მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო 2019 წლის ეკონომიკის დონეს 2022 წლის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება - World Bank

606415d02c4a5
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.21 10:25
823
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკის COVID-19-მდე არსებულ დონემდე აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. 

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სებასტიან მოლინეუსი აღნიშნავს, რომ როგორც 2021 წლის, ასევე შემდგომი წლების ეკონომიკური აღდგენა მნიშვნელოვანწილად ვაქცინაციის პროცესის წარმატებაზე იქნება დამოკიდებული.

„საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2021 წლის შემდგომ პერიოდში დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებაზე და ასევე, საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტიციების შემოდინებაზე. მდგრადი და მტკიცე განვითარებისთვის საქართველოს დასჭირდება უწყვეტი ფოკუსირება COVID-19-ის ინფექციის გავრცელების შენელებაზე, ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე და ასევე, გრძელვადიანი გამოწვევების დაძლევაზე, მათ შორის, ორიენტირება ადამიანური კაპიტალის განვითარების, ინსტიტუციების გაძლიერების, ციფრული და მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობაზე,“ - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.

COVID-19-ის პანდემიამ და თანმდევმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენა. მობილობის შეზღუდვამ, საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მოულოდნელმა შეჩერებამ და სუსტმა საგარეო მოთხოვნამ 2020 წელს 6.2 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გამოიწვია. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ კრიზისის შედეგად ქვეყანაში სიღარიბე 5 პროცენტულ პუნქტზე მეტად გაიზარდა, გაჭიანურებული ვაქცინაცია და შესაძლო დამატებითი შეზღუდვები კი ეკონომიკის განვითარებაზე მოქმედი შესაძლო რისკებია.

"საქართველოს სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 5.4 პროცენტული ერთეულით გაიზარდა. სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა. ფისკალურმა დეფიციტმა და სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა, ფისკალურ და საგარეო სავაჭრო ბალანსზე კრიზისის ზეწოლის პირობებში. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5 პროცენტით გაიზრდება. ეკონომიკის გაუმჯობესების მიუხედავად, მთლიანი გამოშვება COVID-19-მდე არსებულ დონემდე 2022 წლის ბოლომდე ვერ აღდგება, რასაც დიდწილად განაპირობებს საერთაშორისო ტურიზმის პერსპექტივებზე არადამაიმედებელი პროგნოზები. ეკონომიკის აღდგენა მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება რისკებზე, მათ შორისაა - გაჭიანურებული ვაქცინაცია, დამატებითი შეზღუდვები, გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრება და გახანგრძლივებული პოლიტიკური დაძაბულობა,"- ნათქვამია ანგარიშში.