12.ივლისი .2021 09:40

საქართველო და რეგიონი: ვაჭრობის დინამიკა - მაისი

საქართველო და რეგიონი: ვაჭრობის დინამიკა - მაისი
views 374
უკან


ეკონომიკურ ზრდაში საგარეო ვაჭრობის როლი
 
საქართველოს ეკონომიკური ზრდის კომპონენტში საგარეო ვაჭრობას - წმინდა ექსპორტს - თვალსაჩინო წვლილი გააჩნია, რაც ღია ეკონომიკისთვის დამახასიათებელია. პანდემიამდე, 2019 წელს სა ქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, სადაც 1.4 პ.პ. წმინდა ექსპორტის კონტრიბუციაა. წმინდა ექსპორტის წვლილი წინა წლების ზრდაშიც თვალსაჩინო იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის ტემპი დიდწილად სავაჭრო პარტნიორებში არსებულ მდგომარეობითაა განპირობებული. თუ საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება იზრდება და მათი ვალუტა მყარდება, ეს საქართველოდან ექსპორტის ზრდაზე დადებითად აისახება. 2020 წელს პანდემიის გამო დაწესებული დიდი ჩაკეტვა კი საგარეო ვაჭრობაზე დრამატულად აისახა, რომლის უარყოფითი წვლილი გასული წლის კლებაში თვალსაჩინოა. 2020 წლის პირველ კვარტალში წმინდა ექსპორტის წვლილმა -7.1 პ.პ. შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში კი - 7.8 პ.პ. , როცა ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. გასული წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის 5.5%-იანი კლება იყო, სადაც წმინდა ექსპორტს 16.9 პ.პ.-იანი კონტრიბუცია გააჩნდა. რაც შეეხება 2020 წლის ბოლო კვარტალს, ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, სადაც წმინდა ექსპორტის წვლილი 5.6 პ.პ. იყო.

გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდა, დანახარჯების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ეროვნული ბანკი

თავის მხრივ, საქართველოს საექსპორტო ქვეყნებში ადგილობრივი მოხმარება და ვალუტის სტაბილურობა ნავთობის ფასს უკავშირდება, რადგან რეგიონიდან საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ეკონომიკის დაახლოებით ½ ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას უჭირავს. ევროპის ქვეყნებში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებიდან გამომდინარე ნავთობპროდუქტების ფასები და მოხმარება გაზრდილია, რაც რეგიონზე დადებითად აისახება. მიმდინარე წლისთვის, მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის 6.0%-იანი ზრდაა ნავარაუდევი. ხოლო, პირველ კვარტალში კი ეკონომიკა 4.5%-ით შემცირდა. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ექსპორტის 9.3%-იანი და იმპორტის 4.3%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.

რეგიონის სავაჭრო პარტნიორები და მათი პარტნიორები

ექსპორტის მიხედვით, საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე რეგიონის ქვეყნებია, სადაც, 2020 წლის მონაცემებით, ათი ძირითადი საექსპორტო ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში 59.2%-ია, ხოლო მათგან იმპორტი კი - 49.2%. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის კალათა ქვეყნების მიხედვით სახეცვლილია. რაც შეეხება საქონლის სახეების მიხედვით, ამ ქვეყნებში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები, ფეროშენადნობები, ღვინო და მინერალური წყლებია. საექსპორტო საქონლიდან ღვინის და მინერალური წყლების ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდება, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 26.7%-ს შეადგენს. სპილენძის მადნების საექსპორტო ქვეყანა კი ბულგარეთია, რომლის რეექსპორტი ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ხორციელდება. გარდა ამ ქვეყნისა, რეექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილების, რაც 2020 წელს არსებითად შემცირდა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირება მხოლოდ ეკონომიკურ კრიზისს არ უკავშირდება, რადგან სომხეთმა გასული წლის დასაწყისიდან ევროპიდან და ამერიკიდან ავტომანქანების იმპორტზე ტარიფები გაზარდა, რაც საქართველოდან ამ უკანასკნელის რეექსპორტზე უარყოფითად აისახა. რეექსპორტის გარეშე, ამ ორ ქვეყანაში საქართველოს საექსპორტო საქონელი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანში ექსპორტის 16.4% მსხვილფეხა პირუტყვია. სომხეთში კი ძირითადად აზოტოვანი სასუქებია (8.8%).

