მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი: იანვრის ვაჭრობის დინამიკა

603a94449181b
ეგნატე შამუგია
28.02.21 20:00
1188
ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი
 
საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. 2019 წლის საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. წინა წლების ეკონომიკურ ზრდებშიც წმინდა ექსპორტის წვლილი თვალსაჩინო იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის ტემპი დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოს ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. თუმცა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ყველაზე მეტად საგარეო ვაჭრობის ნაწილზე აისახა, რომლის შედეგი - ზრდაში ამ უკანასკნელის უარყოფითი წვლილია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წმინდა ექსპორტის წვლილმა -7.1 პ.პ. შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში კი - 7.8 პ.პ. , როცა ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. გასული წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის 5.5%-იანი კლება იყო, სადაც წმინდა ექსპორტს 16.9 პ.პ.-იანი წვლილი გააჩნდა. თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან ამ ქვეყნების ეკონომიკის დაახლოებით ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს.

გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდა, დანახარჯების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი

2020 წლის პირველ კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინები შექმნა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა. თუმცა, მაისის დასაწყისიდან ნავთობის ფასები ოდნავ გაიზარდა, ხოლო მთავრობებმა შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნეს, რამაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახა, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა, რადგან შემოდგომიდან საქართველომ და მათ შორის, რეგიონის სხვა ქვეყნებმა შეზღუდვების მასშტაბების გაფართოება დაიწყეს. შეზღუდვების მოქმედება კი მიმდინარე წლის იანვარშიც გაგრძელდა, რაც ეკონომიკური აქტივობის მკვეთრ შემცირებაში აისახა. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასების კუთხით მდგომარეობა ჯერ კიდევ ზაფხულში გამოსწორდა, ადრეულ შემოდგომაზე პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, კავკასიის რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის ომი დაემატა, რაც 47 დღე გაგრძელდა. ცხადია, ომმა ყველა ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა იქონია, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე სომხეთისთვის აღმოჩნდა. ამ მხრივ, რეგიონში მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ საქართველო და სომხეთის შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი კვლავ რჩება, რაც ეკონომიკურ მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახება.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია, სადაც, 2020 წლის მიხედვით, ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 59.2%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 49.2%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის კალათა ქვეყნების მიხედვით სახეცვლილია. რაც შეეხება საქონელს სახეების მიხედვით, ამ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელისა და მომსახურების 26.7%-ს შეადგენს. სპილენძის მადნების საექსპორტო ქვეყანა კი ბულგარეთია, რომლის რეექსპორტი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ხორციელდება. გარდა ამ ქვეყნისა, რეექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ხდება, მაგრამ ამ შემთხვევში მსუბუქი ავტომობილების, რაც 2020 წელს არსებითად შემცირდა. რეექსპორტის გარეშე, ამ ორ ქვეყანაში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 16.4% მსხვილფეხა პირუტყვია. სომხეთში კი ძირითადად აზოტოვანი სასუქებია (8.8%).

გრაფიკი 2: საქართველოს სავაჭრო პარტნიორების წილი მთლიან ექსპორტ-იმპორტში, 2020 წლის მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც აღვნიშნეთ, გასულ წელს საექსპორტო ქვეყნების წილი შეიცვალა. 2020 წლის მიხედვით, რეგიონიდან სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, რუსეთი და ბულგარეთია. ამ ქვეყნების მთლიანი ექსპორტის 1/3 -ზე მეტი უჭირავს, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო კი -თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.8% -ია. თურქეთიდან იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ. ენერგიას.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნიდან აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უკავია. თავი მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90.0%-ს აღემატება. გასულ წელს აზერბაიჯანის ექსპორტი 11.5% -ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 36.2%-ით. მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, აზერბაიჯანის ექსპორტი 12.0%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის 36.0%-იანი კლებაა. მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომელიც თავისი საქონლის და მომსახურების ექსპორტს ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიასა (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს. მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია. თუმცა, აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. გასულ წელს კი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის შემთხვევაშიც იქონია. 2020 წელს რუსეთის ექსპორტი 21.0%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 5.8%-ით. ექსპორტის შემცირებაში არსებითი გავლენა ენერგო პროდუქტებზე შემცირებულმა მოთხოვნამ იქონია.

