მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი: თებერვლის საგარეო ვაჭრობის დინამიკა

606c13dd24b8a
ეგნატე შამუგია
06.04.21 20:00
1121
ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი
 
საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. წმინდა ექსპორტის წვლილი წინა წლების ზრდაშიც თვალსაჩინო იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის ტემპი დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. 2020 წელს პანდემიის გამო დაწესებული დიდი ჩაკეტვა კი საგარეო ვაჭრობაზე დრამატულად აისახა, რომლის უარყოფითი წვლილი 2020 წლის პირველი სამი კვარტლის ეკონომიკის კლებაში თვალსაჩინოა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წმინდა ექსპორტის წვლილმა -7.1 პ.პ. შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში კი - 7.8 პ.პ. , როცა ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. გასული წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის 5.5%-იანი კლება იყო, სადაც წმინდა ექსპორტს 16.9 პ.პ.-იანი კონტრიბუცია გააჩნდა. თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან რეგიონიდან საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ეკონომიკის დაახლოებით ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს. 

გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდა, დანახარჯების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი

2020 წლის პირველ კვარტალში ნავთობის ფასების მყისიერმა ვარდნამ საქართველოს ექსპორტის ზრდის ტემპზე უარყოფითი მოლოდინები შექმნა, რასაც მალევე ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) პანდემია და მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები დაემატა, თუმცა გასული წლის მეორე კვარტლიდან ნავთობის ფასები ოდნავ გაიზარდა, ხოლო მთავრობებმა შეზღუდვები ნაწილობრივ მოხსნეს, რაც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახა, მაგრამ ეს დროებითი აღმოჩნდა, ვინაიდან შემოდგომიდან საქართველომ და მათ შორის, რეგიონის სხვა ქვეყნებმა შეზღუდვების მასშტაბების გაფართოება დაიწყეს. შეზღუდვების მოქმედება კი მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალშიც გაგრძელდა, რაც ეკონომიკური აქტივობის მკვეთ შემცირებაში აისახა. თუკი ინავარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა, თებერვალში შეზღუდვების შედარებით შემსუბუქების პირობებში კლების ნიშნული - 5.1% იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასების კუთხით მდგომარეობა ჯერ კიდევ ზაფხულში გამოსწორდა, ადრეულ შემოდგომაზე პანდემიით გამოწვეულ კრიზისს, კავკასიის რეგიონში სომხეთ-აზერბაიჯანის ომი დაემატა, რაც 47 დღე გაგრძელდა. ცხადია, ომს ყველა ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა იქონია, მაგრამ განსაკუთრებით მძიმე სომხეთისთვის აღმოჩნდა. სომხეთისთვის იმის მძიმე შედეგებს მალევე პოლიტიკური კრიზისი და არასტაბილურობა დაემატა. ამ მხრივ, საქართველოც გამოირჩევა. შედეგად, მიმდინარე წელი ორივე ქვეყნისთვის პოლიტიკური არასტაბილურობით დაიწყო, მაგრამ სომხეთში სტაბილიზაციისა და კრიზისი განმუხტვისკენ რიგი ნაბიჯები გადაიდგა, რომლის პერსპექტივა საქართველო შემთხვევაში ჯერ არ ჩანს.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია, სადაც 2020 წლის მიხედვით, ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 59.2%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 49.2%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის კალათა ქვეყნების მიხედვით სახეცვლილია. რაც შეეხება საქონლის სახეების მიხედვით, ამ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 26.7%-ს შეადგენს. სპილენძის მადნების საექსპორტო ქვეყანა კი ბულგარეთია, რომლის რეექსპორტი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ხორციელდება. გარდა ამ ქვეყნისა, რეექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილების, რაც 2020 წელს არსებითად შემცირდა. რეექსპორტის გარეშე, ამ ორ ქვეყანაში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 16.4% მსხვილფეხა პირუტყვია. სომხეთში კი, ძირითადად აზოტოვანი სასუქებია (8.8%).