გრაფიკი 2: საქართველოს სავაჭრო პარტნიორების წილი მთლიან ექსპორტ-იმპორტში, 2020 წლის მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც აღვნიშნეთ, გასულ წელს საექსპორტო ქვეყნების წილი შეიცვალა. 2020 წლის მიხედვით, რეგიონიდან სამი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა აზერბაიჯანი, რუსეთი და ბულგარეთია. ამ ქვეყნების მთლიანი ექსპორტის 1/3 -ზე მეტი უჭირავს, ხოლო უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნები კი - თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია. აღნიშნული ქვეყნების წილი მთლიან იმპორტში 34.8%-ია. თურქეთიდან იმპორტი ძირითადად სურსათს უკავშირდება, ხოლო რუსეთისა და აზერბაიჯანის შემთხვევაში ნავთობპროდუქტებს და ელ. ენერგიას.

საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის აზერბაიჯანის ნომერ პირველი პარტნიორი ქვეყანა იტალიაა, რომელსაც მთლიანი ექსპორტის 30.2% უკავია. თავის მხრივ, აზერბაიჯანის ძირითადი საექსპორტო საქონელი სწორედ ნედლი ნავთობია, რაც ევროპის ქვეყნებში გააქვს და მთლიანი ექსპორტის 90%-ს აღემატება. გასულ წელს აზერბაიჯანის ექსპორტი 11.5% -ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი - 36.2%-ით. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანის ექსპორტი 25.1%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის 4.3%-იანი ზრდაა. ეს კი იანვარ-აპრილთან შედარებით, ექსპორტის მხრივ არსებითად გაუმჯობესებული შედეგია, რადგან ამ პერიოდში ექსპორტი 10.8%-ით იყო გაზრდილი, ხოლო იმპორტი კი - 4.1%-ით შემცირებული. მეორე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა საქართველოსთვის რუსეთია, რომელიც თავისი საქონლის და მომსახურების ექსპორტს ჩინეთში (13.4%), ჰოლანდიაში (10.6%), გერმანიასა (6.6%) და თურქეთში (5.0%) ახორციელებს. მსგავსად აზერბაიჯანისა, ამ უკანასკნელის ძირითადი საექსპორტო საქონელი ნავთობი და გაზია. თუმცა, აღნიშნულ საქონელთან ერთად რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორიცაა. გასულ წელს კი ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე მნიშვნელოვანი გავლენა ნავთობის ფასების ვარდნამ რუსეთის შემთხვევაშიც იქონია. 2020 წელს რუსეთის ექსპორტი 21.0%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი - 5.8%-ით. ექსპორტის შემცირებაში არსებითი გავლენა ენერგო პროდუქტებზე შემცირებულმა მოთხოვნამ იქონია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში რუსეთის ექსპორტი 12.6%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 22.6%-ით, რაც წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან იანვარ-მარტში, ექსპორტის მხოლოდ 2.8%-იანი ზრდა იყო, ხოლო იმპორტი - 14.2%-იან ნიშნულს აღწევდა.

ცხრილი 1: საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების 2020/21 წლების სავაჭრო მაჩვენებლები, რეგიონი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები; ავტორის გამოთვლები

