მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო აგრარული ქვეყანა არაა, თუმცა მუშახელის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული“ - მიხეილ კუკავა

628fbb7641d05
თამთა ჯიჯავაძე
26.05.22 23:00
831
„საქართველო აგრარული ქვეყანა არაა, თუმცა მუშახელის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული“, - ამის შესახებ PMCG-ის ეკონომისტმა მიხეილ კუკავამ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა. მისი თქმით, საუკუნის წინ ეს არ იყო საგანგაშო, თუმცა ახლა ეს მოცემულობა შესაცვლელია.

„დღეს საქართველო დიდწილად არის ქვეყანა, რომლის მუშახელის თითქმის ნახევარი დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში და მშპ-ის დაახლოებით 10%-ს ქმნის. საქართველო ადრე მართლაც იყო აგრარული ქვეყანა, თუმცა ჩვენი მეზობელი სხვა არაერთი ქვეყნის ეკონომიკაშიც წამყვანი იყო სოფლის მეურნეობის წილი. ეს საუკუნის წინ საგანგაშო არ იყო, თუმცა დღეს ეს ნამდვილად საგანგაშოა, ვინაიდან საქართველო აგრარული ქვეყანა არაა, მაგრამ მისი ძირითადი მწარმოებელი ძალის განაწილება ისევ რჩება აგრარული ქვეყნის დონეზე“, - აღნიშნა მიხეილ კუკავამ.

მისივე თქმით, გლობალურად კონკურენცია ქვეყნებს შორის გაზრდილია, და რომ ქვეყნებმა განსაკუთრებით პოსტპანდემიის პერიოდში დაიწყეს იმის გადააზრება, თუ რა შეუძლიათ და რა არის მათი კონკურენტული უპირატესობა. „ჩვენთან ეს გადააზრება არ ჩანს“, - განაცხადა მან.

ხოლო კითხვაზე, თუ რაში შეუძლია საქართველოს იყოს კონკურენტუნარიანი, მიხეილ კუკავამ რამდენიმე მიმართულება დაასახელა.

„ახლა პოტენციალი გვაქვს სამთომოპოვებით მრეწველობაში, ჩვენს მშპ-ში დიდი წილიც აქვს კიდეც ამ სექტორს. ასევე პოტენციალი გვაქვს ტურიზმში, თუმცა, სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მომსახურებაზე ორიენტირებული. ამ მიდგომას „პოსტსაბჭოთა სუნი“ აქვს. ასევე პოტენციალი აქვს იმ დარგებს, სადაც საქართველო შეიძლება დღეს არ გამოირჩევა, მაგრამ აჩვენებს გარკვეულ ნიშნებს. მაგალითად, ასეთია საფეიქრო მიმართულება. არის საწარმოები, რომლებიც კერავენ, მაგრამ საჭიროა ამის გავრცელება, ვინაიდან ახლა მდგრადი და მასშტაბური არ არის“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.