მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო - "ბედნიერი ერი" - ლუკა მიმინოშვილის ბლოგი

5fca43ea35ca0
ლუკა მიმინოშვილი
03.12.20 18:34
5412
ცხოვრება სწრაფად იცვლება და მნიშვნელოვანია რომ განვითარების ტემპებს არ ჩამოვრჩეთ, მაგრამ თუ წარსულმა ასეთი მოცემულობა მოიტანა და ძალიან უკან აღმოვჩნდით, მაშინ ისღა დაგვრჩენია ვაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე სხვა აკეთებს.

ასეა პიროვნებების, ოჯახების, კომპანიების და სახელმწიფოების შემთხვევაშიც.

ჩვენ გვაქვს სურვილები და მოთხოვნილებები. გვინდა რაღაც ვაკეთოთ, სადღაც ვიყოთ, რაღაცნაირად გამოვიყურებოდეთ, უბრალოდ სიცოცხლე გვინდა, რაც ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა. გვსურს ბუნებრივი უფლების დაცვა, ეს კი ბედნიერებისაკენ სწრაფვაა.

ადამიანის მოთხოვნილებების უზრუნველყოფა ფინანსებთან არის დაკავშირებული. ყოველდღიურობაში საკმაოდ ხშირად ჩნდება სურვილების, მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების პრობლემა.

შეიძლება ადამიანი ძალზე შრომისმოყვარე და კვალიფიციური იყოს, მაგრამ ისეთ სოციოკულტურულ რეალობაში აღმოჩნდეს, სადაც რაიმე იდეოლოგია ბატონობს და ნებისმიერ ქმედებას იდეოლოგიური ერთგულებით ზომავენ. ასეთ დროს შრომისმოყვარეობის, კომპეტენციისა და გამბედაობის გარდა იღბალიც მნიშვნელოვანია.

მონაკოში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ლუქსემბურგში, ფინეთსა თუ ისლანდიაში დაბადება იმთავითვე გარკვეულ უპირატესობას სძენს ადამიანს, ჩრდილოეთ კორეაში, ბულგარეთში, ავღანეთში, ნიგერიაში და რაღა შორს წავიდეთ - საქართველოში დაბადებულ მოქალაქეებთან შედარებით. ეს მხოლოდ კონკრეტული სუბიექტების წარმოდგენები არ არის ქვეყანათა შესახებ, ეს კვლევის შედეგებით გამყარებული სიტყვებია.

დღეს მსოფლიოში მრავალი კვლევა ტარდება, მათ შორის ერთ-ერთია „ბედნიერების კვლევა“. პირველი „მსოფლიო ბედნიერების ანგარიში“ 2012 წელს გამოქვეყნდა, კვლევის მეთოდოლოგიისა და საკვლევი მიმართულებების გამო კი პირველი წლიდანვე უდიდესი ყურადღება მიიქცია.

კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთა ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას ეხება, კვლევაში განხილულია ისეთი საკითხები როგორებიცაა:

1. მთლიანი შიდა პროდუქტის გადანაწილება ერთ მოსახლეზე
2. ქვეყანაში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და მისი დღევანდელი დონე
3. ჯანმრთელობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა


ამას ასევე ემატება მოსახლეობის ჯგუფების გამოკითხვა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან აფასებენ მათ კმაყოფილებას 0-დან 10-მდე სისტემით, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

1. უსაფრთხოება
2. საცხოვრებელი და სამუშაო გარემო
3. თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებაში
4. სოციალური მხარდაჭერა
5. სამსახური- სახლის ბალანსი

ზუსტად ეს გამოკითხვა და ფაქტორებზე დაკვირვება ავლენს წლის ყველაზე ბედნიერ ერს.

მოცემული კვლევის შესახებ ქართულ აუდიტორიას ბევრი არაფერი სმენია, მიზეზი მარტივია კვლევის შედეგებში საამაყო არაფერი გვაქვს, რადგან შედეგით ვერ ვამაყობთ მაშინ არც ვასაჯაროებთ. კვლევის შედეგებში ჩვენთვის გასახარს ვერაფერს ამოვიკითხავთ, მსოფლიოს უბედნიერეს ერთა ჩამონათვალში არც TOP 10-ში ვართ, არც TOP 30-ში და საერთოდაც 153 ქვეყნიან სიაში ასეულშიც კი ვერ მოვხვდით.

