მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო წელს უკრაინელების დასახმარებლად, ჯამში, $14 მლნ-ს გამოყოფს - პრემიერი

6273be71cd85c
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.22 16:12
929
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო 2022 წლის განმავლობაში უკრაინელების დასახმარებლად ჯამში 14 მლნ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო უკრაინისთვის დახმარების გაწევას გააგრძელებს.

„საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმდინარესამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენი ხელისუფლება დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ ცხელ ხაზს, დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო მომსახურებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ დოლარს“, - განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები ასევე სთავაზობენ უკრაინის მოქალაქეებს დაბინავებას, საკვებს, ტანსაცმელს და სხვა სახის დახმარებას.

„უკრაინის საფოსტო ოპერატორის (Ukrposhta) თანახმად, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი მხარდაჭერის აუცილებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც რუსეთი უშუალოდ ემუქრება. ვუსურვებ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას“, - განაცხადა პრემიერმა.