მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიხედვით ლიდერი ქვეყანა არ არის"

5e29c4a2eacd0
მარიამ ადამია
23.01.20 21:00
2289
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ატმოსფერული ჰაერის მართვის შესახებ ახალი კანონპროექტი შეიმუშვა, რომელიც სრულად შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებთან. ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა, მარინე არაბიძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონს საგაზაფხულო სესიაზე გაიტანენ და იმედოვნებენ, რომ დამტკიცდება.

„კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანა დაბინძურების მიხედვით, დაიყოფა ზონებად და აგლომერაციებად. ხოლო როდესაც გამოიკვეთება დაბინძურების მაჩვენებლები, ინდივიდუალურად შემუშავდება მართვის გეგმაც. ასევე კონკრეტულად გაიწერება თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რა ვადებში. ასევე მკაცრდება სანქციები და იზრდება ჯარიმები, რაც მნიშვნელოვანია რადგან ამის გარეშე შეუძლებელია რაიმე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა,“ - აღნიშნა მარინე არაბიძემ.

მისივე თქმით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით, საქართველო არის მოწინავე რიგებში და ეს მოსაზრება ეფუძნება მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკას, სადაც 190-ზე მეტ ქვეყანას შორის, საქართველოზე მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი 80 ქვეყანას აქვს.

„ზოგადად ქვეყანაში არის მაღალი ავადობა, გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების, რასაც რა თქმა უნდა, ჰაერის დაბინძურება იწვევს, თუმცა მაღალი დაბინძურების ქვეყანა მაინც არ ვართ. ზოგადად ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა ჩვენს ქვეყანაში და იზრდება ყოველწლიურად მონიტორინგის ქსელი, რაც მეტ და სანდო ინფორმაციას გვაძლევს ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით. დიდ ქალაქებში, მათ შორის, დედაქალაქში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ყოველდღიურ, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს კონტროლი. ხოლო ამ სადგურების რაოდენობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, საქართველოს 25 დასახლებულ პუნქტში ტარდება ინდიკატორული გაზომვები და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს მონაცემები, რეგიონში პირველებმა გავიტანეთ ევროპის ჰაერის ხარისხის პორტალზე.