2012 წლიდან 2020 წლამდე იცვლებოდა აღნიშნულ რეიტინგში ქვეყანათა ადგილები, საქართველო პირველი კვლევის ჩატარებისას მალის, ბურკინა-ფასოსა და ჩადის შემდეგ ბოლოდან მეთერთმეტე ქვეყანა იყო, რიგით კი 156 ადგილიდან 146 ადგილს იკავებდა, ამ დროს ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან ყველა ჩვენზე წინ იყო:



დღეს 153 ქვეყნიდან 117 ადგილზე ვართ, მსოფლიოში ყველაზე უბედურ ქვეყანასთან გაცილებით უფრო ახლოს ვართ, ვიდრე მსოფლიოში ყველაზე ბედნიერთან, მეზობელ ქვეყანათაგან ყველა ინარჩუნებს ჩვენზე უკეთეს პოზიციებს.

დღეს ჩვენ მეზობელთა ადგილმდებარეობა შემდეგნაირად გამოიყურება:



როგორც ჩანს, იმაზე ბევრი გვაქვს სამუშაო ვიდრე წარმოგვედგინა.

მოწინავე ათი ქვყნის ჩამონათვალი შემდეგნაირია:

1. ფინეთი
2. დანია
3. შვეიცარია
4. ისლანდია
5. ნორვეგია
6. ნიდერლანდები
7. შვედეთი
8. ახალი ზელანდია
9. ავსტია
10. ლუქსემბურგი

საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ქვეყნებიდან ათეულის უცვლელი წევრები არიან: დანია, ნორვეგია, შვეიცარია, ნიდერლანდები, შვედეთი, ფინეთი და ისლანდია. კანადის ათეულიდან გამოთიშვა მხოლოდ 2020 წელს მოხდა, მსგავსი ერთ წლიანი ამოვარდნა აქვს ახალ ზელანდიასაც. ლუქსემბურგი კი აღნიშნულ „ბედნიერთა ათეულს“ მხოლოდ 2020 წელს შეუერთდა.

ახლა კი „ბედნიერების კვლევის“ პირველ სამ საკითხს განვიხილავ და საქართველოში ამ მიმართულებებით არსებულ სიტუაციას გაგაცნობთ:

მთლიანი შიდა პროდუქტის გადანაწილება ერთ მოსახლეზე

ქვეყნის სიმდიდრის დონის განსაზღვრისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიღებული მეთოდი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის დათვლა და მისი ერთ მოსახლეზე გადანაწილებაა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს მდგომარეობა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის, მისი ზრდის და ერთ მოსახლეზე გადანაწილების მიმართულებით შემდეგნაირია: საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2019 წლის ბოლოს 17.743 მილიარდი აშშ. დოლარია, ეს ევროპის კონტინენტზე ბოლოდან მეცხრე მაჩვენებელია. მეზობელ ქვეყნებთან შედარებისათვის, სომხეთის მაჩვენებელი 13.67 მილიარდი აშშ.დოლარია, აზერბაიჯანისა კი 48.04 მილიარდი აშშ.დოლარი.

ზრდის ტემპების შესადარებლად 1997 წლისათვის აღნიშნული მაჩვენებლები შემდეგნაირად გამოიყურებოდა:



სახარბიელო მდგომარეობა არც მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილების მიმართულებით გვაქვს (GDP PER CAPITA)

აქ რიცხვითი მნიშვნელობა - 4 769 აშშ. დოლარია, მაშინ როდესაც ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო მაჩვენებელი 24 696 აშშ. დოლარს შეადგენს. მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ერის, ფინეთის, შემთხვევაში მთლიანი შიდა პროდუქტის გადანაწილება ერთ მოსახლეზე 48 686 აშშ. დოლარია. ფინეთის მაჩვენებელი კი მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მშპ-ს ერთ მოსახლეზე გადანაწილების მიხედვით, მსოფლიოში რიგით მეთექვსმეტეა. მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში კი შემდეგი მონაცემები გვაქვს:




მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ზრდა ეკონომიკური ზრდის აღმნიშვნელია, საქართველოს შემთხვევაში ზრდის ტემპები საკმაოდ დაბალია, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა, მსოფლიოს საშუალო ზრდაზე დაბალი ტემპებით ხასიათდება. თვალსაჩინოებისათვის შეგვიძლია სხვადასხვა დროს არსებული მონაცემები მოვიყვანოთ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა საქართველოს შემთხვევაში ერთ მოსახლეზე 2003 წელს - 1010 აშშ. დოლარს, 2012 წელს - 4421 აშშ. დოლარს შეადგენდა.

