მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი : ვაჭრობის დინამიკა (ოქტომბერი, 2020)

5fc4efe01e02b
ეგნატე შამუგია
30.11.20 19:45
1800
• იანვარ-ოქტომბერში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 10.5%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 13.1%-ით. აღსანიშნავია, რომ აგვისტოდ ექსპორტის ცვლილების ტრენდი შედარებით გაუმჯობესებულია.
• იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველო ექსპორტი რეგიონის მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან საშუალოდ 29.9%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, ზრდა მხოლოდ ბულგარეთში იყო, რამაც 11.5% შეადგინა.
• მიმდინარე წლის ათ თვის მანძილზე, რეგიონის ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტის შემცირება ყველაზე დიდი ნიშნულით მარტსა და აპრილში დაფიქსირდა.
• ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, რეგიონის ძირითად საექსპორტო ქვეყნებთან საქართველოს ექსპორტი 2.3%-ით გაზრდილია, ხოლო წინა წლის აგვისტოსთან შედარებით კი 23.0%-ით ნაკლებია.

ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი

საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში, ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. 2019 წლის საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა, რაც წინა პერიოდშიც თვალსაჩინო იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ ზრდას დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები საგარეო ვაჭრობას შეეხო, რომლის შედეგი - ზრდაში ამ უკანასკნელის უარყოფითი წვლილია. მიმდინარე წლის I კვარტალში წმინდა ექსპორტის წვლილმა -7.1 პ.პ. შეადგინა, ხოლო II კვარტალში კი - 7.8 პ.პ., როცა ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან ამ ქვეყნების ეკონომიკის დაახლოებით ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს.

გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდა, დანახარჯების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი

2020 წლის I კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინები შექმნა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა, თუმცა, მაისის დასაწყისიდან ნავთობის ფასები ოდნავ გაიზარდა, ხოლო მთავრობებმა შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნეს, რაც მომდევნო თვეებში საქართველოს ექსპორტის პერსპექტივას გააუმჯობესებს. მიმდინარე პერიოდისთვის კი ამ უკანასკნელის ფასი საშუალოდ 45 აშშ დოლარს შეადგენს, რაც წლის დასაწყისში არსებულზე 18 აშშ დოლარით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასების კუთხით მდგომარეობა გამოსწორდა, პანდემიით გამოწვეულ კრიზისს სომხეთ-აზერბაიჯანის ომი დაემატა, რაც ოქტომბერში სრულად მიმდინარეობდა.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია, სადაც, 2020 წლის I ნახევრის მიხედვით, ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 59.6%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 48.6%. აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 39.0%-ს შეადგენს. სპილენძის მადნების საექსპორტო ქვეყანა კი ბულგარეთია, რომელის რეექსპორტი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ხორციელდება. გარდა ამ ქვეყნისა, სომხეთსა და აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტირება ხდება. რეექსპორტის გარეშე, ამ ქვეყნებში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 19.5% თამბაქოს პროდუქციაა, ხოლო 11.4% კი - სამკურნალო საშუალებები (რეექსპორტის გარეშე). სომხეთში კი ძირითადად სპირტის (4.5%), სამკურნალო საშუალებების (4.3%) და ციანიდების (4.1%) ექსპორტი ხორციელდება.

გრაფიკი 2: საქართველოს სავაჭრო პარტნიორების წილი მთლიან ექსპორტ-იმპორტში, 2020 წლის I ნახევარი (%)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

განსხვავებით გასული წლებისა, მიმდინარე წელს ექსპორტში ქვეყნების წილი შეიცვალა. 2020 წლის I ნახევრის მიხედვით, რეგიონიდან საქართველოს სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, რუსეთი და ბულგარეთია. ამ ქვეყნების მთლიანი ექსპორტის 1/3 -ზე მეტი უჭირავს, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო კი თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.7% -ია. თურქეთიდან იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ. ენერგიას.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნიდან აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უკავია. თავი მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90.0%-ს აღემატება. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში აზერბაიჯანის ექსპორტი 10.0% -ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 38.7%-ით. მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომელიც თავისი საქონლის და მომსახურების ექსპორტს ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიასა (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს. მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია. თუმცა, აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხორბლის იმპორტში 83.2%-იანი სწორედ რუსეთის წილია. მიმდინარე წელს კი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვანი ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის შემთხვევაშიც იქონია. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთის ექსპორტი 24.4%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 7.9%-ით. ექსპორტის შემცირებაში არსებითი გავლენა ენერგო პროდუქტებზე შემცირებულმა მოთხოვნამ იქონია [*უახლესი მონაცემები აგვისტოს ჩათვლითაა]. საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში სომხეთის ექსპორტი -4.4%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 14.9%-ით. ბოლო თვეებში სომხეთი იმპორტი უფრო მეტად შემცირდა.

ცხრილი 1: საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების 2020 წლის სავაჭრო მაჩვენებლები, რეგიონი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მეოთხე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია. თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. თუმცა, ამ უკანასკნელის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ბულგარეთის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.7%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, იმპორტის უფრო მეტი, 11.3%-იანი კლება იყო. ხოლო, რიგით მეხუთე საექსპორტო ქვეყანა უკრაინის სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%) და გერმანიაა (4.7%). მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში კი უკრაინის ექსპორტი -5.6%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 14.3%-ით ნაკლებია [*მხოლოდ საქონლით ვაჭრობა]. აღნიშნულ პერიოდში, წინა თვეებთან შედარებით უკრაინის სავაჭრო ბრუნვა გაუმჯობესებულია.
საერთო ჯამში, მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნების სავაჭრო მაჩვენებლების კლებაა, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს. ასეთი კი მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყირგიზეთის ექსპორტის 10.5%-იანი ზრდაა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 12.4%-ით შემცირდა, სადაც ექსპორტის 10.5%-იანი კლებაა, ხოლო იმპორტის კი 13.1%. აღნიშნული წინა თვესთან შედარებით გაუმჯობესებულია. 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, ექსპორტი 1.1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 17.8%-ით. სექტემბერში კი ექსპორტის 9.5%-იანი ზრდა იყო. ამ პერიოდში აღსანიშნავია ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება, რაც ექსპორტის ზრდის ხელშემწყობია.

გრაფიკი 3: საქართველოს სავაჭრო ბალანსი, თვეების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო თვეში ექსპორტის შემცირების დინამიკა, მისი მოცულობიდან გამომდინარე ყველა თვალსაჩინო აზერბაიჯანი, რუსეთი და სომხეთში იყო. შემცირება აზერბაიჯანი და სომხეთის შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან სომხეთში ექსპორტი 51.0%-ითაა შემცირებული, ხოლო აზერბაიჯანში კი შედარებით ნაკლებით - 8.6%-ით. უშუალოდ ოქტომბრის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტის შემცირება მაღალ ნიშნულს იკავებდა, რომელის ერთ-ერთი მიზეზი ამ ორ ქვეყანას შორის ომიც იყო. ოქტომბერში სომხეთში ექსპორტი 74.5% -ით შემცირდა, აზერბაიჯანში კი - 17.2%-იანი კლება იყო. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში ამ უკანასკნელში საქართველოს ექსპორტი 13.3%-ით იყო გაზრდილი.

განსხვავებით აღნიშნული ორი ქვეყნისგან, ოქტომბერში ექსპორტის ზრდა რუსეთში დაფიქსირდა. კერძოდ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ნიშნული 10.1%-ია, თუმცა, არამხოლოდ ოქტომბერში, არამედ რუსეთთან ექსპორტის დინამიკა აგვისტოდან გაუმჯობესებულია. ამ პერიოდში 3.9%-იანი ზრდა იყო, ხოლო სექტემბერში კი, 31.2%-ს მიაღწია. იანვარ-ოქტომბერში კი, რუსეთში საქართველოს ექსპორტი 14.3%-ითაა შემცირებული.

გრაფიკი 4: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბოლო თვეებში ექსპორტი არამარტო - რუსეთში, არამედ უკრაინაშიც გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტის მხოლოდ 0.3%-იანი ზრდაა, ეს მაჩვენებელი სექტემბერში 43.7%-ს აღწევდა, ხოლო აგვისტოში კი - 9.2%-ს. აღნიშნულ ქვეყანაში საქართველოდან ძირითადი ადილობრივი საექსპორტო საქონელი სპირტიანი სასმელები, ღვინო, მინერალური წყლები და ჯართია. რაც შეეხება კიდევ ერთ უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანას - ოქტომბერში ბულგარეთთან ექსპორტი 0.6%-ით შემცირდა, მაგრამ წინა თვეებში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ზრდის მაღალი ნიშნულები იყო. საერთო ჯამში, იანვარ-ოქტომბერში ბულგარეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება 11.5%-ით გაზრდილია, რაც რეგიონის ქვეყნებიდან ერთადერთი ზრდის ნიშნულია, რადგან სხვა დანარჩენთან ათი თვის მონაცემებით ექსპორტი შემცირებულია. თავის მხრივ, ამ ქვეყანაში ძირითადი საექსპორტო საქონელი მხოლოდ სპილენძის მადნები და კონცენტრატებია.

გრაფიკი 5: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ზემოთ ხსენებული ქვეყნებისა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონის სხვა სავაჭრო პარტნიორებთანაც ექსპორტის შემცირების ნიშნული თვალსაჩინოა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ექსპორტი თურქეთში (7.8%), რუმინეთი (87.9%)უზბეკეთში (22.4%), ყირგიზეთში (69.9%) და ყაზახეთში (30.1%) შემცირდა. 2020 წელს იანვარ-ოქტომბერში აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურებამ მთლიან ექსპორტის 10.7%-ს შეადგენდა, ხოლო რეგიონის ათივე ქვეყნაში ექსპორტის წილი კი მთლიანის 58.2%-ს.

მიმოხილვის შეჯამება

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგები საგარეო ვაჭრობასა და ამ უკანასკნელის წვლილზე აისახა. საქართველო ისტორიულად ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს. მათგან კი პირველი სამი ქვეყანა უშუალოდ მეზობელი - რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთია. თუმცა, ძირითადი სავაჭრო რეგიონი არასტაბილურობით ხასიათდება, რაც სხვა პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად, ნავთობის ფასებს უკავშირდება. აღნიშნულს კი ოქტომბრის თვეში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი დაემატა.
საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 10.5%-ით ნაკლებია, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ექსპორტის დინამიკა გაუმჯობესებულია. ამავე პერიოდში, იმპორტი 13.1%-თაა შემცირებული. ამდენად, ათი თვის მდგომარეობით სავაჭრო ბრუნვა 12.4%-ით შემცირებულია.