მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი - ვაჭრობის დინამიკა (მაისი)

5ef8985a1b6f5
ეგნატე შამუგია
28.06.20 20:05
2676
• იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი 16.2%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 17.0%-ით. მაისის მდგომარეობით, სავაჭრო ბრუნვა უფრო მეტადაა შემცირებული, ვიდრე ეს იყო აპრილში.
• რეგიონის სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ბრუნვა, მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უფრო მეტადაა შემცირებული. განსაკუთრებით, სავაჭრო მაჩვენებლები აზერბაიჯანსა და რუსეთშია გაუარესებული, რაც დიდწილად ნავთობს უკავშირდება.
• იანვარ-მაისში საქართველო ექსპორტი რეგიონის მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან საშუალოდ 27.7%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, ზრდა მხოლოდ ბულგარეთში იყო, რამაც 14.9% შეადგინა.

ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი

საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში, ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. 2019 წლის საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. 2017-2018 წლებში კი წმინდა ექსპორტი წილი 4.0 და 3.3 პ.პ.-ები იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ ზრდას დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან ამ ქვეყნების ეკონომიკის დაახლოებით ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს.



2020 წლის I კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინები შექმნაა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა. თუმცა, მაისის დასაწყისიდან ნავთობის ფასები ოდნავ გაიზარდა, ხოლო მთავრობებმა შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნეს, რაც მომდევნო თვეებში საქართველოს ექსპორტის პერსპექტივას გააუმჯობესებს.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია, სადაც ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 67.6%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 46.5%. აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რომლებიც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 39.0%-ს შეადგენს. უშუალოდ ამ ორი საქონლიდან მთლიან ექსპორტის 54.4% რუსეთის წილია (მათ შორის, ღვინო 59.8%) სპილენძის მადნების საექსპორტო ქვეყანა კი ბულგარეთია, სადაც ექსპორტირებული სპილენძის მადნების 40.5%-ს ექსპორტირება ხორციელდება. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, ამ ქვეყანაში ერთადერთი საექსპორტო საქონელი, რადგან მისი წილი 92.8%-ს იკავებს. რაც შეეხება აზერბაიჯანს და სომხეთს - ამ ქვეყნებში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხდება და სწორედ ესაა ძირითადი საქონელი, რომელიც მათ ბაზარზე გადის. აღნიშნული გარეშე, ამ ორ ქვეყნაში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 19.5% თამბაქოს პროდუქციაა, ხოლო 11.4% კი - სამკურნალო საშუალებები (რეექსპორტის გარეშე). სომხეთში კი ძირითადად სპირტის (4.5%), სამკურნალო საშუალებების (4.3%) და ციანიდების (4.1%) ექსპორტი ხორციელდება.



საქართველოს I სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთია, სადაც ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიანი ექსპორტის 1/3 -ს აღემატება. რეგიონიდან კი I უმსხვილესი საიმპორტო ქვეყანა თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.2%-იან წილს იკავებს. იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ. ენერგიას.



წყარო: Trade statistics for international business development; ავტორის გამოთვლები

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნიდან აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უჭირავს. თავი მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90.0%-ს აღემატება. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25.5%-ით შემცირდა, სადაც ექსპორტი 25.3%-ითაა შემცირებული, რაც ნავთობპროდუქტებს უკავშირდება. ხოლო ამავე პერიოდში იმპორტი კი - 25.7%-ით. აღნიშნული კი იანვარ-აპრილში მდგომარეობით შედარებით ნაკლები იყო. კერძოდ, ბრუნვის 16.0%-იანი შემცირება დაფიქსირდა, სადაც ექსპორტი 16.2% -ით იყო შემცირებული. ნავთობპროდუქტების გარეშე კი, პირიქით, 3.4%-იანი ზრდა. ამდენად, მაისი თვეში აზერბაიჯანიდან ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვანად შემცირებულია.

მეორე უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანა რუსეთია, რომელიც თავის საქონელი და მომსახურების ექსპორტს კი ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიაში (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს. მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია. თუმცა, აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხორბლის იმპორტში სწორედ 83.2% რუსეთის წილია. მიმდინარე წელს კი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვანი ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის შემთხვევაშიც იქონია. 2020 წლის იანვარ-აპრილში რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 15.1%-ით შემცირდა, სადაც ექსპორტის 20.1%-იანი კლება, ხოლო იმპორტის 6.1%-იანი იყო. ექსპორტის შემცირებაში არსებითი გავლენა მოახდინა ენერგო პროდუქტებმა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ნედლი ნავთობის შემცირება 24.9% იყო, ხოლო ცალკე ბუნებრივი აირის კი - 52.3%. ამ უკანასკნელის ძირითადი მომხმარებელი ევროკავშირის ქვეყნებია.

საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. მიმდინარე წელის იანვარ-მაისში სომხეთის ექსპორტი 8.1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 12.8%-ით. ჯამში, ხუთი თვის საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 11.2% -ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. სომხეთში ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების შემცირება გაცილებით უფრო მაღალი აპრილის თვეში იყო, რაც მაისში შედარებით გაუმჯობესებულია.



რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მეოთხე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია. თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტი ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. თუმცა, ამ უკანასკნელის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს. 2020 წლის იანვარ-აპრილში ბულგარეთის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.8%-ით შემცირდა. მათ შორის, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში 4.2%-ით. ამავე პერიოდში, იმპორტი უფრო მეტი პროცენტით, 8.5%-იანი კლება იყო. თუმცა, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან იმპორტი 38.7%-ით მეტი იყო, რაც სპილენძის და სხვა მეტალის მადნების ზრდამ განაპირობა.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა უკრაინაა, რომელსაც ექსპორტის 6.5% უჭირავს. თავად ამ უკანასკნელი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%), გერმანია (4.7%), ჩინეთი (4.6%) და ინდოეთია (4.6%). აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ჩინეთში უკრაინის ექსპორტი 95.0%-ით გაიზარდა. შედეგად, აღნიშნული პერიოდის მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილმა 11.1% შეადგინა. საერთო ჯამში, 2020 წლის იანვარ-აპრილში უკრაინის ექსპორტი 1.7%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 9.3%-ით. ამ პერიოდში, საქართველოდან უკრაინის იმპორტი 37.4%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდში.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნების სავაჭრო მაჩვენებლების კლებაა, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს. ასეთი კი მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თურქეთის იმპორტის 1.0%-იანი ზრდაა. თუმცა, ამ პერიოდში საქართველოდან ექსპორტი არ გაზრდილა. პირიქით, იანვარ-აპრილში თურქეთში საქონელი და მომსახურების ექსპორტი 19.0%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, ექსპორტის ზრდის კუთხით ყირგიზეთი გამოირჩევა, რომელის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იანვარ-აპრილში 2.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ქვეყნებიდან კი სავაჭრო ბრუნვა ყველაზე მეტად აზერბაიჯანში და რუსეთში შემცირდა, რაც, ერთი მხრივ, ნავთობის ფასის შემცირებას და მეორე მხრივ, გლობალურად შემცირებული ეკონომიკური აქტივობის ნავთობზე შემცირებულ მოთხოვნას უკავშირდება. ეს ორი ქვეყანა კი საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო ეკონომიკებია. 2019 წელს მთლიანი ექსპორტის 26.4% სწორედ ამ ორ ქვეყნის წილი იყო.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 16.8%-ით შემცირდა, რაც იანვარ-აპრილში 11.8%-იანი კლების ნიშნულს იკავებდა. აღნიშნულ პერიოდში, სავაჭრო დეფიციტი 12.7%-ით იყო შემცირებული, რაც იანვარ-მაისში კიდევ უფრო მეტად, 17.7%-ით შემცირდა. დეფიციტის მოცულობის კლება კი იმპორტის იმპორტზე უფრო მეტად შემცირებითაა გამოწვეული. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 16.1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 17.1%-ით. წინა თვესთან შედარებით, ექსპორტის კლება 2.4 პ.პ.-ით უფრო მაღალი იყო. ბოლო სამთვიან პერიოდში ექსპორტის ყოველთვიური მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 26.8% -ით მცირდება, ხოლო იმპორტი კი - საშუალოდ 29.3%-ით. ამდენად, მიმდინარე წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ექსპორტი ოდნავ, 5.4%-ით გაუმჯობესდა, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაისის თვეში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები უფრო მეტადაა გაუარესებული, ვიდრე ეს იყო აპრილის თვეში.



ბოლო ორ თვეში ექსპორტის შემცირების დინამიკა ყველა თვალსაჩინო აზერბაიჯანსა და სომხეთში იყო, რაც მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ უკანასკნელის რეექსპორტი არც განხორციელებულა. აზერბაიჯანში მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 45.8%-ითაა შემცირებული. მსგავსი მდგომარეობაა სომხეთის კუთხით, სადაც ამავე პერიოდში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება 58.4%-ით ნაკლებია. თუმცა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 0.8%-ითაა შემცირებული, რაც სომხეთის შემთხვევაში 41.5%-იანი კლებაა. აღნიშნულის მიზეზი კი 2020 წლის პირველ სამ თვეში აზერბაიჯანთან ექსპორტის ზრდის მაღალი ტემპი იყო, ხოლო სომხეთში კი, პირიქით, წლის დასაწყისიდანვე ექსპორტი მცირდებოდა.



მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ექსპორტი რუსეთში 28.1%-ით შემცირდა. მაისის თვეში ექსპორტის შემცირება კი 23.4% იყო. ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების კლება, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ყველაზე დიდი მარტში, 43.0% იყო, მაგრამ აპრილ-მაისში ეს კლების მაჩვენებელი შედარებით უფრო დაბალია. განსხვავებით რუსეთისგან, უკრაინაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აპრილ-მაისში საშუალოდ 70.9%-ით შემცირდა, როცა თებერვალ-მარტში კლების მაჩვენებელი საშუალოდ 25.8% იყო. ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში უკრაინაში ექსპორტი 38.9%-ითაა შემცირებული. თუმცა, რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში არ შემცირებულა და პირიქით, 14.9%-ით გაიზარდა, ესაა ბულგარეთი.



გარდა ზემოთ ხსენებული ქვეყნებისა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონის სხვა სავაჭრო პარტნიორებთანაც შემცირდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ექსპორტი თურქეთში (23.0%), რუმინეთში (83.8%) , უზბეკეთში (30.7%), ყირგიზეთში (80.0%) და ყაზახეთში (47.8%) შემცირდა. 2019 წელს აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება მთლიან ექსპორტის 16.2%-ს შეადგენდა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - საქონლის სახეები

2019 წლის მონაცემებით, საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები (17.3%), ფეროშენადნობები (8.0%), ყურძნის ღვინოები (5.9%), დაფასოებული სამკურნალო საშუალებები (4.6%) და მინერალური წყლებია (3.5%). ჯამში, ეს ხუთი საექსპორტო საქონელი მთლიანი ექსპორტის 39.4%-ს იკავებს, ხოლო მათი გატანა კი უმეტესად რეგიონის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებში ხდება. აღნიშნული პროდუქცია არამხოლოდ ბოლო წლებში, არამედ ისტორიულად უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც ადრეული პერიოდიდან სწორედ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის.



მიმდინარე წლის იანვარ-მაისის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხუთივე უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ექსპორტი შემცირებულია. თუმცა, მათგან ყველაზე ნაკლებად სპილენძის მადნების ექსპორტი შემცირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 1.2% -ით ნაკლებია. აღნიშნული კლება კი მაისის თვეში 35.5%-იან შემცირებას უკავშირდება. საქართველოდან სპილენძის მადნების ყველაზე დიდ იმპორტიორი ქვეყანა ბულგარეთია, რომელიც ამ უკანასკნელის ექსპორტში 40.5%-იანი წილი უჭირავს.

2020 წლის პირველ ხუთ თვეში, პროცენტულად ყველაზე დიდი შემცირება დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ნაწილშია, სადაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამ უკანასკნელის ექსპორტი 59.8%-ით შემცირდა. დაახლოებით 20-20%-ითაა ფეროშენადნობების და მინერალური წლების ექსპორტი შემცირებული. ხოლო, რაც შეეხება ღვინოს - ამ შემთხვევაში, ექსპორტის მაჩვენებლის 11.3%-იანი კლებაა, რაც თებერვალსა და აპრილში, წინა წლის იმავე თვეებთან შედარებით, 22-22%-იანი შემცირებითაა განპირობებული.

მიმოხილვის შეჯამება

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია. საქართველო ისტორიულად ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს, რომლებიც ყველაზე მსხვილი საექსპორტო ქვეყნებია. მათგან კი პირველი სამი ქვეყანა უშუალოდ მეზობელი - რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთია. თუმცა, ძირითადი სავაჭრო რეგიონი არასტაბილურობით ხასიათდება, რაც სხვა პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, ნავთობის ფასებს უკავშირდება. ამდენად, მიმდინარე წელს რეგიონის სავაჭრო მაჩვენებლების გაუარესება არამხოლოდ პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, არამედ ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნასაც უკავშირდება.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი, იანვარ-აპრილთან შედარებით კიდევ უფრო მეტად, 16.2%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 17.0%-ით. მსგავსად, საქართველოსი, რეგიონის ყველა სავაჭრო პარტნიორის ბრუნვა შემცირებულია. მათგან კი ყველაზე მეტად რუსეთი და აზერბაიჯანის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები. აზერბაიჯანის შემთხვევაში, მაისისთვის ექსპორტი 25.3% და იმპორტი 25.7%-ითაა შემცირებული, რაც აპრილთან შედარებით გაუარესებული მდგომარეობაა. თუმცა, ნავთობის ფასების მცირე, მაგრამ ზრდა და შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნა, მომდევნო თვეებში სავაჭრო მაჩვენებლებზე დადებითად აისახება, რაც რეგიონის სავაჭრო მდგომარეობაა გააუმჯობესებს.