ცხრილი 1: საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების 2020/21 წლების სავაჭრო მაჩვენებლები, რეგიონი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მესამე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია. ბულგარეთმა საექსპორტო კალათაში ეს პოზიცია სწორედ 2020 წელს, საქართველოდან სპილენძის მადნების ექსპორტის ზრდის შედეგად მოიპოვა. ეს უკანასკნელი კი ბულგარეთში მთლიანი ექსპორტის 83.7%-ს შეადგენს. თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. გარდა, ევროკავშირისა, ბულგარეთის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს. გასულ წელს ბულგარეთის ექსპორტი, 2019 წელთან შედარებით, 6.9%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, იმპორტის უფრო მეტი, 9.6%-იანი კლება იყო. ხოლო, რიგით მეოთხე საექსპორტო ქვეყანა უკრაინის სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%) და გერმანიაა (4.7%). 2020 წელს კი უკრაინის ექსპორტი 1.7%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 11.0%-ით ნაკლებია [მხოლოდ საქონელი].

რეგიონის ქვეყნებიდან რიგით მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია. თავად ამ ქვეყნისთვის კი ძირითადი საექსპორტო ეკონომიკები გერმანია (9.4%), დიდი ბრიტანეთი (6.8%), იტალია (5.7%) და ერაყია (4.7%). რეგიონიდან თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა 2020 წელს არ შემცირებულა. ამ ფონზე კი, 2020 წელს ექსპორტი 6.3%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 4.3%-ით გაიზარდა. რეგიონიდან საქართველოს რიგით მეექვსე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. გასულ წელს სომხეთის ექსპორტი 3.9%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 17.7%-ით. მიმდინარე წლის იანვარში კი ექსპორტის 11.3%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო იმპორტის კი - 20.0%-იანი.

საერთო ჯამში, 2020 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებიდან საქართველოს ათი უმსხვილესი პარტნიორი ეკონომიკების სავაჭრო მაჩვენებლების კლებაა. მათ შორის, იმპორტის მხრივ ყველაზე მაღალი კლება რუსეთშია, ხოლო ყველაზე დაბალი კი - სომხეთში. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტით აზერბაიჯანის იმპორტი შემცირდა, რაც საქართველოდან ამ უკანასკნელში ექსპორტზეც აისახა და ყველაზე უკეთესი მდგომარეობა კი თურქეთშია, სადაც იმპორტი არა თუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. აქვე აღსანიშნავია, რომ მდგომარეობა მიმდინარე წლის იანვარში არ გაუმჯობესებულა, რაც ამავე პერიოდში შეზღუდვების გამკაცრებას უკავშირდება.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

გასული წლის იანვარ-დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 13.7%-ით შემცირდა, რაც იანვარ-ნოემბერში 12.0%-იანი კლება იყო. გასული წლის ბოლოს სავაჭრო ბრუნვის გაუარესება კი ქვეყნის ხელახალ ჩაკეტვას უკავშირდება, რაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. 2021 წლის იანვარში, წინ წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 16.5%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში იმპორტი უფრო მეტით შემცირდა, ვიდრე იმპორტი. კერძოდ, იანვარში იმპორტი 16.6%-ითაა შემცირებული, ხოლო ექსპორტი კი - 16.2%-ით. რაც შეეხება 2020 წელს, ამ პერიოდში საქართველოს ექსპორტი 12.9%-ით, ხოლო იმპორტი 13.9%-ით იყო შემცირებული.

გრაფიკი 3: საქართველოს სავაჭრო ბალანსი, თვეების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იანვარში ექსპორტის შემცირება, მისი მოცულობიდან გამომდინარე, ყველა თვალსაჩინო რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთშია. ბოლო ორთან კი ექსპორტის კლება ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტს უკავშირდება. საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება იანვარში 24.4%-ით შემცირდა, ხოლო გასულ წელს ექსპორტის 13.2%-იანი კლება იყო. 2020 წელს აზერბაიჯანში ექსპორტის კლება ძირითადად მეორე და მეოთხე კვარტალებს უკავშირდება, როცა ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება ყველაზე მეტით მცირდებოდა. გაცილებით უარესი მდგომარეობაა სომხეთის შემთხვევაში, სადაც ექსპორტის ღირებულება 2020 წელს საშუალოდ ყოველთვე 52.2%-ით მცირდებოდა, ხოლო ერთ წელიწადში 56.6%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარში კი საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25.1%-ით ნაკლებია. მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის შემცირება დიდწილად სომხეთის ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება, მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორიც. ეს კი სომხეთის მიერ ავტომობილების იმპორტზე საბაჟო წესების და ტარიფების გამკაცრებაა, რაც საქართველოდან ამ უკანასკნელში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე უარყოფითად აისახა.

გრაფიკი 4: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რეგიონის ძირითადი სავაჭრო პარტნიორებიდან რუსეთი ერთ-ერთი გამონაკლისია, სადაც ექსპორტი ჯერ კიდევ აგვისტოდან იზრდებოდა. გასული წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 3.1%-ით გაიზარდა, რაც სექტემბერში 31.0%-ს აღწევდა. მიუხედავად წლის ბოლოს ექსპორტის ზრდის ტენდენციისა, 2020 წელს რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებაა 11.2%-ითაა შემცირებული, რაც თებერვალ-ივნისში არსებულ კლებას უკავშირდება. თუმცა, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 32.3%-ით შემცირდა, რაც რეგიონის ქვეყნებთან ყველაზე დიდი კლების ნიშნულია. რუსეთში საექსპორტო საქონელი ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციაა.

2020 წლის მეორე ნახევრიდან ექსპორტის დადებითი დინამიკით არამარტო რუსეთი, არამედ ბულგარეთიც გამოირჩევა, სადაც ადგილობრივთან ერთად სპილენძის მანდების რეექსპორტი ხორციელდება. გასულ წელს საქართველოდან ბულგარეთში საქონელი და მომსახურების ექსპორტი 10.0%-ით გაიზარდა, რაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. კერძოდ, გასულ თვეს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 12.2%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში, საქართველოდან ექსპორტის ზრდის კუთხით რეგიონის ქვეყნებიდან ბულგარეთი გამონაკლისი არ არის, რადგან ექსპორტის ზრდაა უზბეკეთი (29.2%), ბელარუსი (26.4%) და თურქეთის (7.9%) შემთხვევაში. ეს უკანასკნელი კი საქართველოს ექსპორტში წილიდან გამომდინარე აღსანიშნავია, სადაც ძირითადი საექსპორტო საქონელი ნაქსოვი ტანსაცმელი, ფეროშენადნობები და ჯართია. თურქეთი კი რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გასულ წელს ეკონომიკა არ შემცირებულა, ხოლო წლის ბოლოდან ეროვნული ვალუტა - ლირა სტაბილურად მყარდება, რასაც საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე დადებითი გავლენა გააჩნია.

გრაფიკი 5: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ზემოთ ხსენებული ქვეყნებისა, იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგიონის სხვა სავაჭრო პარტნიორებთანაც ექსპორტის შემცირების ნიშნული თვალსაჩინოა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ექსპორტი უკრაინა (19.9%), ყაზახეთი (32.7%), და ბელარუსში (11.1%) შემცირდა.

მიმოხილვის შეჯამება

საქართველო ისტორიულად ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს, ხოლო ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია. თუმცა, პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები საგარეო ვაჭრობაზე მძიმედ აისახა. საქართველოს სავაჭრო რეგიონი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის არასტაბილურობით გამოირჩევა, რასაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა გააჩნია და საგარეო ვაჭრობის კუთხით უარყოფითად აისახება. გასულ წელს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა არამხოლოდ ‘დიდმა ჩაკეტვამ’, არამედ ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამაც იქონია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კავკასიაში შეიქმნა, რადგან ხსენებულ ფაქტორებს სომხეთ-აზერბაიჯანის ომიც დაემატა. ამდენად, გასული წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რაც მათ სავაჭრო მაჩვენებლებზეც მკაფიოდ აისახა. არც მიმდინარე წელი დაიწყო პოზიტიურად, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მთავრობებმა შეზღუდვები გაამკაცრეს, რასაც საქართველოსა და სომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისიც ემატება.

საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 12.9%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ამავე პერიოდში, იმპორტი უფრო მეტით შემცირდა. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოში 13.9%-ით ნაკლები ღირებულების საქონელი და მომსახურების იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარში საქართველოდან ექსპორტი 16.2%-ით, ხოლო იმპორტი 16.6%-ით შემცირდა.