გარდა ბოლო წლებში არსებული ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპებისა, ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური უთანასწორობის ფაქტორი, რაც საქართველოში გაცილებით მაღალია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

ეკონომიკური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, მდგრადი განვითარებისათვის ერთ-ერთი გადამწყვეტი მოვლენაა, რადგან აძლიერებს სოციალურ სამართლიანობას. ინკლუზიური ზრდა გულისხმობს მოსახლეობის საყოველთაო ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესში, რომლის შედეგიც საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს, ის ასევე ხელს უწყობს დასაქმების შესაძლებლობების ზრდასაც.
ეკონომიკური ზრდის ასაჩქარებლად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთების გარემო იყოს მაქსიმალურად მარტივი, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგებს ფართო მასებზე გადაანაწილებს.

გარდა ინლუზიური ზრდისა, ასევე მნიშვნელოვანია ავყვეთ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებსაც, დღევანდელი ეკონომიკა და მისი სტრუქტურა მუდმივ ცვლილებაშია. ასეთ პირობებში, მხოლოდ განათლებულ და კვალიფიციურ სამუშაო ძალას შეეძლება, მხარი აუბას უახლეს ტენდენციებს და ხელი შეუწყოს ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.

არსებული სურათის გათვალისწინებით, რომელიც საკმაოდ არასახარბიელოა მნიშვნელოვანია, ადამიანური რესურსის განვითარება და არსებული რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. სწორედ არსებული რესურსის ეფექტურად გამოყენება და განვითარება, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ეფექტური საჯარო მმართველობა შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკური ზრდის ტემპების აჩქარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების, ამასთან სიღარიბის შემცირების წინაპირობად.

ადამიანური კაპიტალის განვითარება დააჩქარებს ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების პროცესსაც.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა ასევე მნიშვნელოვანია საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული განვითარება სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისათვის, საინვესტიციო რესურსების მობილიზება და განვითარებული კაპიტალის ბაზარი.

განათლება

ამონარიდი საქართველოს კონსტიტუციიდან: 

1. "ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
3. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია."

განათლება განვითარების ფუნდამენტური ფაქტორია, მხოლოდ ძლიერი და სოციალურად სამართლიანი საგანმანათლებლო სისტემის პირობებშია შესაძლებელი ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პრობლემების გადაჭრა.

ბოლო ათი წლის განმავლობაში, საქართველოში განათლების მიმართულებით ჩატარებული კვლევების მიხედვით, სექტორში საგანგაშო მდგომარეობაა. საერთაშორისო კვლევათა მიხედვით (TIMSS, PIRLS, PISA) საქართველოში მოსწავლეთა აკადემიური შედეგები არასახარბიელოა. საგანმანათლებლო სისტემა დღემდე ვერ ახერხებს სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კურსდამთავრებულების მომზადებას, შედეგი კი ასე გამოიყურება:

• ახალგაზრდების უმუშევრობის ალბათობა 2-2.5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მათი მშობლების
• 15-დან 24 წლამდე ასაკის მოსახლეობაში ყოველი მეოთხე არც დასაქმებულია და არც სწავლობს

„მსოფლიო ბანკის“ ადამიანური კაპიტალის ინდექსის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების საფეხურს ბავშვები საშუალოდ 12.9 წელს უთმობენ, თუმცა სწავლის ხარისხის მიხედვით ისინი დაახლოებით 4.6 წელს კარგავენ. აღნიშნული კვლევის მიხედვით საქართველოში დღეს დაბადებული ბავშვი, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყანაში დაბადებული ბავშვის პროდუქტიულობის მხოლოდ 57%-ს მიაღწევს, ეს კი იმას ნიშნავს რომ პროდუქტიულობის 43% არარეალიზებადია.

დღიდან დამოუკიდებლობის მიღწევისა, საქართველოს სწრაფი განვითარების წინაპირობად კვალიფიციური ადამიანური რესურსის არსებობა სახელდება, ჩვენ გვჭირდება განათლებული და ისეთი უნარების მქონე მოქალაქეები, რომლებიც მოახერხებენ მიღებული ცოდნის ქვეყნისათვის საკეთილდღეო სიკეთეებში კონვერტაციას, შექმნიან პროდუქტს, მომსახურებას, შექმნიან ინოვაციურს ან სულაც საუკეთესო კოპიოს.

სახელმწიფო, ადამიანთა ცხოვრებაში, სავალდებულო საგანმანათლებლო დაწესებულების დახმარებით, ექვსი წლის ასაკიდან ერთვება, ამ საფეხურზე ქვეყანაში გვაქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლები, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბრობს დღევანდელი საჯარო სკოლის მსგავსებაზე საბჭოთა სკოლასთან, მოსწავლეთა ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობისა, თუ სხვა რიგი მიზეზების გამო, საჯარო სკოლას მაინც გაცილებით მეტი მსურველი ყავს, მას მოსწავლეთა 78% ირჩევს.

2010-2019 წლებში განათლების მიმართულებით არსებული სახელმწიფო დანახარჯები გასამმაგებულია, მოცულობა 1.8 მილიარდ ლარს აღწევს ეს მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 11.8%-ს შეადგენს, მიუხედავად ხარჯის ზრდისა სურათი მაინც არასახარბიელოა, დანახარჯების ფონზე სექტორის შემოსავლები ზოგადი განათლების მიმართულებით შემდეგნაირია: 2009-2019 წლებში 343 მლნ. ლარიდან 939 მლნ. ლარამდე გაიზარდა, საიდანაც საჯარო სკოლების შემოსავლის წილი 75.7% არის, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც რომ ამ პერიოდში 8.6%-ით გაიზარდა კერძო სექტორის შემოსავლის წილი და ის მთლიანი შემოსავლის 24.3 % შეადგენს.

2021 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტის პროექტში კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი 2020 წელთან შედარებით 264 მილიონით იზრდება, ჯამურად კი 1.8 მილიარდ ლარს შეადგენს.

გადანაწილება შემდეგნაირია:

• სკოლამდელი და ზოგადი განათლება - 1.03 მილიარდი ლარი (2020 წელთან შედარებით 22 მილიონი ლარით იზრდება)
• პროფესიული განათლება - 62.5 მილიონი (ზრდა 10 მილიონი ლარი)
• კულტურის ბიუჯეტი - 69.5 მილიონი ლარი
• სპორტის ბიუჯეტი - 122 მილიონი ლარი (მათ შორის ფეხბურთის განვითარების პროგრამის ხარჯი 37 მილიონი ლარი)

მიუხედავად შემოსავლების ზრდისა განათლების სისტემამ და მით უფრო ზოგადი განათლების საჯარო მიმართულებამ, ვერ მოახერხა, რომ დროს აყოლოდა და მოსწავლეთათვის დროის შესაფერისი უნარები მიეცა. სასკოლო სისტემა დღემდე დამახსოვრებაზე ორიენტირებულად რჩება, გაგებას კი დიდად არც არავინ ცდილობს.

სწავლების მეთოდიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მომხდენი მასწავლებელია, აქ კი შემდეგი სურათი გვაქვს, 61 წელს გადაცილებული მასწავლებელთა პროცენტული რაოდენობით საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა. ხშირ შემთხვევაში მათ 30-35 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვთ, ისინი ჩვევაში გამჯდარი ქცევებით ზრდიან თაობებს. აქ ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ მასწავლებელთა სიჭარბიდან გამომდინარე იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესიაა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მიმართულებით მუშახელის დეფიციტის საფრთხეს ქმნის. 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით განათლების სექტორში საშუალო ხელფასი 726 ლარია, რაც ქვეყანაში საშუალო ხელფასს 40%-ით ჩამორჩება.

მიუხედავად საჯარო სკოლებში არსებული არასახარბიელო სიტუაციისა მოსწავლეთა შედეგიანობით მათგან სამის გამორჩევა მაინც შეიძლება:

• სსიპ - ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა,
• სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა;
• სსიპ - ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა;

ამ სკოლების წარმატებები ნათლად ჩანს მათ მოსწავლეთა ადგილობრივ და საერთაშორისო ოლიმპიადებზე მიღწეულ შედეგებში, ისინი სასკოლო ეტაპზე ქვეყნის საუკეთესოდ წარმოჩენას ახერხებენ.

ზოგადი განათლების შემდეგ ჯერი პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზეა, პირველი საფეხურის მსგავსად აქაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხარისხიანი და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სისტემის ფორმირებას. პროფესიული განათლების მიმართულება საქართველოში არაპრესტიჟულია. მცირეა ამ მიმართულებით სახელმწიფოს დანახარჯებიც და ის მთლიანი განათლების ხარჯების 3.2%-ს შეადგენს. საქართველოში პროფესიულ პროგრამებზე ახალგაზრდების 6% ხოლო მოსწავლეთა 3% სწავლობს, ევროკავშირში კი ეს მაჩვენებელი მოსწავლეთა 48%-ს შეადგენს.

უმაღლესი განათლების მიმართულებით შემოსავლები 2009-2019 წლებში 251 მლნ. ლარიდან 691 მლნ. ლარამდე გაიზარდა. კერძო სექტორის ზრდა ზოგადი განათლების საფეხურის იდენტურად აქაც მნიშვნელოვანია ის 2009 წლის შემდეგ 10.3%-ით არის გაზრდილი და საერთო შემოსავლების 33.2%-ს შეადგენს. შემოსავლების ზრდას კი მომგებიანობის ზრდა მოყვა და 2009-2019 წლებში კერძო უმაღლესი განათლების მომგებიანობამ 11.5 მლნ. ლარიდან 43 მლნ. ლარამდე მოიმატა.

მიუხედავად არსებული დინამიკისა, უმაღლესი განათლება საქართველოში დასაქმების შანსს მაინც უმნიშვნელოდ ზრდის და სახელფასო დანამატსაც მცირედით აუმჯობესებს, მიზეზები კი შემდეგნაირია:

• ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ხდება საჭირო უნარების გამომუშავება; 
• დღეს ქვეყანაში მაღალი მოთხოვნაა დაბალი კვალიფიკაციის მქონე, დაბალანაზღაურებად პერსონალზე ამის პარალელურად
კი უმაღლესი განათლების მიმართულება ყოველწლიურად ჭარბი რაოდენობის კურსდამთავრებულებს აწვდის ეკონომიკას.

პოზიტიური ძვრები კერძო უმაღლესი განათლების მიმართულებით მომავალშიც მოსალოდნელია, ეს შედეგად უნდა მოყვეს შინამეურნეობების შემოსავლების ზრდასა და უფროსი ასაკობრივი ჯგუფებისა და უცხოელი სტუდენტების გაზრდილ მოთხოვნას. ქვეყანაში მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მათი რაოდენობაც მზარდია. მოთხოვნის ზრდა კი გამოწვეულია კერძო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა მიღწევებით, როგორც სამსახურეობრივი ასევე ბიზნეს მიმართულებებით.

როგორც ეკონომიკის, ასევე განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანია გამოსავლის ძიება. განათლების დონის ზრდა კი შესაძლებელია მასწავლებელთა ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებით, მასწავლებელთა განვითარების სქემების შექმნით, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდით ასევე უფროსი ასაკის სტუდენტების რაოდენობის ზრდით, საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვითა და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსოლიდაციით.

სახელმწიფო მუდმივ პრიორიტეტად განათლებას ასახელებს, თუმცა არსებული საბიუჯეტო დანახარჯების შემთხვევაში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტად, სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილის დაფარვა ხდება.
განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საჭიროა კერძო სექტორის სტიმულირება, საბიუჯეტო ხარჯებისათვის მიზნობრიობის სწორად განსაზღვრა, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და შესაბამის დროში განხორციელება, როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით.

საჭიროა სპეციალიზებული საჯარო სკოლები, რადგან როგორც ზემოთ დასახელებული სამი სკოლის მაგალითზე ჩანს, ბაზრისათვის საჭირო უნარების მიღების საშუალება, სწორედ ასეთი სკოლის კურსდამთავრებულებს აქვთ.