გრაფიკი 2: საქართველოს სავაჭრო პარტნიორების წილი მთლიან ექსპორტ-იმპორტში, 2020 წლის მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც აღვნიშნეთ, გასულ წელს საექსპორტო ქვეყნების წილი შეიცვალა. 2020 წლის მიხედვით, რეგიონიდან სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, რუსეთი და ბულგარეთია. ამ ქვეყნების მთლიანი ექსპორტის 1/3 -ზე მეტი უჭირავს, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო კი - თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.8%-ია. თურქეთიდან იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ.ენერგიას.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნიდან აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უკავია. თავი მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90.0%-ს აღემატება. გასულ წელს აზერბაიჯანის ექსპორტი 11.5% -ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი - 36.2%-ით. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანის ექსპორტი 9.1%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის 12.9%-იანი კლებაა. მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია, რომელიც თავისი საქონლის და მომსახურების ექსპორტს ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიასა (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს. მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია, თუმცა აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. გასულ წელს კი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის შემთხვევაშიც იქონია. 2020 წელს რუსეთის ექსპორტი 21.0%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 5.8%-ით. ექსპორტის შემცირებაში არსებითი გავლენა ენერგო პროდუქტებზე შემცირებულმა მოთხოვნამ იქონია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, ინავარში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, რუსეთის ექსპორტი 13.7%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტის 1.8%-იანი ზრდაა.

ცხრილი 1: საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების 2020/21 წლების სავაჭრო მაჩვენებლები, რეგიონი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მესამე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია. ბულგარეთმა საექსპორტო კალათაში ეს პოზიცია სწორედ 2020 წელს, საქართველოდან სპილენძის მადნების ექსპორტის ზრდის შედეგად მოიპოვა. ეს უკანასკნელი კი ბულგარეთში მთლიანი ექსპორტის 83.7%-ს შეადგენს. თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. გარდა ევროკავშირისა, ბულგარეთის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს. გასულ წელს ბულგარეთის ექსპორტი, 2019 წელთან შედარებით, 6.9%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, იმპორტის უფრო მეტი, 9.6%-იანი კლება იყო. ინავარში კი ბულგარეთის ექსპორტი 6.1%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტის 6.8%-იანი კლებაა. რეგიონიდან საქართველოს რიგით მეოთხე საექსპორტო ქვეყანის უკრაინის სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%) და გერმანიაა (4.7%). 2020 წელს კი უკრაინის ექსპორტი 1.7%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 11.0%-ით ნაკლებია [მხოლოდ საქონელი]. მიმდინარე წელის ინავარის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 5.5%-ითაა შემცირებული, ხოლო ამ პერიოდში იმპორტის 5.2%-იანი კლებაა.

რეგიონის ქვეყნებიდან რიგით მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია. თავად ამ ქვეყნისთვის კი ძირითადი საექსპორტო ეკონომიკები გერმანია (9.4%), დიდი ბრიტანეთი (6.8%), იტალია (5.7%) და ერაყია (4.7%). რეგიონიდან თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა 2020 წელს არ შემცირებულა. ამ ფონზე კი, 2020 წელს ექსპორტი 6.3%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 4.3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის ინავარში ამ ქვეყნის ექსპორტის 2.3%-იანი ზრდა იყო, ხოლო იმპორტის 5.9%-იანი კლება, თუმცა იანვარ-თებერვლის მდგომარეობით, სავაჭრო მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესებულია. აღნიშნულ პერიოდში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თურქეთის ექსპორტი 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი კი 1.4%-ით. რეგიონიდან საქართველოს რიგით მეექვსე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. გასულ წელს სომხეთის ექსპორტი 3.9%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 17.7%-ით. მიმდინარე წლის ინავარ-თებერვალში კი ექსპორტის 5.5%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო იმპორტის კი - 15.8%-იანი. ეს კი იანვართან შედარებით, სავაჭრო მაჩვენებლების გაუმჯობესებაა.

საერთო ჯამში, გასულ წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებიდან საქართველოს ათი უმსხვილესი პარტნიორი ეკონომიკების სავაჭრო მაჩვენებლების კლებაა. მათ შორის, იმპორტის მხრივ ყველაზე მაღალი კლება რუსეთშია, ხოლო ყველაზე დაბალი კი - სომხეთში. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტით აზერბაიჯანის იმპორტი შემცირდა, რაც საქართველოდან ამ უკანასკნელში ექსპორტზეც აისახა და ყველაზე უკეთესი მდგომარეობა კი თურქეთშია, სადაც იმპორტი არა თუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. აქვე აღსანიშნავია, რომ მდგომარეობა მიმდინარე წლის იანვარში არ გაუმჯობესებულა, რაც ამავე პერიოდში შეზღუდვების გამკაცრებას უკავშირდება, თუმცა თებერვალში რიგ ქვეყნებში შეზღუდვების შემსუბუქება დადებითად აისახა მათ სავაჭრო მაჩვენებლებზე. იანვარ-თებერვალში ექსპორტ-იმპორტი არსებითად გაუმჯობესდა თურქეთის შემთხვევაში და აღნიშულ პერიოდში ორივე - ექსპორტის და იმპორტის ზრდაა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

გასული წლის იანვარ-დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 13.7%-ით შემცირდა, რაც იანვარ-ნოემბერში 12.0%-იანი კლება იყო. გასული წლის ბოლოს სავაჭრო ბრუნვის გაუარესება კი ქვეყნის ხელახალ ჩაკეტვას უკავშირდება, რაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. 2021 წლის იანვარში, წინ წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 16.5%-ით შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში იმპორტი უფრო მეტით შემცირდა, ვიდრე ექსპორტი. კერძოდ, იანვარში იმპორტი 16.6%-ითაა შემცირებული, ხოლო ექსპორტი კი - 16.2%-ით. საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების კლება თებერვალშიც გაგრძელდა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 12.0%-ითაა შემცირებული, სადაც იმპორტის 14.1%-იანი კლებაა, ხოლო ექსპორტის 6.8%. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი სავაჭრო ბრუნვის 4.7%-იანი ზრდა იყო. მათ შორის, გასულ წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტი 5.3%-ით და იმპორტი 4.5%-ით იყო გაზრდილი.

გრაფიკი 3: საქართველოს სავაჭრო ბალანსი, თვეების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იანვარში ექსპორტის შემცირება, მისი მოცულობიდან გამომდინარე, ყველა თვალსაჩინო აზერბაიჯანი, სომხეთი და ბულგარეთშია. სამივე ქვეყანასთან ექსპორტის შემცირება რეექსპორტის კლებას უკავშირდება. აზერბაიჯანსა და სომხეთში კი ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებას. საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება თებერვალში 33.4%-ით შემცირდა, რაც ინავარში 24.4%-ით იყო შემცირებული. 2020 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტის 13.2%-იანი კლება იყო. გასულ წელს აზერბაიჯანში ექსპორტის კლება ძირითადად მეორე და მეოთხე კვარტლებს უკავშირდება, როცა ექსპორტირებული საქონელი და მომსახურება ყველაზე მეტით მცირდებოდა. გაცილებით უარესი მდგომარეობაა სომხეთის შემთხვევაში, სადაც ექსპორტის ღირებულება 2020 წელს ყოველთვე საშუალოდ 52.2%-ით მცირდებოდა, ხოლო ერთ წელიწადში 56.6%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარში კი საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25.1%-ით ნაკლებია. თებერვალში კი, სომხეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება, წინა წლის ამავე თვესთან შედარებით, 28.7%-ითაა შემცირებული. მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის შემცირება დიდწილად სომხეთის ეკონომიკურ მდგომარეობითაა გამოწვეული, მაგრამ სხვა ფაქტორიც არსებობს. ეს კი სომხეთის მიერ ავტომობილების იმპორტზე საბაჟო წესების და ტარიფების გამკაცრებაა, რაც საქართველოდან ამ უკანასკნელში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე უარყოფითად აისახა.

გრაფიკი 4: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რეგიონის ძირითადი სავაჭრო პარტნიორებიდან რუსეთი ერთ-ერთი გამონაკლისია, სადაც ექსპორტი ჯერ კიდევ აგვისტოდან იზრდებოდა. გასული წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 3.1%-ით გაიზარდ, რაც სექტემბერში 31.0%-ს აღწევდა. მიუხედავად წლის ბოლოს ექსპორტის ზრდის ტენდენციისა, 2020 წელს რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებაა 11.2%-ითაა შემცირებული, რაც თებერვალ-ივნისში არსებულ კლებას უკავშირდება, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 32.3%-ით შემცირდა, რაც ამავე პერიოდში რეგიონის ქვეყნებთან ყველაზე დიდი კლების ნიშნული იყო, თუმცა თებერვალში მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდა, რადგან თურქეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 78.6%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. შესაბამისად, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში რუსეთში ექსპორტი 17.2%-ით გაზრდილია. ამ ქვეყანაში კი საქართველოდან ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება.

2020 წლის მეორე ნახევრიდან ექსპორტის დადებითი დინამიკით არამარტო რუსეთი, არამედ ბულგარეთიც გამოირჩევა, სადაც ადგილობრივთან ერთად სპილენძის მანდების რეექსპორტი ხორციელდება. გასულ წელს საქართველოდან ბულგარეთში საქონელი და მომსახურების ექსპორტი 10.0%-ით გაიზარდა, რაც მიმდინარე წლის იანვარშიც გაგრძელდა. კერძოდ, გასულ აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ ანალოგიურ თვესთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 12.2%-ით გაიზარდა, თუმცა თებერვალში ექსპორტის 65.5%-იანი კლებაა. ბულგარეთის მსგავსი სურათია რუმინეთის შემთხვევაშიც, სადაც ექსპორტის ძირითადი ნაწილი მადნების რეექსპორტია. თუკი მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტის 29.2%-იანი ზრდა იყო, თებერვალში საქართველოდან რუმინეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 9.1%-ითაა შემცირებული.

გრაფიკი 5: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა რუსეთისა, თებერვალში საქართველოდან ექსპორტი რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გაიზარდა და იანვართან შედარებით უფრო მაღალი ნიშნულით. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თურქეთში ექსპორტის ღირებულება 25.3%-ითაა გაზრდილი. კერძოდ, ინავარში ექსპორტის 7.9%-იანი ზრდა იყო, ხოლო თებერვალში კი ეს ნიშნული 46.6%-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თურქეთის ეკონომიკა არ შემცირებულა, პირიქით, 1.8%-ით გაიზრდა, რითაც რეგიონში გამორჩეულია. გასულ წელს კი თურქეთში ექსპორტი 5.8%-ით გაიზარდა, სადაც ძირითადი საექსპორტო საქონელი ნაქსოვი ტანსაცმელი, ფეროშენადნობები და ჯართია. თურქეთისა და რუსეთის მსგავსად, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტი გაზრდილია რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. ასეთი კი უკრაინა (25.8%), ბელარუსი (57.7%) და უზბეკეთია (38.3%).

მიმოხილვის შეჯამება

საქართველო ისტორიულად ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს, ხოლო ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია, თუმცა პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები საგარეო ვაჭრობაზეც მძიმედ აისახა. საქართველოს სავაჭრო რეგიონი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის არასტაბილურობით გამოირჩევა, რასაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითი გავლენა გააჩნია და საგარეო ვაჭრობის კუთხით უარყოფითად აისახება. გასულ წელს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა არამხოლოდ "დიდმა ჩაკეტვამ", არამედ ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამაც იქონია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კავკასიაში შეიქმნა, რადგან ხსენებულ ფაქტორებს სომხეთ-აზერბაიჯანის ომიც დაემატა. ამდენად, გასული წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რაც მათ სავაჭრო მაჩვენებლებზეც მკაფიოდ აისახა. არც მიმდინარე წელი დაიწყო პოზიტიურად, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მთავრობებმა შეზღუდვები გაამკაცრეს, რასაც საქართველოსა და სომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისიც ემატება.

საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 12.9%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ამავე პერიოდში, იმპორტი უფრო მეტით შემცირდა. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოში 13.9%-ით ნაკლები ღირებულების საქონელი და მომსახურების იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტი - 6.8%-ით, ხოლო იმპორტი 14.1%-ით შემცირდა. აღნიშნული მაჩვენებლები იანვარში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 16.2% და 16.6%-ებით ნაკლები იყო. მსგავსად, მთლიანად ეკონომიკის აღდგენისა, საგარეო ვაჭრობის აღდგენაც ვაქცინაციის პროცესზეა დამოკიდებული, რომელიც რეგიონში უკვე დაწყებულია, მაგრამ შედარებით დაბალი ტემპით, ვიდრე ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია.