მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი : ვაჭრობის დინამიკა (ნოემბერი)

5fe9e56917bad
ეგნატე შამუგია
29.12.20 10:15
1750
  • იანვარ-ნოემბერში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 12.5%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 14.1%-ით. ნოემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ორივე - ექსპორტი და იმპორტის მაჩვენებლები უფრო მეტადაა შემცირებული.
  • იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველო ექსპორტი რეგიონის მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან საშუალოდ 30.9%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, ზრდა მხოლოდ ბულგარეთში იყო, რამაც 10.3% შეადგინა.
  • მიმდინარე წლის 11 თვის მანძილზე, რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტის შემცირება ყველაზე დიდი ნიშნულით II კვარტალში დაფიქსირდა.
ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი

საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში, ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. 2019 წლის საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა, რაც წინა პერიოდშიც თვალსაჩინო იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ ზრდას დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები საგარეო ვაჭრობას შეეხო, რომლის შედეგი - ზრდაში ამ უკანასკნელის უარყოფითი წვლილია. მიმდინარე წლის I კვარტალში წმინდა ექსპორტის წვლილმა -7.1 პ.პ. შეადგინა, ხოლო II კვარტალში კი - 7.8 პ.პ. , როცა ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან ამ ქვეყნების ეკონომიკის, დაახლოებით, ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს.

გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდა, დანახარჯების მიხედვით (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი

2020 წლის I კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინები შექმნა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა. თუმცა, მაისის დასაწყისიდან ნავთობის ფასები ოდნავ გაიზარდა, ხოლო მთავრობებმა შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნეს, რაც მომდევნო თვეებში საქართველოს ექსპორტის პერსპექტივას გააუმჯობესებს. მიმდინარე პერიოდისთვის კი ამ უკანასკნელის ფასი საშუალოდ 45 აშშ დოლარს შეადგენს, რაც წლის დასაწყისში არსებულზე 18 აშშ დოლარით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასების კუთხით მდგომარეობა გამოსწორდა, პანდემიით გამოწვეულ კრიზისს სომხეთ-აზერბაიჯანის ომი დაემატა, რაც ოქტომბერში სრულად მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასებიდან მომდინარე შოკი შემცირებულია, მიმდინარე წლის ბოლოსკენ ვირუსის მეორე ტალღის გამო გამკაცრებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკური აქტივობა შეამცირა და მდგომარეობაა გააუარესა.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია, სადაც, 2020 წლის I ნახევრის მიხედვით, ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 59.6%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 48.6%. აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 39.0%-ს შეადგენს. სპილენძის მადნების კი ბულგარეთია, რომელის რეექსპორტი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ხორციელდება. გარდა ამ ქვეყნისა, სომხეთსა და აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტირება ხდება. რეექსპორტის გარეშე, ამ ქვეყნებში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 19.5% თამბაქოს პროდუქციაა, ხოლო 11.4% კი - სამკურნალო საშუალებები (რეექსპორტის გარეშე). სომხეთში კი ძირითადად სპირტის (4.5%), სამკურნალო საშუალებების (4.3%) და ციანიდების (4.1%) ექსპორტი ხორციელდება.

გრაფიკი 2: საქართველოს სავაჭრო პარტნიორების წილი მთლიან ექსპორტ-იმპორტში, 2020 წლის I ნახევარი (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

განსხვავებით გასული წლებისა, მიმდინარე წელს ექსპორტში ქვეყნების წილი შეიცვალა. 2020 წლის I ნახევრის მიხედვით, რეგიონიდან საქართველოს სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, რუსეთი და ბულგარეთია. ამ ქვეყნების მთლიანი ექსპორტის 1/3 -ზე მეტი უჭირავს, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო კი თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.7% -ია. თურქეთიდან იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ.ენერგიას.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნიდან აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უკავია. თავი მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90.0%-ს აღემატება. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის ექსპორტი 10.4% -ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 17.7%-ით. მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომელიც თავისი საქონლის და მომსახურების ექსპორტს ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიასა (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს. მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია. თუმცა, აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხორბლის იმპორტში 83.2%-იანი სწორედ რუსეთის წილია. საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში სომხეთის ექსპორტი - 5.2%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 15.9%-ით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპორტში სომხეთის წილიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელში ექსპორტი ყველაზე მეტადაა შემცირებული, რაც ბოლო თვეებში კლების უფრო მაღალ ნიშნულებს იკავებს.

ცხრილი 1: საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების 2020 წლის სავაჭრო მაჩვენებლები, რეგიონი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მეოთხე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია. თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. თუმცა, ამ უკანასკნელის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ბულგარეთის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.6%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, იმპორტის უფრო მეტი, 10.9%-იანი კლება იყო. ხოლო, რიგით მეხუთე საექსპორტო ქვეყანა უკრაინის სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%) და გერმანიაა (4.7%). მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში კი უკრაინის ექსპორტი -4.8%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 14.3%-ით ნაკლებია [მხოლოდ საქონელი]. აღნიშნულ პერიოდში, წინა თვეებთან შედარებით უკრაინის სავაჭრო ბრუნვა ექსპორტის შემცირების გამო ოდნავ გაუარესებულია.

საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნების სავაჭრო მაჩვენებლების კლებაა, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს. ასეთი კი მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყირგიზეთის ექსპორტის 4.7%-იანი ზრდაა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 13.6%-ით შემცირდა, სადაც ექსპორტის 12.5%-იანი კლებაა, ხოლო იმპორტის კი 14.1%. ეს კი მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით გაუარესებულია, რაც ნოემბერში საქართველოსა და სავაჭრო პარტნიორებში შეზღუდვების გამკაცრებას უკავშირდება. 2020 წლის ნოემბერში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ექსპორტი 12.9%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 9.3%-ით. ოქტომბერში კი ექსპორტის 1.1%-იანი კლება იყო, ხოლო იმპორტის კი - 17.8%-იანი, რაც, თავის მხრივ, სექტემბერის მაჩვენებლებთან შედარებით გაუარესებული იყო. ამდენად, ბოლო სამი თვის მანძილზე სავაჭრო მაჩვენებლების გაუარესების ტენდენცია იკვეთება.

გრაფიკი 3: საქართველოს სავაჭრო ბალანსი, თვეების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო თვეში ექსპორტის შემცირების დინამიკა, მისი მოცულობიდან გამომდინარე ყველა თვალსაჩინო სომხეთშია, რაც პანდემიის გარდა, სხვა მიზეზებით [ომი, პოლიტიკური კრიზისი] არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ სომხეთის ეკონომიკა იანვარ-ნოემბერში 7.2%-ითაა შემცირებული, რაც რეგიონში ერთ-ერთი ღრმა რეცესიის მაჩვენებელია. ამავე პერიოდში, საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55.6%-ითაა შემცირებული, რაც საქართველოს ექსპორტში ამ ქვეყნის წილიდან გამომდინარე ყველაზე დიდი შემცირებაა. უშუალოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 71.3%-იანი შემცირებაა, რაც ოქტომბერში 75.5%-ს აღწევდა. რაც შეეხება, ბოლო წლებში საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორთან - აზერბაიჯანთან არსებულ მდგომარეობას, ამ შემთხვევაში, იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტის ღირებულება 11.7%-ითაა შემცირებული, ხოლო ნოემბრის თვეში კი - 22.5%-ით. საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტის კლება უფრო ნავთობის ფასების მყისიერი ვარდნი პერიოდს უკავშირდება. ხოლო, მას შემდეგ, რაც ნავთობზე მოთხოვნა და ფასები გაიზარდა, საქართველოდან ექსპორტის ყოველთვიური კლების ტენდენცია შემცირდა. მაგალითად, სექტემბერში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10.6%-ითაც კი იყო გაზრდილი.

გრაფიკი 4: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტი რუსეთში 12.6%-ით შემცირდა, რაც წინა თვეებთან შედარებით გაუმჯობესებულია. კერძოდ, აგვისტოდან ექსპორტი იზრდება. მაგალითად, სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 31.0%-ით გაიზარდა, რაც ოქტომბერში 10.0%-იანი ნიშნულით იყო. ნოემბერში კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2.4%-ით გაიზარდა, რაც მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით, 6.6%-ით მეტია. ამავე პერიოდში ექსპორტი არამხოლოდ რუსეთში, არამედ უკრაინაშიც გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 16.6%-ით გაზრდილია. თუმცა, იანვარ-ნოემბერში ექსპორტის ღირებულება 16.9%-ითაა შემცირებული. შერჩეული ქვეყნებიდან ერთადერთი ბულგარეთია, სადაც მიმდინარე წლის 11 თვის მდგომარეობით ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არ შემცირებულა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბულგარეთში ექსპორტი 10.3%-ითაა გაზრდილი, რაც ამ ქვეყანაში ნომერ პირველ საექსპორტო საქონელს და ექსპორტის კალათაში უმსხვილესს - სპილენძის მადნებს უკავშირდება, რაც რეექსპორტსაც მოიცავს.

გრაფიკი 5: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ზემოთ ხსენებული ქვეყნებისა, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონის სხვა სავაჭრო პარტნიორებთანაც ექსპორტის შემცირების ნიშნული თვალსაჩინოა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ექსპორტი თურქეთში (7.1%), უზბეკეთში (22.3%), ყირგიზეთში (74.7%), რუმინეთი (88.1%) და ყაზახეთში (30.3%) შემცირდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იანვარ-აგვისტოსთან შედარებით, სავაჭრო მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. 2020 წელს 11 თვის მონაცემებით, აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურებამ მთლიან ექსპორტის 10.5%-ს შეადგენდა.

მიმოხილვის შეჯამება

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგები საგარეო ვაჭრობასა და ამ უკანასკნელის წვლილზე აისახა. საქართველო ისტორიულად ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს. მათგან კი პირველი სამი ქვეყანა უშუალოდ მეზობელი - რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთია. თუმცა, ძირითადი სავაჭრო რეგიონი არასტაბილურობით ხასიათდება, რაც სხვა პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, ნავთობის ფასებს უკავშირდება. ამდენად, მიმდინარე წელს რეგიონის სავაჭრო მაჩვენებლების გაუარესება არამხოლოდ პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, არამედ ნავთობის ფასების მკვეთრ ვარდნასაც უკავშირდება.

საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ექსპორტი 12.5%-ით ნაკლებია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში, რაც ასევე, იანვარ-ოქტომბერთან შედარებით გაუარესებულია. კერძოდ, ინავარ-ოქტომბერში ექსპორტი 10.5%-ით იყო შემცირებული. ნოემბრის მდგომარეობით, არამხოლოდ ექსპორტი, არამედ იმპორტის კლების მაჩვენებელიც შედარებით დიდია. ამდენად, იანვარ-ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 13.6%-ით ნაკლებია.