი გაფართოებული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის და მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2 წლის ვადით იქნა არჩეული.

ის თავმჯდომარეობის პერიოდში 10-ზე მეტ შეხვედრას გაუწევს ორგანიზებას.

აღნიშნული კომიტეტი EUROCONTROL-ის აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც სანავიგაციო მომსახურების მოსაკრებლის სისტემის ოპერირების ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი, ის ადგენს და ზედამხედველობს ტარიფების სქემას და შედგება EUROCONTROL-ის წევრი ქვეყნების საავიააციო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. რაც შეეხება მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სამუშაო ჯგუფს - ის შედგება გაფართოებული კომიტეტის წევრების, დამკვირვებლების და მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელების ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებისგან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის” გენერალური დირექტორის, გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, თეონა ერქომაიშვილის აღნიშნულ პოზიციებზე დანიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც „საქაერონავიგაციისთვის“, ასევე მთლიანად საქართველოსთვის, რომელიც EUROCONTROL-ის წევრი ქვეყანა 2014 წელს გახდა. მისი თქმით, „საქაერონავიგაციის“ თანამშრომლის ასეთ პოზიციაზე დანიშვნა ხელს შეუწყობს აღნიშნულ სისტემაში საქართველოს პოზიციის მეტად გამყარებას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო საავიაციო კუთხით, ასე წარმატებით არის ინტეგრირებული ევროპულ სტრუქტურებში. მინდა, დიდი წარმატება ვუსურვო თეონას, იმედი მაქვს, რომ ის გახსნის დიალოგს სააერნაოსნო სერვისის პროვაიდერებისთვის პრობლემურ საკითხებზე და თავის წვლილს შეიტანს აღნიშნული სისტემის გაუმჯობესებასა და დახვეწაში. აქვე მსურს დავამატო, რომ ჩვენ ევროპის ევროპის საავიაციო ორგანიზაციებში არაერთი თანამშრომელი გვყავს წარგზავნილი და ძალიან კარგი რეპუტაციით ვსარგებლობთ. სულ ცოტა ხნის წინ, „საქაერონავიგაციის“ საჰაერო სივრცის ორგანიზების განყოფილების უფროსი ევგენი თავაძე ICAO-ს ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის ოფისის მიერ ორგანიზებული საჰაერო მარშრუტების განვითარების მუდმივმოქმედი ჯგუფის თავმჯდომარედ 4 წლის ვადით აირჩიეს. ასე რომ, ევროპულ ოჯახში ჩვენ ვართ ძალიან კარგი კონტრიბუტორები და წარმატებული ორგანიზაცია, ამ მხრივ ქვეყანას საამაყო ნამდვილად აქვს” - აღნიშნა გოჩა მეზვრიშვილმა.

აღნიშნული პოზიციების დაკავება მომდევნო 2 წლის განმავლობაში დიდ გამოწვევებსა და შესაძლებლობებთან ერთად, უზარმაზარ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. თეონა ერქომაიშვილს, როგორც ექსპერტს, ენიჭება გაფართოებული კომიტეტის პრეზიდენტთან თანამშრომლობის, შეხვედრების წინასწარ შემუშავებული განრიგის მიყოლის, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ხელმძღვანელობის და დისკუსიის ეფექტიანად მართვის პასუხისმგებლობა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს არის დიდი შანსი, კიდევ უფრო მკვეთრად დაფიქსირდეს „საქაერონავიგაციის“ პოზიცია აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა