მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო Covid-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის ტესტირებაში ჩაერთვება - იციკ მოშე

60a75fe21d86f
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.21 12:36
1374
ისრაელში შემუშავებული Covid-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის ტესტირებაში საქართველო ჩაერთვება. იგეგმება პრეპარატის საქართველოში წარმოებაც. ამის შესახებ საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშე „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, იხილოვის ცენტრში (სურასკის "იხილოვის" სამედიცინო ცენტრი), რომელიც ისრაელში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას წარმოადგენს, მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს, რომლის გამოცდაც უკვე დაწყებულია და ტესტირების ორი ფაზა უკვე გავლილი აქვს. იციკ მოშე გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში ისრაელელი მეცნიერებთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტუმრები საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდნენ.

"კოვიდის თემებზე ისრაელი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, მაგრამ ამის პარალელურად "იხილოვმა" კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნა და ახლა საუბარია ტესტირების მესამე ფაზაზე, რომელშიც საბერძნეთი უკვე ჩაერთო. დღეს ისრაელში ცეცხლი შეწყდა, მაგრამ ორი დღის წინ, მაშინ როდესაც ისრაელს ტერორისტები ესროდნენ და თელ ავივი საშიშროების წინაშე იყო, ამ დროს ისრაელში ჩამოდის საქართველოს წამყვანი პროფესორი, რათა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დაიწყოს. მინდა გითხრათ, რომ იხილოვში (სურასკის სამედიცინო ცენტრი) ამ კუთხით თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ათასობით წინადადებაა შემოსული, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზით ლობირება გავაკეთეთ, რომ საქართველოში ჩამოსულიყვნენ“, - განმარტა იციკ მოშემ.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის უწყების მხრიდან არამხოლოდ ტესტირებაში ჩართვის, არამედ პრეპარატის საქართველოში წარმოების სურვილიც დაფიქსირდა.

„საქართველო უნდა ჩაერთოს ტესტირების მესამე ეტაპზე და ამის შემდეგ, ლაპარაკია იმაზე, რომ წარმატების შემთხვევაში საქართველომ ეს პრეპარატი გარანტირებულად მიიღოს. უფრო მეტიც, მინისტრმა თქვა და შეათანხმა, რომ თუ საჭიროება იქნება, საქართველო მზად იქნება, რომ საქართველოში პრეპარატის წარმოება გაკეთდეს. შეხვედრა მაღალი დონის იყო და ამით პირველი ეტაპი დასრულდა“, - თქვა „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველო-ისრაელს შორის მეგობრულ და საქმიან ურთიერთობას და აღნიშნა: „წარმოიდგინეთ, როცა ვირუსია მსოფლიოში, არ დარჩა ქვეყანა, რომელსაც ამ პრეპარატის ტესტირებაში ჩართვა არ სურდეს. საქართველოსთან კი პირველადი შეთანხმება უკვე არსებობს და ამას ოფიციალური მხარეების მიერ განვითარება სჭირდება.

მინდა გითხრათ, ისრაელის წარმატებაა ის, რომ „ფაიზერი“ ისრაელში შემოვიდა, იყო იმის შედეგი რომ ნეთანიაჰუმ დროულად მიმართა ფაიზერის მწარმოებელი კომპანიას და დღეში 30 ზარს ახორციელებდა. ამდენად, ამ შემთხვეავში საქართველოს ჩართვა არის დროული და მე ვარ კმაყოფილი ამ კავშირებით. საქართველომ დააფიქსირა, რომ ის პირველი იქნება“, - აღნიშნა იციკ მოშემ.

კითხვაზე რა დრო დასჭირდება საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის წარმოების დაწყებას, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებში არიან ჩართულები და ეს საკითხები ოფიციალური მხარეების დონეზე უნდა წყდება.

„მხარეებმა მოილაპარაკეს რა, როგორ იქნება. უფრო პროფესიონალური მხარეები არიან ჩართული, მაგრამ განწყობა, მზაობა უკვე არის და ეს დიდი რამაა. როცა საფრანგეთი, ინდოეთი, ბრაზილია, წამყვანი ქვეყნები არიან რიგში და მათ მეილებზე ჯერ პასუხი არაა გაცემული, ამ დროს საქართველოში ჩამოსვლა ბევრი რამის ნიშანია. ჩვენ ამ ეტაპზე ვართ აქტიურები, ისევე როგორც აქტიურები ვიყავით, როცა საუბარი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე იყო. ჩვენ ჩამოვიყვანეთ მინისტრი, გავაკეთეთ ეს კავშირები და ამის შემდეგ ოფიციალური პირები , მთავრობები აგრძელებენ კომუნიკაციას, ჩვენ კი გვერდზე გავდივართ. ამდენად ამ ეტაზე მედიცინის სფეროში, რაც მოხდა არის ოპტიმალური და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის სფეროები, ესაა მედიცინა, სოფლის მეურნეობა, ჰაიტექი -სადაც ისრაელს საქართველოს მხრიდან ინვესტიცია საერთოდ არ სჭირდება, არამედ სჭირდება მენეჯმენტი, გამოცდილება, ცოდნა. მჯერა, რომ ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობის პირველი მაგალითი“, - განაცხადა „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელმა იციკ მოშემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჯანდაცვის უწყებაში მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელსა და კოვიდ-19-ის კვლევის მიმართულების ხელმძღვანელს ნადირ არბერს უმასპინძლეს.

მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებზე, სამომავლო გეგმებსა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატთან დაკავშირებით ისაუბრეს.

ისრაელიდან ჩამოსული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ზომიერიდან კრიტიკულ მდგომარეობამდე მყოფი პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. სამედიცინო მკვლევარების განცხადებით მედიკამენტი, ნოვატორულ ნაერთს წარმოადგენს და ის გამდიდრებულ CD24-ეზოსომებს ეფუძნება.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატთან დაკავშირებით გვსურს, რომ საქართველო, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყანა ისრაელის პარტნიორი იყოს. თქვენ ძალიან კარგი სამედიცინო პერსონალი გყავთ და გვჯერა , რომ ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტი ბევრ ადამიანს დაეხმარება“, - განაცხადა თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა ნადირ არბერმა. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.