მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი - ვინაა ლიდერი?

5e2550d01144d
ეგნატე შამუგია
20.01.20 19:25
4172
სიტყვათა წყობა „ქვეყნის განვითარების“ მიღმა უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური განვითარება იგულისხმება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელია ის, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე - ცხოვრების დონეზე პირდაპირ აისახება. ცხადია, რაც უფრო დაბალია ეკონომიკურ განვითარების ტემპი, მით უფრო დაბალია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და მაღალია სიღარიბე. თავის მხრივ, სიღარიბე ფარდობითი და სუბიექტური კატეგორიის ცნებაა. მუდმივად იარსებებს ღარიბი ქვეყნები, ღარიბი მოსახლეობა. სიღარიბის დაძლევა მიუღწეველი ამოცანაა, ვინაიდან სიღარიბე შედარებითია. მაგალითად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანია ღარიბი ქვეყანაა. ცხადია, აქ ვგულისხმობთ, რომ არსებობს ქვეყნები, რომელთა შემოსავლები უფრო მაღალია, ვიდრე ამ უკანასკნელის. ასევე, შეგვიძლია ვთქვა, რომ გერმანია მდიდარი ქვეყანაა, როცა მასზე უფრო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს ვადარებთ. საშუალოდ, გერმანიის მოქალაქე ესტონელთან შედარებით მდიდარია, მაგრამ ირლანდიელთან მიმართებით ღარიბი. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მდიდარი ან ღარიბი ქვეყანაა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის შევადარებთ.

ამდენად, როცა საქართველოზე, როგორც დაბალი შემოსავლის ქვეყანაზე და სიღარიბეზე ვსაუბრობთ, მას სხვა ქვეყნებს ვადარებთ. როგორც აღვნიშნეთ, სხვა ქვეყნებთან შედარებით გამდიდრება მათზე უფრო მაღალი ეკონომიკური განვითარების ტემპით მიიღწევა. საქართველოს ეკონომიკური განვითარებაზე საუბრისას, უმეტესწილად, შედარება რეგიონის ქვეყნებთან ხდება. მათ შორის, მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან საქართველო რეგიონის ლიდერ ქვეყანად ხშირადაა დასახელებული.

თუმცა, სანამ უშუალოდ შედარებაზე გადავალთ, მნიშვნელოვანია, მკაფიოდ განიმარტოს რეგიონი, სადაც საქართველო შედის და შედარების თვალსაზრისით რელევანტურია. რეგიონის ვიწრო გაგებაში საქართველოს სამეზობლო შეიძლება ვიგულისხმოთ (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი). საერთაშორისო ორგანიზაციებიდან სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს დსთ-ის წევრი ქვეყნების ჯგუფშიც მოიაზრებს (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დსთ-ის წევრი აღარ არის). მსოფლიო ბანკის (WB) ქვეყნების ჯგუფის მიხედვით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონშია (მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკების გამოკლებით). თავის მხრივ, ამ ჯგუფში დსთ-ის წევრი სახელმწიფოებიც შედიან და ამ რეგიონში შემავალი ქვეყნების ეკონომიკებს მეტ-ნაკლებად ერთნაირი მახასიათებელი ნიშან-თვისებები გააჩნიათ. გარდა ამისა, ამ ჯგუფის ქვეყნებს ერთმანეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ანალიზი სწორედ ევროპის და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავალის არმქონე რეგიონის 21 ქვეყანასთან მიმართებით იქნება. ასევე, შესაძლებელია განხილვა დსთ-ის ქვეყნების ჭრილშიც, როგორც ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი აკეთებს.

ქვეყნებს შორის შედარების თვალსაზრისით ფართოდ გავრცელებული ინდიკატორი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობაა. აღნიშნული მაჩვენებელი მთლიანი ეკონომიკის საშუალოდ ერთ მოსახლეზე განაწილებას აჩვენებს. თავის მხრივ, ეს მაჩვენებელი დროით ჭრილში და სხვა ქვეყნებთან მიმართებით შესადარი რომ იყოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) მიხედვით, პირობით ერთეულში - საერთაშორისო დოლარი, მუდმივ ფასებში ითვლება, რაც დროით ჭრილში ინფლაციისა და ქვეყნებს შორის ფასების დონეების განსხვავებების გამორიცხვის საშუალებას იძლევა. ესე იგი, ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით დათვლილი მშპ-ის მოცულობა საშუალოდ ერთ სულზე მოსახლეზე განაწილებულ რეალურ ეკონომიკას ასახავს.

