მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო $3 მილიარდს მიიღებს, ეს მშპ-ის 20%-ია - პაპუნა ლეჟავა

5e99799e4757a
შოთა ტყეშელაშვილი
17.04.20 15:00
1784
$3 მილიარდი არის თანხა, რომელსაც საქართველო COVID-19-ის მიერ შექმნილი კრიზისის საპასუხოდ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებს. შეღავათიანი კრედიტით, სახელმწიფო და კერძო სექტორის დაფინანსება მოხდება. $1.5 მილიარდის ბენეფიციარი საჯარო სექტორი (მთავრობა და ეროვნული ბანკი) $1.5 მილიარდის ბენეფიციარი კი კერძო სექტორი (ძირითადად კომერციული ბანკები) იქნებიან.

მოზიდული დაფინანსების მიზნობრიობის, ასევე მისი პირობების შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო პირველი ქვეყანა იყო, ვინც საერთაშორისო სავალუტო ფონდის არსებული პროგრამის ფარგლებში მიიღო არსებული დაფინანსება. ქვეყანა IMF-ისგან $447 მილიონს მიიღებს, საიდანაც $200 მილიონი ცენტრალური ბიუჯეტის დახმარება იქნება.

“ჩვენ გავხდით პირველი ქვეყანა, რომელიც არსებული სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში, მიიღებს გაფართოებულ დაფინანსებას კორონავირუსის შოკიდან გამომდინარე. ჯამურად, გვაქვს მოლოდინი, რომ ქვეყანა 2020 წლის ბოლომდე, ანუ ამ დარჩენილ რვა თვეში მიიღებს სამი მილიარდის მოცულობის დაფინანსებას. ეს არის იმ დაგეგმილზე დამატებით, რასაც ისედაც ელოდა ქვეყანა. ეს 3 მილიარდი განაწილდება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორს შორის. დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი მიდის ქვეყნის ბიუჯეტში და დარჩენილი 1.5 მილიარდი დოლარი მიდის კერძო სექტორში. ასევე, გარკვეულ თანხებს მიიღებს პირდაპირ ეროვნული ბანკიც რეზერვების შესავსებად. ეს თანხა არის რაც დღეისთვის ცნობილია, თუმცა მომდევნო თვეების და კვარტლების განმავლობაში, ერთჯერადი კონკრეტული პროექტების ხარჯზე შეიძლება გაიზარდოს კიდევაც.

ეს ჯამში არის საქართველოს მშპ-ის 20%, რაც არის საკმაოდ დიდი თანხა, ვფიქრობთ, რომ ეს სახსრები მიმდინარე შოკის შერბილებაში დაგვეხმარება.

კერძო სექტორის დახმარებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის საფინანსო სექტორისთვის დაფინანსების მიცემა, რომლის გავლითაც, ეკონომიკა დაფინანსდება. აქაც დახმარება არის საკმაოდ მრავალმხრივი, არის როგორც მიზნობრივი დახმარებები, რომლებიც კონკრეტული სექტორის დაფინანსებას მოხმარდება, მაგალითად SME სექტორს, ასევე არის ლიკვიდობის მხარდამჭერი დაფინანსებაც", - ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

კითხვაზე - თუ რა პირობებით ხდება ამ დაფინანსების გამოყოფა, პაპუნა ლეჟავა პასუხობს, რომ თანხა 100%-ით საგარეო ვალს არ წარმოადგენს და მას გრანტის კომპონენტიც ახლავს. სასესხო ნაწილის პირობები კი შეღავათიანია.

“ამ თანხის 100% სესხი არ არის და მას გრანტის კომპონენტიც ახლავს, თუმცა მცირე. ძირითადად ეს არის სესხი. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსება, რომელთაც კომერციული ინტერესის გარდა აქვთ ქვეყნის განვითარების ინტერესი. შესაბამისად საპროცენტო განაკვეთი არის უფრო იაფი. ამ თანხის ნაწილი არის პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, ნაწილი კი კონკრეტულ რეფორმაზე არის მობმული,” - ამბობს პაპუნა ლეჟავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მიღწეული შეთანხმების შესახებ განცხადება 14 აპრილს გააკეთა. დაფინანსების ზუსტი წყაროების და ხელშეკრულებების ვადიანობის შესახებ უფრო დეტალურად 2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

არსებული მდგომარეობით, საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი $5.4 მილიარდ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, მისი დაახლოებით $1.5 მილიარდით ზრდა მოხდება.