ჯანმრთელობა

საქართველოს კონსტიტუცია:

ჯანმრთელობის დაცვის უფლება
1. "მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე უზრუნველყოფილია კანონით.
2. სახელმწიფო აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულებას და სამედიცინო მომსახურების ხარისხს, არეგულირებს ფარმაცევტულ წარმოებას და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევას."

ჯანმრთელობა ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობაა, ამას კი ყოველდღიური ზრუნვა და შენარჩუნება სჭირდება. ყველა დროში ადამიანის ნომერ პირველი საზრუნავი ჯანმრთელობა იყო, ასეა დღესაც. როგორც განათლების ასევე ჯანმრთელობის ნაწილშიც სახელმწიფოს უდიდესი როლი ენიჭება.

სახელმწიფო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საქმიანობაა: ჯანმრთელობის მონიტორინგისათვის საჭირო სერვისების შექმნა, სანიტარული დაცვა და დაავადებათა კონტროლი; პერსონალური ჯანმრთელობის სერვისების დაფინანსება და მიწოდება, მათ შორის მედიცინის, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების მიწოდება სახელმწიფო საავადმყოფოებში და ჯანდაცვის განყოფილებებში;

გარემოს დაცვა, მათ შორის ადამიანის მიერ გარემოსდაცვითი და პროფესიული საფრთხისგან დაცვა; სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების რეგულირება სერთიფიკატის, ლიცენზირების და სხვა ფუნქციების მეშვეობით.

ამ მოვალეობათა შესასრულებლად ყველა ქვეყანას ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი აქვს დათმობილი, ჩვენს შემთვევაში ამ კეთილდღეობაზე მაფიქრალი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, რომელსაც, 2020 წლის პანდემიამდე არსებული ბიუჯეტის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტის მესამედზე მეტის დახარჯვა უწევდა. გარდა მთლიან ბიუჯეტში მისი წილისა ასევე მნიშვნელოვანია ზრდის მოცულობაც, 2020 წლის საარჩევნო წლისათვის მნიშვნელოვნად გაიზარდა სოციალური დანახარჯების მოცულობა, ზრდა 300 მლნ. ლარია, ხოლო უშუალოდ ჯანმრთელების დაცვისათვის არსებული დაფინანსებამ ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კვლავ იზრდება. ზრდის მოცულობა კი 48 მილიონი ლარია, რომლის შემდეგაც სამინისტროს დაფინანსება 5.56 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

აღნიშნული თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:

• სოციალური დაცვა - 3.84 მილიარდი ლარი (2020 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 370 მლნ. ლარით, რაც რამოდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული: პენსიის ზრდა, მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების ზრდა, პანდემიით დაზარალებულ პირებზე გასაცემი დახმარებები)
• ჯანდაცვის პროგრამები - 1.54 მილიარდი ლარი (წინა წელთან შედარებით გაზრდილია 182, 3 მლნ. ლარით)
• დევნილთა განსახლება - 72 მილიონი ლარი

გარდა ბიუჯეტის ზრდისა ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ხარჯვით ნაწილში მიმდინარე ცვლილებებიც. 2019 წლის 5 ნოემბერს გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება #520, რომლის მიზანიც 2013 წლის 21 თებერვლის დადგენილება #36-ში ცვლილებების შეტანა იყო. ცვლილებები კი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით კონკრეტული მომსახურებების ხარჯების შემცირებას გულისხმობდა, როგორც ამბოლატორიულ ასევე სტაციონარულ ნაწილში, რაც შეგვიძლია გადახარჯვის პოტენციურ რისკს დავაბრალოთ, თუმცა სახელმწიფოს როგორც „მზრუნველის“ როლის შეფასებისათვის საკმარისია ვთქვათ საქართველოს შემთხვევაში ჯანდაცვაზე არსებული დანახარჯი, ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებით. ეს თანხა 293.05 აშშ. დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი 1061.15 აშშ. დოლარია.

