მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობა

6364ca36e2c3a
ეგნატე შამუგია
05.11.22 23:55
3435
საქართველოს და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობაა. აღნიშნული ძირითადად საგარეო ვაჭრობას უკავშირდება. ისტორიულად, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო ქვეყანაა, რაც დიდწილად გეოგრაფიულ და ნაწილობრივ პოლიტიკურ ფაქტორების შედეგია. საქართველო აზერბაიჯანისთვისაც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ამ უკანასკნელის საგარეო ვაჭრობაში საქართველოს როლი შედარებით დაბალია. ბრუნვის მიხედვით, აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორი იტალია, თურქეთი, რუსეთი, გერმანია და ჩინეთია. ბოლო ათწლეულში აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში საქართველოს წილი საშუალოდ 2.1%-ია. 2.1%-იანი წილი უმეტესწილად ექსპორტს უკავშირდება. 2012-21 წლებში აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტი მთლიანი ექსპორტის საშუალოდ 2.8%-ია, რაც აზერბაიჯანისთვის რიგით მეცხრე საექსპორტო ქვეყანაა. როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი.
 
გრაფიკი 1: აზერბაიჯანის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები, 2012-21 წლების საგარეო ვაჭრობის ბრუნვის მიხედვით, ბრუნვაში წილი (%)
წყარო: აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი

საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში აზერბაიჯანის როლი თვალსაჩინოა, რადგან შედარებით მაღალ წილს იკავებს. 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში აზერბაიჯანის წილი 7.9% იყო, რაც რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის პოზიციაა. ეს პოზიცია ექსპორტის შემთხვევაში 12.5%-იანი წილით მესამეა, ხოლო იმპორტის მიხედვით რიგით მეხუთეა. 2021 წელს საქართველოს მთლიან იმპორტში აზერბაიჯანის წილი 5.9% იყო. ამ პერიოდში აზერბაიჯანიდან 598.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულის იმპორტი განხორციელდა, რაც მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში 471.0 აშშ დოლარია. გასულ წელს აზერბაიჯანიდან იმპორტის მთლიანი ღირებულების 69.2% ნავთობპროდუქტები და ბუნებრივი აირი იყო. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში 85.0%-მდეა გაზრდილი და აბსოლუტურ გამოხატულებაში 400.5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

2009-2021 წლებში აზერბაიჯანიდან საქართველოში 3 696.1 ათასი ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. აღნიშნული საერთო ჯამში 2 476.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო. ბოლო წლებში აზერბაიჯანიდან ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირებულა. 2021 წელს ამ უკანასკნელის იმპორტმა 228.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც ათი წლის წინ, 2012 წელს 341.2 ათასი ტონა იყო. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანი კვლავ რჩება ნავთობის და ნავთობპროდუქტების მნიშვნელოვან საიმპორტო ქვეყნად, რადგან 2021 წელს ამ საქონლის მთლიან ექსპორტში აზერბაიჯანის წილმა 18.0% შეადგინა. 2012 წელს აზერბაიჯანის წილი 37.3% იყო.

გრაფიკი 2: აზერბაიჯანიდან საქართველოს ძირითადი საიმპორტო საქონელი (ათასი ტონა, მლნ კუბ. მეტრი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ნავთობი და ნავთობპროდუქტებისა, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი ხორციელდება, რომელიც პანდემიამდე გამოკვეთილი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. თუმცა, პანდემიის პირობებში შემცირდა. 2009-21 წლებში აზერბაიჯანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტმა ჯამში 23 412.0 მლნ კუბური მეტრი შეადგინა. ამ პერიოდში აზერბაიჯანიდან იმპორტირებული გაზის ღირებულება ჯამში 3 124.5 მლნ აშშ დოლარ იყო. 2009 წელს იმპორტი 889.9 მლნ კუბური მეტრი იყო, ხოლო უკვე 2019 წელს 2 325.7 მლნ კუბურ მეტრს შეადგენდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 2 092.4 მლნ კუბურ მეტრამდე იყო შემცირებული. აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის ზრდასთან ერთად, მისი წილიც მზარდი იყო. 2009-21 წლებში ბუნებრივი აირის მთლიან ექსპორტში აზერბაიჯანის წილი საშუალოდ 87.5% იყო, რაც 2021 წელს 83.0%-ს აღწევდა.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან აზერბაიჯანში როგორც ადგილობრივი ასევე, საქონლის რეექსპორტი ხორციელდება. საქართველოდან აზერბაიჯანში ძირითადად მსუბუქი ავტომობილები რეექსპორტირდება. 2021 წელს აზერბაიჯანში რეექსპორტირებული ავტომობილების ღირებულება 248.4 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 221.9 მლნ აშშ დოლარია. ბოლო წლებში საქართველოდან აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი მკვეთრად გაზრდილია. 2014 წლიდან დღემდე ჯამში 126.5 ათასი ავტომობილის რეექსპორტირდა. 2021 წელს ეს მაჩვენებელი 38.9 ათასი ავტომობილი იყო, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 22.5 ათასი ცალია.

გრაფიკი 3: საქართველოდან აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი (მლნ აშშ დოლარი, ცალი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოდან აზერბაიჯანში ადგილობრივი ექსპორტი უფრო ნაკლები ღირებულებისაა, ვიდრე რეექსპორტი. 2021 წელს აზერბაიჯანში 109.5 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რაც მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 109.8 მლნ აშშ დოლარია. აზერბაიჯანში ძირითადი ადგილობრივი ექსპორტი სოფლის მეურნეობის საქონელია. კერძოდ, ექსპორტის ძირითადი ნაწილი მეცხოველეობას უკავშირდება, როგორიცაა: მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვრები და თხები. ასევე, საქართველოდან აზერბაიჯანში ფეროშენადნობები და ნატრიუმის ციანიდი ექსპორტირდება. ამ უკანასკნელის უმსხვილესი მწარმოებელი სს „რუსთავის აზოტია“.

გრაფიკი 4: საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი აზერბაიჯანში (ათასი ტონა)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015-21 წლებში საქართველოდან აზერბაიჯანში 15.8 ათასი ტონა ციანიდის ექსპორტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულება 31.3 მლნ აშშ დოლარი იყო. 2021 წელს აზერბაიჯანში 12.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ციანიდი ექსპორტირდა, რაც 5.9 ათასი ტონა იყო. აღნიშნული ამავე წლის მთლიანი ექსპორტის 53.9%-ია, რაც წინა წლებში საშუალოდ 21.8% იყო. 2014-21 წლებში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული ფეროშენადნობების ოდენობამ მთლიანი ექსპორტის საშუალოდ 1.9% შეადგინა, რაც აბსოლუტურ გამოხატულებაში წელიწადში საშუალოდ 5.1 ათასი ტონაა. აღნიშნული ბოლო წლებში გაზრდილია. 2021 წელს აზერბაიჯანში ექსპორტირებულმა ფეროშენადნობების ოდენობამ 6.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 2.1%-ია. 2014-21 წლებში საქართველოდან აზერბაიჯანში 40.6 ათასი ტონა ფეროშენადნობის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულება 45.9 მლნ აშშ დოლარი იყო. 2021 წელს აზერბაიჯანში 9.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა.

გრაფიკი 5: საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი აზერბაიჯანში (ათასი ტონა)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოდან აზერბაიჯანში ძირითადი ადგილობრივი ექსპორტის ნაწილია ცოცხალი სახით მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვრები და თხები. 2013 წლიდან კი მათი ექსპორტის მოცულობა შემცირებულია. თუკი 2013 წელს 19.0 ათასი ტონა მსხვილფეხა პირუტყვის და 2.6 ათასი ტონა ცხვრისა და თხის ექსპორტი განხორციელდა, აღნიშნული 2021 წელს 7.2 ათასი და 2.0 ათასი ტონა იყო. საერთო ჯამში, 2014-21 წლებში 72.3 ათასი ტონაა ექსპორტირებული, რაც 155.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობაა, რომელიც, ძირითადად, ამ უკანასკნელიდან ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი გაზის იმპორტს, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს და საქართველოდან მეცხოველეობისა და ქიმიური მრეწველობის პროდუქციის ადგილობრივ ექსპორტს მოიცავს. თუმცა, ბოლო წლებში სავაჭრო პარამეტრები შემცირებულია. 2014-21 წლებში საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში აზერბაიჯანის წილი საშუალოდ 4.7% იყო, რაც 2021 წელს უკვე 3.5%-მდეა შემცირებული, რადგან ამ პერიოდში ადგილობრივი ექსპორტის ღირებულება საშუალოდ 3.6%-ით იზრდებოდა. ამავე პერიოდში უფრო მაღალი ზრდაა რეექსპორტის, რაც საშუალოდ 15.3%-ს აღწევს. არამხოლოდ ექსპორტი, არამედ იმპორტის წილიც შემცირებულია. 2014-21 წლებში აზერბაიჯანიდან იმპორტი მთლიანი ღირებულების საშუალოდ 6.6% იყო, რაც 2021 წელს 5.9%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანიდან იმპორტის ღირებულება საშუალოდ 0.6%-ით არის შემცირებული.