ზემოთ ხსენებულ რეგიონში, სულ განვითარებადი ეკონომიკის მქონე 21 ქვეყანაა, სადაც 2019 წლის მონაცემებით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე განაწილებული ეკონომიკის მოცულობით მე-15 ადგილს იკავებს. თუმცა, ბოლო ათწლიან პერიოდში ზრდის კუთხით, თურქმენეთის შემდეგ მე-2 ადგილზეა. მიუხედავად ზრდის ტემპისა, საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის განაწილების მაჩვენებლით, 2010 წელთან შედარებით, მხოლოდ უკრაინას გაასწრო, რაც ამ ქვეყანაში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად, ეკონომიკის შემცირებითაა გამოწვეული. თავის მხრივ, აღნიშნულ რეგიონში საქართველოსთან შედარებით მდიდარი რუსეთი, ყაზახეთი, თურქეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ბელარუსი, თურქმენეთი და სხვა ქვეყნებია. რაც შეეხება საქართველოზე უფრო დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს, ესენია: სომხეთი, უკრაინა, უზბეკეთი, მოლდოვა, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.



გარდა ერთ სულზე რეალური ეკონომიკის განაწილებისა, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების განხილვაც მნიშვნელოვანია.

ბოლო ხუთწლიან პერიოდში, ეკონომიკის ყოველწლიური ზრდის ტემპის საშულო 4.0%-იანი მაჩვენებლით საქართველო რეგიონის 21 ქვეყნიდან მე-8 ადგილს იკავებს. მას ისეთი ეკონომიკები უსწრებს, როგორიცაა: ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, რუმინეთი, სომხეთი, კოსოვო* და ყირგიზეთი.



ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა, ჯამში, 21.5%-ით გაიზარდა. თითქმის იმავე პროცენტითაა გაზრდილი თურქეთის (21.3%) და ყირგიზეთის (21.9%) მშპ-ს მოცულობა. ეკონომიკის ჯამურად ზრდის კუთხით რეგიონში მაღალი ნიშნული ტაჯიკეთს გააჩნია, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მშპ-ის მოცულობა 36.8%-ით გაიზარდა. ასევე, 1/3-ზე მეტით გაიზარდა თურქმენეთის (35.9%) და უზბეკეთის (32.1%) ეკონომიკის რეალური ოდენობა.

უმეტესწილად, საქართველო რეგიონის აგრეგირებული ზრდის ტრენდს იზიარებს. უშუალოდ, რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას ეროვნული ეკონომიკის ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია, ვინაიდან რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა გააჩნია. ბოლო წლებში კი, ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, ზრდა დიდწილად საგარეო მოთხოვნით ფორმირდება.


2013-2016 წლებში საქართველო მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო, ვიდრე მთლიანად რეგიონის ეკონომიკური ზრდა, რაც 2017 წლიდან შეიცვალა. მომდევნო ხუთწლიან პერიოდში კი, დღეს არსებული პროგნოზებით, საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდება, მთლიანი რეგიონის ზრდის ტემპიც დაახლოებით იმავე ნიშნულზეა პროგნოზირებული. აღნიშნული მიუთითებს, რომ რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით სიღარიბის დღეს არსებულ ნიშნულზე დავრჩებით.

შეჯამების სახით რომ ვთქვა,  საქართველო რეგიონის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებთან შედარებითაც ღარიბია. რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით ეკონომიკური განვითარების ტემპი  დაბალია, რაც მომდევნო წლებისთვის თითქმის იგივე ნიშნულზეა პროგნოზირებული, რაც აქამდე იყო.  შესაბამისად, საქართველო ეკონომიკური განვითარებით რეგიონის ლიდერი კი არა, ხუთეულს მიღმაა.

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპით ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და სხვა ქვეყნები უსწრებს. გარდა ამისა, საქართველო რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის განაწილების კუთხით ბოლო ადგილებს იკავებს, სადაც უშუალო მეზობელი ქვეყნიდან მხოლოდ სომხეთი უსწრებს.