მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა - ლოიდ ოსტინი

616d6b096cda3
ვიქტორია მღებრიშვილი
18.10.21 16:48
807
საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რის შემდეგაც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მიღწევებზე ისაუბრა და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მსურდა, ვყოფილიყავი აქ პირადად, რადგან აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ უცვლელია და მტკიცეა. უკვე სამ წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა როგორც საფუძველი ჩვენი ძალისხმევისთვის ემსახურებოდა, რომ საქართველოს თავდაცვის უნარების და მზადყოფნისთვის ხელი შეგვეწყო. პროგრამა დასრულდება ამ წლის ბოლოს“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების“ ახალ ინიციატივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინიციატივა უსაფრთხოების ინტერესებს შეუწყობს ხელს და მომავალში აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობას კვლავ გაამყარებს.

„დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა, რომელიც იქნება ცენტრალური ერთი მხრივ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის.

ეს აღნიშნავს მართლაც ახალ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს ნატო-სთან ურთიერთთავსებადობას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით და განვითარებით – ეს ინიციატივა დააწინაურებს და ხელს შეუწყობს ჩვენს საზიარო უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში ჩვენს პარტნიორობას. ამ ინიციატივის წარმატებას დასჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ დავრჩეთ იმ გზაზე, რომელიც საერთო მიზნებს ემსახურება“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ლოიდ ოსტინის თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად, კვლავ ადასტურებს მათი სამუშაოს მნიშვნელობას, თუმცა იმისთვის რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა აშშ-ს მხარდაჭრა გამოიყენოს.

„ის მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად მოვაწერეთ ხელი იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენ ერთობლივად ვართ განწყობილი და ერთგული ამ ინიციატივის წარმატებისთვის. ხაზს უსვამს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გრძელვადიან პოლიტიკას, რომ დაეხმაროს საქართველოს, დაიცვას საკუთარი თავი, შეაკავოს აგრესია და წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამავე დროს, საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს მისი ნაწილი დატვირთვისა, რათა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა, გააძლიეროს საქართველოს დემოკრატია, გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაკავშირებისათვის“, – განმარტა ლოიდ ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ავღანეთში აშშ-სა და ნატო-ს ძალისხმევისადმი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„საქართველომ არაპროპორციული როლი შეასრულა ამ მისიაში. ქართული ჯარები მხარდამხარ მსახურობდნენ ამერიკელ სამხედროებთან და მეგობრებთან ერთად. აგებდნენ კავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რომელიც ცდება კულტურულ და ლინგვისტურ განსხვავებებს. საქართველომ მართლაც რომ დიდი მსხვერპლი გაიღო – 32 დაღუპული, 293 დაჭრილი ავღანეთში. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს მათ მსხვერპლს.

ჩვენ ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ ქართველი ხალხისადმი, ყველა სამხედროს მიმართ, ვინც იმსახურა, მათი ოჯახების მიმართ. ჩვენი კოლექტიური ძალისხმევა ავღანეთში არის კიდევ ერთი დემონსტრირება ჩვენი სტრატეგიულ იპარტნიორობის სიძლიერისა, ჩვენი საზიარო ინტერესებისა და ღირებულებებისა. კვლავ, დიდი მადლობა, ბატონო მინისტრო. მადლიერი ვარ თქვენი შესანიშნავი ლიდერობისთვის, პირადი ერთგულებისთვის ჩვენი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი და უფრო ფართოდ თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისადმი. უღრმესი მადლობა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.