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მესამე საექსპორტო ქვეყანა ბულგარეთია, რომელთანაც სავაჭრო სალდო დადებითია. ბულგარეთმა საექსპორტო კალათაში ეს პოზიცია სწორედ 2020 წელს, საქართველოდან სპილენძის მადნების რეექსპორტის ზრდის შედეგად მოიპოვა. ეს უკანასკნელი კი ბულგარეთში მთლიანი ექსპორტის 83.7%-ს შეადგენს. აღნიშნული პროდუქციის საქართველოში იმპორტი ძირითადად სომხეთიდან ხორციელდება და შემდეგ ბულგარეთში რეექსპორტირდება. თავი მხრივ, ბულგარეთის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ევროკავშირის წევრებია. გარდა, ევროკავშირისა, ბულგარეთის მთლიან ექსპორტში თურქეთი 7.2%-იან წილს იკავებს. გასულ წელს ბულგარეთის ექსპორტი, 2019 წელთან შედარებით, 6.9%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში, იმპორტის უფრო მეტი, 9.6%-იანი კლება იყო. 2021 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის 16.6%-იანი ზრდაა, ხოლო იმპორტის 18.2%-იანი. ხოლო, რიგით მეოთხე საექსპორტო ქვეყანა უკრაინის სავაჭრო პარტნიორები კი რუსეთი (7.7%), პოლონეთი (6.9%), იტალია (5.6%), თურქეთი (5.0%) და გერმანიაა (4.7%). 2020 წელს კი უკრაინის ექსპორტი 1.7%-ითაა შემცირებული, ხოლო იმპორტი კი - 11.0%-ით ნაკლებია [მხოლოდ საქონელი]. მიმდინარე წელს უკრაინის სავაჭრო მაჩვენებლები შედარებით უკეთ გამოიყურება, რადგან იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი 18.8%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტის ზრდამ 20.3% შეადგინა.

რეგიონის ქვეყნებიდან რიგით მეხუთე უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა თურქეთია. თავად ამ ქვეყნისთვის კი ძირითადი საექსპორტო ეკონომიკები გერმანია (9.4%), დიდი ბრიტანეთი (6.8%), იტალია (5.7%) და ერაყია (4.7%). რეგიონიდან თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის ეკონომიკა 2020 წელს არ შემცირებულა. ამ ფონზე კი, 2020 წელს ექსპორტი 6.3%-ით შემცირდა, იმპორტი კი - 4.3%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს თურქეთის ეკონომიკა 1.8%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში კი თურქეთიდან ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 38.3%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი - 25.2%-ით. რეგიონიდან საქართველოს რიგით მეექვსე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის - სომხეთის უმსხვილესი საექსპორტო ეკონომიკები რუსეთი (27.2%), შვეიცარია (17.5%), ბულგარეთი (7.9%), ჩინეთი (7.4%) და ერაყია (6.8%). ამ ქვეყნებში სომხეთის მიერ ძირითადად სპილენძის, ფეროშენადნობების და ოქროს ექსპორტი ხდება, რაც მისი ექსპორტის 43.3%-ს იკავებს. გასულ წელს სომხეთის ექსპორტი 3.9%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი კი - 17.7%-ით. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი ექსპორტის 16.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო იმპორტის კი - 2.2%-იანი. რაც შეეხება იანვარ-მაისს, ამ პერიოდში სომხეთის ექსპორტი 20.8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი კი - 6.7%-ით.

საერთო ჯამში, 2020 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებიდან საქართველოს ათი უმსხვილესი პარტნიორი ეკონომიკების სავაჭრო მაჩვენებლების კლებაა. მათ შორის, იმპორტის მხრივ ყველაზე მაღალი კლება რუსეთშია, ხოლო ყველაზე დაბალი - სომხეთში. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტით აზერბაიჯანის იმპორტი შემცირდა, რაც საქართველოდან ამ უკანასკნელში ექსპორტზეც აისახა და ყველაზე უკეთესი მდგომარეობა კი თურქეთშია, სადაც იმპორტი არა თუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. თუმცა, მიმდინარე წლიდან ყველა ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია, რაც დიდწილად მარტი-მაისის პერიოდს უკავშირდება. აღნიშნულ პერიოდში სავაჭრო მაჩვენებლების ზრდა კი საბაზისო ეფექტითაა განპირობებული. კერძოდ, გასული წლის ამ დროს რიგ ქვეყნებში შეზღუდვები დაწესებული იყო და ეკონომიკური აქტივობა შემცირებული. შესაბამისად, 2020 წლის მარტ-მაისში სავაჭრო მაჩვენებლებიც შემცირებული იყო.

საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ქვეყნები

გასული წლის იანვარ-დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 12.3%-ით შემცირდა, ამ მონაცემმა იანვარ-ნოემბერში 12.0%-იანი კლება აჩვენა. გასული წლის ბოლოს სავაჭრო ბრუნვის გაუარესება კი ქვეყნის ხელახალ ჩაკეტვას უკავშირდება, რაც მიმდინარე წელსაც გაგრძელდა. 2021 წლის იანვარ-მაისში, წინ წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 18.3%-ით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 24.4%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი კი - 15.8%-ით. ეს მაჩვენებლები იანვარ-მაისში არსებითად გაუმჯობესებულია, რაც ნაწილობრივ საბაზისო ეფექტსაც უკავშირდება, რადგან 2020 წელის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის 16.1%-იანი და იმპორტის 16.0%-იანი კლება იყო. თუმცა, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი 0.7%-ით ნაკლებია. აღნიშნული კი იმპორტს უკავშირდება, რადგან ამ პერიოდში იმპორტის 2.8%-იანი კლებაა და ექსპორტის კი პირიქით, 4.3%-იანი ზრდა. შესაბამისად, ექსპორტის ზრდის მიუხედავად ეს ბრუნვის შემცირებაზე აისახა, რადგან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო სალდო გააჩნია და იმპორტი ექსპორტს 2.5-ჯერ აღემატება.

გრაფიკი 3: საქართველოს სავაჭრო ბალანსი, თვეების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იანვარ-მაისში ექსპორტის ზრდა, მისი მოცულობიდან გამომდინარე, ყველაზე თვალსაჩინო თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანში იყო. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 30.5%-ითაა გაზრდილი, რაც 205.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი იანვარ-აპრილში 26.8%, 159.6 მლნ აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება თურქეთს, იანვარ-აპრილში ექსპორტის 65.1%-იანი ზრდა იყო, რამაც 104.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს კი იანვარ-მაისში 133.3 მლნ აშშ დოლარია, რაც ხუთთვიან პერიოდში 63.1%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში, აზერბაიჯანში საქართველოს ექსპორტის ღირებულებამ 195.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.6%-ითაა გაზრდილი. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 152.2 მლნ აშშ დოლარი შეადგენდა.

გარდა ამ სამი ქვეყნისა, ზრდის მაღალი ნიშნული დაფიქსირდა უკრაინაში. კერძოდ, იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტის ღირებულება 158.0%-ითაა გაზრდილი, რაც ძირითადად მაისის ზრდას უკავშირდება, რადგან იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 61.2% იყო. თუკი 2020 წლის პირველ ხუთ თვეში უკრაინაში ექსპორტის ღირებულება 68.0 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 116.9 მლნ აშშ დოლარია. თუმცა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უკრაინაში ექსპორტი მხოლოდ 4.9%-ითაა გაზრდილი. ზრდა კი ძირითადად, არა რეექსპორტს, არამედ ადგილობრივ წარმოებას უკავშირდება. რეექსპორტის მხრივ კი გამორჩეული ბულგარეთია, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ექსპორტის ღირებულება 29.5%-ით შემცირებულია. რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - იანვარ-მაისში საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული საქონელისა და მომსახურების ღირებულებამ 78.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.4%-ით მეტია, ხოლო 2019 წელთან შედარებით კი - 36.8%-ით ნაკლები. აღნიშნული კლება არამხოლოდ „დიდი ჩაკეტვის“ კრიზისს, არამედ სომხეთის მიერ 2020 წლის დასაწყისიდან ავტომობილების იმპორტის კუთხით ბარიერების გამკაცრებას უკავშირდება. თავის მხრივ, საქართველოდან სომხეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ხორციელდებოდა, რაც შესაბამისად, ექსპორტის შემცირებაში აისახა.

გრაფიკი 4: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გარდა ზემოთ აღნიშნული ქვეყნებისა, იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტის ზრდა რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იყო. აღნიშნულ პერიოდში, ბელარუსში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულება 36.8%-ით გაიზარდა, რაც იანვარ-აპრილში 33.0%-ით იყო გაზრდილი. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან ბელარუსში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 19.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, საქართველოდან რუმინეთში ექსპორტის ღირებულება 10.2 მლნ აშშ დოლარის იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33.6%-ითაა შემცირებული. შემცირება კი მაისში ექსპორტის 96.3%-იან კლებას უკავშირდება, რადგან იანვარ-აპრილის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილი იყო.

გრაფიკი 5: საქართველოს ექსპორტი, ქვეყნების მიხედვით (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ფართო რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოს მჭიდრო სავაჭრო კავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებთანაც გააჩნია. მათგან საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის უზბეკეთი და ყაზახეთია. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან უზბეკეთში ექსპორტირებული საქონელისა და მომსახურების ღირებულება 7.8%-ით გაიზარდა, რაც იანვარ-აპრილში 12.5% იყო. ზრდის მაჩვენებლის შემცირება კი მაისში 8.8%-იან კლებას უკავშირდება. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან უზბეკეთში 29.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. უზბეკეთში ძირითადი საექსპორტო საქონელი დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, რომელის ექსპორტი 2021 წლის პირველ კვარტალში 13.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო. იანვარ-მაისში ექსპორტი ყაზახეთშიც გაიზარდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებამ 20.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50.2%-იანი ზრდაა. ყაზახეთში ექსპორტის ზრდა კი გაზაფხულში არსებულ მაღალი ზრდის მაჩვენებლებს უკავშირდება. ამ ქვეყანაში ექსპორტი ადგილობრივი და რეექსპორტია. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ყაზახეთში 3.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა.

მიმოხილვის შეჯამება

საქართველო ისტორიულად ევროპისა და ცენტრალური აზიის მაღალი შემოსავლის არმქონე ქვეყნებთან ვაჭრობს, ხოლო ეკონომიკურ ზრდაში საგარეო მოთხოვნას - წმინდა ექსპორტს მნიშვნელოვანი წვლილი გააჩნია, რაც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შედეგია. თუმცა, პანდემიის გამო მთავრობების მიერ დაწესებული შეზღუდვები საგარეო ვაჭრობაზეც მძიმედ აისახა. საქართველოს სავაჭრო რეგიონი ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის არასტაბილურობით გამოირჩევა, რასაც ეკონომიკურ მდგომარეობაზე არსებითი გავლენა გააჩნია და საგარეო ვაჭრობის კუთხით უარყოფითად აისახება. გასულ წელს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა არამხოლოდ ‘დიდმა ჩაკეტვამ’, არამედ ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამაც იქონია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კავკასიაში შეიქმნა, რადგან ხსენებულ ფაქტორებს სომხეთ-აზერბაიჯანის ომიც დაემატა. ამდენად, გასული წელი რეგიონისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რაც მათ სავაჭრო მაჩვენებლებზეც მკაფიოდ აისახა. არც მიმდინარე წელი დაიწყო პოზიტიურად, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მთავრობებმა შეზღუდვები გაამკაცრეს, რასაც საქართველოსა და სომხეთში არსებული პოლიტიკური კრიზისიც დაემატა. თუმცა, პირველი კვარტლის შემდეგ გლობალურად და მათ შორის, რეგიონში ეპიდსიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, რაც სავაჭრო მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკაში მყისიერად აისახა.

საერთო ჯამში, გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 12.9%-ით ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2019 წელს. ამავე პერიოდში, იმპორტი უფრო მეტით შემცირდა. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 2020 წელს საქართველოში 13.9%-ით ნაკლები ღირებულების საქონელისა და მომსახურების იმპორტი განხორციელდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, იანვარ-მაისში ექსპორტის 24.4%-იანი ზრდაა, ხოლო იმპორტის 15.8%-იანი. აღნიშნული 2021 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით არსებითად გაუმჯობესებულია. კერძოდ, იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 19.6%-ით იყო გაზრდილი, ხოლო იმპორტი კი - 10.5%-ით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების ცვლილების პროცენტული ნიშნულები საბაზისო ეფექტსაც უკავშირდება, რადგან გასული წლის მარტ-მაისში საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები უკვე შემცირებული იყო. რაც შეეხება პანდემიამდე პერიოდს, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ექსპორტის ღირებულება 4.3%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 2.8%-ით შემცირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა