მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო და რეგიონი: ტურიზმის დანაკარგი და სამთავრობო დახმარება

5f68deb6cb19d
ეგნატე შამუგია
21.09.20 21:10
2145
კორონავირუსის პანდემია ყველა ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა, მაგრამ ცალკე უნდა გამოიყოს ქვეყნები, რომელთა ეკონომიკებშიც ტურიზმს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. UNWTO-ს შეფასებით, გლობალურად საერთაშორისო ტურიზმი 65%-ით შემცირდა, შესაბამისად, შემცირდა ტურიზმზე დამოკიდებული სექტორების ბრუნვაც, სადაც განსაკუთრებით თვალსაჩინო სარესტორნო, სასტუმრო, ტრანსპორტის, გართობის და სხვა სექტორების დანაკარგებია. 

ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო შემოსავლიან ქვეყნებს შორის, ეკონომიკაში ტურიზმის წილით საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, სადაც ამ სფეროს პირდაპირი და არაპირდაპირი კონტრიბუცია 26.4%-ია. გარდა საქართველოსი, რეგიონში ადრიატიკის ზღვისპირა ქვეყნებიც - მონტენეგრო, ხორვატია და ალბანეთი ტურისტული კუთხით გამოირჩევა, რადგან ამ ქვეყნების ეკონომიკაში ტურიზმის სექტორის წილი საკმაოდ მაღალია.

გრაფიკი1: ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაში ტურიზმის წვლილი, 2019 წელი (%)

 
წყარო: მსოფლიო ბანკის გამოთვები

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების და ამ უკანასკნელის მიერ ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანის შესამსუბუქებლად, მთავრობებმა რიგი ფისკალური და მონეტარული ღონისძიებები გაატარეს. მაგალითად, ძირითადად ასეთი ღონისძიებები სოციალური ტრანსფერების ზრდას, სექტორების სუბსიდირებას, გადასახადების გადავადებას და მსგავს პოლიტიკებს მოიცავს. მსგავსი ღონისძიებები გატარდა და ტარდება რეგიონის ქვეყნებშიც.

კერძოდ, საქართველოს შემთხვევაში ტურიზმის სფეროს კომპანიებს მიმდინარე წლის ნოემბრამდე ქონებისა და მოგების გადასახადი გადაუვადდათ. მცირე ზომის სასტუმროებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის სუბსიდიები გაიცა, მოგვიანებით კი, სასტუმროები და ტურისტული სააგენტოები 2020 წელს ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ და საშემოსავლო გადასახადი მიმდინარე წლის ბოლომდე გადავადდა.

გარდა ამისა, ზოგიერთი სასტუმროსგან მთავრობამ საკარანტინე ზონებისთვის მომსახურება შეისყიდა, რაც მათი ირიბი სუბსიდირებაა. შედარებით განსხვავებული იყო თურქეთის მიერ გატარებულ ღონისძიებები, რაც უფრო მეტად გადასახადების შემცირებისკენაა მიმართული. კერძოდ, ადგილობრივ ავიაკომპანიებს სამი თვით, 18%-დან 1%-მდე შეუმცირდათ დღგ-ის გადასახადის განაკვეთი. ხოლო, საცხოვრებლის გადასახადი მომდევნო წლის იანვრამდე შეჩერდა. ამასთან, გაიზარდა სოციალური დახმარების და პენსიების ოდენობა. საქართველოს მეორე მეზობელ სომხეთში კი, პოტენციური დანაკარგების შესამცირებლად შეიქმნა „ფინანსური ბუფერები“, რაც კრედიტების თანადაფინანსებას, რეფინანსირებას და საპროცენტო განაკვეთების სუბსიდირებას გულისხმობს. ამით სარგებლობა კი, კარგი საკრედიტო და საგადასახადო ისტორიის მქონე ეკონომიკური აგენტებს შეუძლიათ. თავის მხრივ, სომხეთის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები ძირითადად სოფლის მეურნეობისკენაა მიმართული, ხოლო ტურიზმის სექტორის კუთხით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის შეღავათიანი კრედიტების პროგრამა შემუშავდა, რაც პირველ ორ წელიწადში ნულოვან საპროცენტო განაკვეთს გულისხმობს.

ცხრილი1: საერთაშორისო ვიზიტორები რაოდენობა, თვეების მიხედვით (ათასი ვიზიტორი) 

წყარო: გაეროს ტურიზმის ორგანიზაცია

ადრიატიკის ზღვისპირა ქვეყნებშიც, დაახლოებით, მსგავსი ღონისძიებები გატარდა. მონტენეგროში ყველა მოქალაქის საკრედიტო ვალდებულება სამი თვით გადავადდა. ასეთივე პოლიტიკა გაატარა ალბანეთმაც, სადაც გადასახადების გადავადება შემოსავლის მიხედვით, კატეგორიებს შეეხო. ხორვატიაში კი, საშეღავათო პერიოდი სესხებზე დაწესდა. მეორე მხრივ, სამივე ქვეყანაში სოციალური ტრანსფერები გაიცა. ალბანეთში ფინანსური დახმარება ტურიზმის სექტორში დასაქმებულმა 10 ათასმა პირმა, 400 აშშ დოლარის ოდენობით მიიღო, ხოლო ბიზნესებმა კი - საპროცენტო განაკვეთების სუბსიდია. მსგავსი სუბსიდიები მონტენეგროს მთავრობამაც გასცა, რომელიც უფრო მეტად კომპანიების მიერ დასაქმებულთა შენარჩუნების სტიმულირებისკენ იყო მიმართული. არსებულ სესხებზე შეღავათის დაწესება ხორვატიაშიც მოხდა, სადაც, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი ფინანსური ინსტრუმენტი - შეღავათიანი სესხების პროგრამა ამოქმედდა, რაც დაბალ საპროცენტო განაკვეთს და გარანტიებს გულისხმობს. ეს კი ტურიზმის სექტორს მოიცავს. ტურიზმის კუთხით გატარებული ღონისძიებების ნაწილია გადასახადების და მოსაკრებლების გადავადება. გარდა ამისა, ხორვატიის შემთხვევაში კრიზისული პერიოდის დახმარება სექტორის მარეგულირებელი ნორმების გამარტივებასაც მოიცავდა. ამდენად, სამივე ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, დაახლოებით, მსგავსია.

უშუალოდ პანდემია, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, გლობალურად საერთაშორისო ვიზიტორების 65%-იან შემცირებაში აისახა, რაც დაახლოებით, 460 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის შემოსავლების დანაკარგია. რეგიონის ტურისტული ქვეყნებში კი, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, დაახლოებით, 76.2%-ით შემცირდა, სადაც ყველაზე დიდი კლება მონტენეგროშია. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 85.1%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-ივლისში ამ ქვეყანაში ჩასულთა რაოდენობამ 93.0 ათასი ვიზიტორი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 623.0 ათასი იყო. მნიშვნელოვანად შემცირდა თურქეთის ვიზიტორთა რაოდენობა - 77.9%-ით. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში მათმა რაოდენობამ 5 400.0 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში, საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 888.6 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 2 698.0 ათასი ვიზიტორი იყო.

ამდენად, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 67.2%-იანი კლებაა, თუმცა მომდევნო თვეების მონაცემებით, ეს მაჩვენებელი გაზრდილი იქნება, რადგან საერთაშორისო ვიზიტორების პიკი აგვისტოშია. აღნიშნულ პერიოდში კი საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვები კვლავ არსებობდა. აგვისტო არამარტო საქართველოსთვის, არამედ ზემოთ ხსენებული ქვეყნებისთვის ტურისტული ნაკადების რაოდენობით გამორჩეული პერიოდია. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ 9 თვეში რეგიონის ქვეყნებში საერთაშორისო ვიზიტორები გაცილებით მეტად შემცირდება.