მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო Business Insider-ის რეიტინგში მოხვდა

5faad8f66ca4e
მარიამ ადამია
11.11.20 00:30
1665
გამოცემა Business Insider-ის სტატიაში, სადაც მიმოხილულია ის ქვეყნები, რომლებიც დისტანციურად მუშაობისთვის სპეციალურ შეთავაზებებსა და სავიზო პირობებს ადგენენ, საქართველოც მოხვდა, პროგრამით “იმუშავე საქართველოდან”.

შეგახსენებთ, პროგრამით მოსარგებლე ადამიანებს მინიმუმ 180 დღის განმავლობაში შეუძლიათ საქართველოდან საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება. ბოლო მონაცემებით, 1 000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა "იმუშავე საქართველოდან" პროექტის მონაწილედ და გამოხატა ქვეყანაში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი.

ჩვენი ქვეყნის მსგავსად, შეთავაზება, რომელიც ორმხრივად სასარგებლოა, უკვე 14 ქვეყანაში ჩაეშვა და ამ ფორმით ქვეყნები ცდილობენ ადგილობრივი ეკონომიკის მხარდაჭერას, ადამიანები კი საკუთარ სურვილებსა და წლების განმავლობაში განუხორციელებელ მოგზაურობას იწყებენ.

Business Insider-ის ჩამონათვალშია აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარე, მავრიკი, რომელიც უცხოელებს ტერიტორიაზე ერთწლიანი დარჩენისა და მუშაობის საშუალებას აძლევს. როგორც მავრიკის ეკონომიკური განვითარების საბჭო იუწყება, მთავარი მოთხოვნა არის, რომ განმცხადებელი იყოს თვითდასაქმებული ან მუშაობდეს სხვა ქვეყანაში. ასევე მათ უნდა შეძლონ საკუთარი თავის გრძელვადიანად რჩენა კუნძულზე, მათ შორის სახლის დაქირავება, კვება და დაზღვევა.

დისტანციური მუშაობის შესაძლებლობას გვთავაზობს 24 თვის განმავლობაში კუნძული კაიმანიც. როგორც ტურიზმის დეპარტამენტის ვებ-გვერდიდან ირკვევა, განაცხადის მისაღებად დასაქმებულებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი კაიმანის კუნძულების გარეთ მუშაობენ და რომ წელიწადში მათ მინიმუმ 100 ათასი დოლარის გამომუშავება შეუძლიათ. განმცხადებლებს ასევე სჭირდებათ ნოტარიულად დამოწმებული საბანკო და ჯანმრთელობის დაზღვევის ცნობარი. კუნძულის მთავარ უპირატესობად კი დასახელებულია ის ფაქტი, რომ აქ ჩამოსულები ორი წლის განმავლობაში თავისუფლდებიან გადასახადებისგან.

ეგზოტიკური ცხოვრების მოყვარულებისთვის შეთავაზება აქვს ანტიგუა და ბარბუდას, იმ განსხვავებით რომ ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად, მნიშვნელოვანია მინიმუმ 50 ათას დოლარს გამოიმუშავებდეთ წელიწადში, თუკი ოჯახთან ერთად გადაწყვეტთ გამგზავრებას. ერთი ადამიანის შემთხვევაში კი აუცილებელი ანაზღაურება 1 500 დოლარია.

კიდევ ერთი ქვეყანა დუბაია, ერთწლიანი შეთავაზებით არამოქალაქეებისთვის, რომლის პარალელურადაც დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ გახსნან ადგილობრივი საბანკო ანგარიში, მიიღონ ადგილობრივი ტელეფონის ნომერი და ინტერნეტი და ასევე ატარონ ბავშვები სკოლაში. აქაც უპირატესობებს შორის, გადასახადებისგან გათავისუფლება სახელდება.

ჩამონათვალშია კარიბის კუნძულიც, არუბა, სადაც დაინტერესებული პირები ისარგებლებენ ფასდაკლებით სასტუმროებსა და რესტორნებზე 90 დღის განმავლობაში. თუმცა შეზღუდვა არის ის, რომ სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც მხოლოდ აშშ-ის პასპორტი აქვს.

რაც შეეხება ბარბადოსს, ის იყო პირველი, რომელმაც მსგავსი პროგრამა მოიფიქრა და აამოქმედა არამოქალაქეებისთვის. ამ ქვეყანაში აპლიკაციის შევსება ივლისიდან არის შესაძლებელი.

საინტერესო შეთავაზება აქვს ბერმუდსაც, რომელმაც ასევე ივლისში დაიწყო განცხადებების მიღება და ეპატიჟება როგორც დისტანციურად მომუშავეებს, ასევე სტუდენტებს. თუმცა ბერმუდის მთავრობის თანახმად, განმცხადებელი უნდა იყოს 18 წელზე უფროსი ასაკის, ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, და დასაქმების დამადასტურებელი საბუთი ან ჩაირიცხოს საგანმანათლებლო პროგრამაში.

დროებით ბინადრობის შესაძლებლობას გვთავაზობს მექსიკაც, დრო განსაზღვრული არის ერთი წელი, თუმცა როგორც შეთავაზებაში ვკითხულობთ, მისი გახანგრძლივება სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, დამატებით სამი წლით. მთავარია განმცხადებელს ჰქონდეს შემოსავალი 1,620 აშშ დოლარზე მეტი და მუშაობდეს ქვეყნის გარეთ.

რაც შეეხება ევროპას, მსგავსი პროგრამები ჩაეშვა ნებისმიერი მსურველისთვის, გარდა ამერიკის მოქალაქეებისა, ესტონეთში, ჩეხეთში, გერმანიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში. ასე რომ ჩამოთვლილი ქვეყნები ცდილობენ ერთმანეთზე უკეთესი პირობები შესთავაზონ ადამიანებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააინტერესონ, მიიზიდონ, გადააწყვეტინონ დროებითი ბინადრობა და ამ გზით შეძლონ ეკონომიკის გაძლიერება და ასევე ტურიზმის სექტორის ამოქმედება.