მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ახალ $500 მილიონიან ვალს იღებს, მისი განაკვეთი ჯერჯერობით არ დადგენილა

60759536bd3d8
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.21 17:03
1114

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ინვესტორებთან ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს. როგორც ფინანსთა სამინისტრომ დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვების თაობაზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე განაცხადი დღეს გამოქვეყნდა. ამ საგარეო ვალის მოზიდვაში საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard და ქართული საფინანსო ინსტიტუტები TBC Capital და Galt & Taggart-ი ეხმარებიან.

როგორც "თიბისი კაპიტალის" ხელმძღვანელმა მერი ჩაჩანიძემ BMG-ს განუცხადა $500-მილიონიანი ევროობლიგაციის კუპონის განაკვეთი ჯერ არ დადგენილა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ის იქნება უფრო დაბალი, ვიდრე 2011 წელს გამოშვებული ობლიგაციის განაკვეთი, რაც 6.875%-ს შეადგენდა. 

"ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი გამოქვეყნდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი.

ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14 აპრილს გაიმართება ონლაინშეხვედრები (ე.წ. ნეთ-როუდ-შოუები) საერთაშორისო ინვესტორებთან.

აღნიშნული პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს სახელით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებით.

საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ევრობონდებზე დაფიქსირდება მნიშვნელოვნად დაბალი საპროცენტო განაკვეთი 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 6.875%-ს," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალი $500-მილიონიანი საგარეო ვალის აღება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირების მიზნით ხდება.  ამ ვალის ძირი თანხის - $500 მილიონი დოლარის დაფარვის ბოლო ვადა სწორედ გუშინ იყო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით მათ ამ ვალდებულების დაფარვა გასულ კვირაში ბიუჯეტში არსებული თავისუფალი სახსრების (ნაშთის) მეშვეობით მოახდინეს.