ამ მაჩვენებლის განხილვისას ფაქტიურად გვაქვს საშუალება შევაფასოთ განათლების დონის გავლენა ეკონომიკურ ინერტულობაზე, შემდეგ კი ეკონომიკური სიდუხჭირის გავლენა ადამიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ პროცესში კი მთავრობა ვერ ირგებს ამაჩქარებლის როლს, პირიქით ის პროცესების შემნელებლად გვევლინება.

მიუხედავად ერთ ადამიანზე არსებული მცირე დანახარჯისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ, უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რომლის შედეგადაც საკმაოდ გაუმჯობესებულია სისტემის ეფექტიანობის მაჩვენებელი. 2013 წლიდან დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 2017 წლის 1 მაისიდან კი მასში ცვლილებები შევიდა და დივერსიფიცირებული პაკეტები ამოქმედდა, რომელსაც შედარებით მოწყვლადი ჯგუფების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა უნდა მოეხდინა, შესაბამისად პროგრამიდან სრულად ჩაიხსნა ისეთი მოქალაქეების დაფინანსება, რომელთა წლიური შემოსავალიც 40 000 ლარს აღემატება.

ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება პოზიტიურ სურათს დაგვანახებდა, თუმცა არ გვქონდა საშუალება შეგვეფასებინა თუ რამდენად მდგრადი იყო სისტება შოკების მიმართ.

კორონა პანდემიამ ამ ნაწილის შეფასების საშუალება მოგვცა, მიუხედავად მოსამზადებელი პერიოდისა და ვირუსის პირველი ტალღის მართვისა შედეგები საკმაოდ არასახარბიელოა. ამასთან გასათვალისწინებელია ვირუსის ხასიათი, რომელიც არაჯანმრთელ ადამიანებს რისკ ჯგუფში ამყოფებს. ჯანდაცვაზე ასეთი საბიუჯეტო დანახარჯისა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ქვეყნის მაცხოვრებელთა რა რაოდენობაა ისეთი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დღევანდელ სიტუაციაში კიდევ უფრო სახიფათოა.

სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემა მხოლოდ დაფინანსების მოცულობითა და შოკური ეფექტით არ გამოაშკარავებულა, აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სამედიცინო კადრის რაოდენობრივი დისბალანსია, რომელიც აქამდეც ნათლად ჩანდა. საქართველოს თითქმის ორჯერ მეტი ექიმი ყავს ვიდრე საშუალო ევროპულ ქვეყანას, (დაახლოებით 10 000 ექიმით მეტი) და ორჯერ ნაკლები ექთანი ( დაახლოებით 12 500 ექთანით ნაკლები).

იმის გათვალისწინებით რომ სამედიცინო მიმართულებით ხარჯის 50-60% დასაქმებულთა ხელფასზე მოდის, გამოდის რომ საქართველო ჯანდაცვაში გაცილებით ძვირადღირებულ ადამიანურ რესურსს იყენებს ვიდრე საშუალო ევროპული ქვეყანა, ეს კი ჯანდაცვის მომსახურებას მნიშვნელოვნად აძვირებს რაც მომსახურების ხელმისაწვდომობაზე აისახება. ასევე მნიშვნელოვანია გეოგრაფიული დისბალანსიც, სამედიცინო კადრი ქვეყანაში არათანაბრად არის გადანაწილებული. თბილისში ქვეყნის მოსახლეობის 32%-მდე ცხოვრობს და მას 15 000-მდე ექიმი ემსახურება, მოსახლეობის დანარჩენ 68 %-ს კი მხოლოდ 8000-მდე ექიმი.

ბედნიერების ინდექსში რიგითობაზე მნიშვნელოვანი კი დღეს ეს კითხვებია:
რამდენად მოქნილია ჩვენი ეკონომიკა შოკების მიმართ ?
რის საშუალებას გვაძლევს ჩვენი ცოდნა კორონა პანდემიის შემდეგ ?

სურათი არასახარბიელოა, თუმცა სიმართლე ეს არის.

მთლიანი შიდა პროდუქტის განაწილებული მოცულობა, განათლებისა და ჯანმრთელობის დონე დაგვანახებს, რომ რეიტინგში არსებული 153 ქვეყნიდან საქართველოს 117-ე ადგილი ნამდვილად სამართლიანია.

„აჰა, ერთი კიდევ ახალი წელიწადი...
რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“